საქართველოს მომავალი ორი პირველი პირის გარეშე - შეფასებები

საქართველოს მომავალი ორი პირველი პირის გარეშე - შეფასებები

გასული კვირის არა, მაგრამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ის გახლავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდიან. ერთი მათგანი დამარცხებული ტოვებს ქვეყნის მართვის სადავეებს, ხოლო მეორე - გამარჯვებული მიდის. გადავწყვიტე, გამერკვია, რას ფიქრობს საზოგადოების ნაწილი, ამ ორი ადამიანის პოლიტიკიდან წასვლაზე. რასაკვირველია, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ექსპერტის აზრია.

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:

- სააკაშვილმა არჩევნები წააგო. შეიძლება ითქვას, რომ მან მორალური მარცხი განიცადა, თუმცა ეს არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობას" მაინცდამაინც დიდი პროცენტით არ წაუგია. 5-10 წლის მერე რას იტყვის ისტორია, ვნახოთ. შესაძლოა, პოლიტიკიდან არცთუ ისე მძიმედ დამარცხებული წავიდა. ეს იმაზეა დამოკიდებული, ამის შემდეგ რას იზამს. თუ ის დროზე უფრო ადრე პოლიტიკაში დაბრუნებას მოისურვებს, შეიძლება ამან ხალხი გააღიზიანოს. მისთვის უკეთესი იქნება, 2-3 წელი მოითმინოს და პოლიტიკაში მერე დაბრუნდეს. მას ალბათ ეს განსაზღვრული აქვს, რადგან მის ასაკში, ბუნებრივია, ადამიანი პოლიტიკიდან არ წავა, მით უმეტეს, რომ მან საკმაოდ ბევრს მიაღწია...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას შეწყალების სანაცვლოდ, როლანდ ახალაია თავის ადგილს უთმობს, ანუ ის ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს გამორიცხული არ არის, რადგან მას მსგავსი რაღაცები ადრეც გაუკეთებია. თქვენ ალბათ გახსოვთ, თბილისში რამდენიმე არჩევნებში მონაწილეობდა. ახლანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამოჩნდა, რომ ზუგდიდში "ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული დასაყრდენი ჰყავს. სააკაშვილს თუ უნდა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა საამისოდ მშვენიერი საშუალება იქნება. მით უფრო, რომ მას დეპუტატის იმუნიტეტი ექნება და ბუნებრივია, მისი დაჭერა და გასამართლება იოლი არ იქნება.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე რა აზრის ხართ, ის ხომ გამარჯვებული მიდის?

- ივანიშვილი მიდის იქამდე, სანამ მას თავს კრიტიკა დაატყდება. ჩვეულებრივი ამბავია, რომ კრიტიკა მისი მისამართით, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იქნება, რადგან "ქართული ოცნება" ძალიან დიდი ეიფორიის ფონზე მოვიდა. მათ არჩევნების წინ არაერთი დაპირება მისცეს ხალხს, რომელთა შესრულებაც არცთუ ისე იოლია და ამას ყველა კარგად ხვდება. ივანიშვილი ისე მიდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს მას უჭერს, ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კარგად გამოჩნდა. როგორც ჩანს, ივანიშვილი საჯარო ცხოვრებამ და პოლიტიკამ დაღალა, რადგან ის ამას მიჩვეული არ იყო. ის ამ წასვლით ორ კურდღელს ერთად დაიჭერს: დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს, რომელიც მას ურჩევნია და იქ უფრო კომფორტულად არის და მეორეც, მიდის მანამდე, სანამ ის კრიტიკის ობიექტი გახდება. საქართველოში დემოკრატიაა და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი მთავრობა ადრე თუ გვიან, კრიტიკის ობიექტი გახდება.

- თქვენი აზრით, ივანიშვილი პოლიტიკაში აღარასდროს დაბრუნდება?

- თუ ის დაინახავს, რომ მისი გუნდი დამარცხების პირასაა, არა მგონია, დაბრუნდეს, რადგან ის ყოველთვის მოგებული უნდა დარჩეს. თანაც, მის ოპონენტს ყოველთვის ექნება სათქმელი, - შენ ხომ უკვე იყავი პოლიტიკაში, საიდანაც შენი ნებით წახვედი და ახლა რატომ უნდა დაბრუნდეო?! მგონი გაუჭირდება დაბრუნება და ის ამას თავადაც კარგად მიხვდება. ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში უკვე სერიოზული როლი ითამაშა, ალბათ დადებითიც, რადგან მისი წყალობით ხელისუფლება მთლიანად შეიცვალა, რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო. ის ამ როლით თუ დაკმაყოფილდება, ისტორიაში მისი სახელი კარგად შევა, მაგრამ თუ დაბრუნებას მოისურვებს, შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოს.

არჩილ საგინაძე, ეკონომისტი:

- თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი დამარცხებულია? მან არჩევნები წააგო, თორემ დამარცხებული როგორ არის, როცა კაცმა ამდენი ფული იშოვა? კაცმა არ იცის, რომელი ქვეყნის ბანკში ინახავს განძსა და ფულს. სულ რომ არ დაბრუნდეს პოლიტიკაში, ალბათ მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრებს, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალაუფლებას ადვილად არ დათმობს და პოლიტიკაში მაინც დაბრუნდება. ასე რომ, ჯერ კიდევ საკითხავია, დამარცხებულია თუ - არა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, გამარჯვებული ნამდვილად არის. მან თავიდანვე თქვა, რომ მთავრობას აუცილებლად შეცვლიდა, ქვეყნის სათავეში ღირსეულ კანდიდატებს დატოვებდა და მერე კვლავ სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა. ასეც მოიქცა. მას ქვეყანაზე შესტკიოდა გული და იმიტომ მოვიდა პოლიტიკაში, თორემ არც ფული აკლდა და არც ძალაუფლება. დანაპირები შეასრულა, ძველი მთავრობა თავიდან მოგვაშორა და მომავლის იმედი მოგვცა. თავისი საქმე გააკეთა და მიდის. ამაში გასაკვირი არაფერია...

მარინა გეგეშიძე, დიასახლისი:

- რითია ივანიშვილი გამარჯვებული? ააყვავა საქართველო? მან არჩევნები მხოლოდ თავისი მატერიალური მდგომარეობით მოიგო და არა - ხალხის სიყვარულით. რასაც დაგვპირდა, ვერაფერი გაგვიკეთა და ახლა წასვლა საუკეთესო გამოსავალია. რაც შეეხება სააკაშვილს, არც ის არის დამარცხებული, რადგან საუკეთესო გამოსავალი მოძებნა. ბაჩო ახალაიას შეწყალების სანაცვლოდ მამამისს გაურიგდა, რომ ზუგდიდში მის თანამდებობას დაიკავებს. ანუ სიხარული იმის გამო, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ოდესმე თავს დაგვანებებს, ჯერ ნაადრევია.

ვაჟა გვასალია, იურისტი:

- მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილიცა და ბიძინა ივანიშვილიც ერთი და იმავე კლანიდან არიან. უბრალოდ, საზოგადოების წინაშე სხვადასხვა როლს თამაშობენ. ან ორივე გამარჯვებულია, ან ორივე - დამარცხებული. სწორედ ამიტომ მოიგონეს სიტყვა - კოაბიტაცია...

ნინო აბრამიშვილი, ფილოლოგი:

- როცა მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში მოვიდა, ის არჩევნებში გაცილებით მეტი პროცენტული რაოდენობით იგებდა, ვიდრე - ივანიშვილი, მაგრამ მას მეტი და მეტი უნდოდა. იქამდე მივიდა, ვიდრე არ დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილი გაცილებით ჭკვიანია. ურჩევნია, გამარჯვებული წავიდეს პოლიტიკიდან, ვიდრე - დამარცხებული. თუმცა ორივეს გამარჯვებაცა და დამარცხებაც ამერიკისა და რუსეთის სურვილებზეა დამოკიდებული...

მზია ანდღულაძე, ბუღალტერი:

- ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა, სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჩადენილ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს და დაისჯება კიდეც. არ შეიძლება, თუნდაც პრეზიდენტს ამდენი კრიმინალი ეპატიოს. რაც შეეხება ივანიშვილს, სულაც არ მიმაჩნია, რომ გამარჯვებულია. ასე მაშინ იქნება, როცა ქვეყანას აშკარა წინსვლა ექნება და ნაწილობრივ მაინც, მათი დაპირებები შესრულდება. ჩემი აზრით, ივანიშვილი წავა თუ არა, "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი აირევა. ისევ ერთმანეთს დაერევიან. ამის მაგალითი ხომ არაერთხელ გვქონია, მით უფრო, რომ "ოცნების" ძირითადი ნაწილი სწორედ იმ პოლიტიკოსებისგან შედგება, რომლებიც ადრე რამდენჯერმე გაერთიანდნენ და მერე კვლავ დაიშალნენ. ახლა ისინი ივანიშვილმა გააერთიანა და მისი წასვლის შემდეგ "მონასტერი ისევ აირევა"...

მარიამ ჯანიაშვილი, ინჟინერი:

- არც ერთია გამარჯვებული და არც მეორე - დამარცხებული. ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან და მათ მსოფლიო ისე ათამაშებს, როგორც მოინდომებს. ღმერთმა დალოცოს ორივე.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა