საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სასკოლო ოლიმპიადის ტესტების წინასწარ გავრცელებასთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილის განცხადებას ეხმაურება და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
"გაოცებული ვარ ქალბატონი მაია მიმინოშვილის რეაქციით. ყველაზე დაცული სისტემებიც შეიძლება თეორიულად გატეხონ, ამერიკის ელექტრონული საგადასახადო სისტემის გატეხვა მახსენდება და ეს თავისთავად შეიძლებოდა ნებისმიერ დროს მომხდარიყო საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნებოდა, მაგრამ არა არსებითი. სხვა საქმეა, თუ ეს იმიტომ მოხდა, რომ ვინმემ ხელისუფლების ცვლილება განათლების სფეროში კორუფციისთვის ანთებულ მწვანე შუქად აღიქვა, ალბათ, სრულიად სამართლიანადაც და ქრთამის სანაცვლოდ გაყიდა ტესტები. უფრო არსებითია აქ ალბათ ის, რომ ამ ტესტების სანდოობაზე პასუხისმგებელი პირი ამბობს, რომ თურმე პრობლემა არ არის ტესტების წინასწარ ინტერნეტში გასაჯაროება, თურმე ის კი არა, სხვა სტრუქტურა არის პასუხისმგებელი, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული, თურმე რა მოხდა, რომ მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა წინასწარ იცოდა, რა ტესტები მოვიდოდა ოლიმპიადაზე. როგორც ჩანს, აშკარაა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ნების გარეშე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ადრეც იგივე არსებითი პრობლემის წინაშე იდგებოდა და ვერ გამოიღებდა იმ შედეგს, რომლის წყალობითაც დღეს გაცილებით უფრო მეტ ნიჭიერ, პატიოსან მოქალაქეს აქვს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ქრთამის და ნაცნობობის გარეშე", - წერს თაქთაქიშვილი.
ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბერს ყველა სკოლაში დაიწყო, თუმცა ინტერნეტ-სივრცეში ოლიმპიადის ტესტები წინასწარ გავრცელდა. ისინი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში გამოქვეყნდა და უკვე განხილვის აქტიურ თემად იქცა. პედაგოგები, მშობლები და რიგითი მოქალაქეები ოლიმპიადის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებენ. "ფეისბუქში" სპეციალური ჯგუფიც გაიხსნა, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლები საკუთარ პრეტენზიებს და მოსაზრებებს ღიად აფიქსირებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან განაცხადა:
"მე ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, თუმცა ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტები წინასწარ გამოქვეყნდა ინტერნეტით. ტესტები ჩვენი მომზადებულია, თუმცა, ჩვენ მის კონფიდეციალობაზე პასუხისმგებლები არ ვყოფილვართ. მომზადებული ტესტები სამი დღით ადრე გადავეცით რესურსცენტრებს და ძალიან ცუდი ფაქტია, რომ მათ კონფიდეციალობის დაცვა ვერ შეძლეს.
თუმცა, მე ვერც ამაში ვხედავ დიდ ტრაგედიას, ეს ტესტები ხომ საგამოცდო არ არის? რაოდენობა შეზღუდული ხომ არ არის? ეს კონკურსი არ არის. ვინც ნამდვილად შეძლებდა ბარიერის გადალახვას, ყველა გადავიდოდა მეორე ტურში.
საერთოდ, პირველი ტური არის შესარჩევი ეტაპი, სადაც თვითონ სკოლები იღებენ პასუხისმგებლობას (ეს ასე იყო ადრეც) მოსწავლეთა შეფასებასა და შერჩევაზე. ოლიმპიადის ძირითადი ნაწილი იწყება მეორე ტურიდან.თუ ვინმემ პირველ ტურში არასწორად მოიპოვა მაღალი ქულა, ის მეორე ტურს მაინც ვერ დაძლევს და გამოეთიშება ოლიმპიადას.
ასე რომ, მინდა, იმ ბავშვებს, ვინც პროტესტის ნიშნად დატოვეს მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადა, ვუთხრა, რომ ტესტების წინასწარ გავრცელებით მათ არანაირად არ ეშლებოდათ ხელი. თუ ისინი გადალახავდნენ ბარიერს, აუცილებლად გავიდოდნენ მეორე ტურში. მათთან ერთად, შეიძლება, ვინმე უღირსიც მოხვედრილიყო, მაგრამ მეორე და მთავარი ეტაპი ხომ თბილისში, წინ ელოდათ, ამიტომ მათ უნდა დაეწერათ და თავიანთი შესაძლებლობები გამოემჟღავნებინათ".
სასკოლო ოლიმპიადების თემას სოციალური ქსელით ეხმაურება ასევე განათლების ყოფილი მინსიტრი დიმიტრი შაშკინი:
"განათლების სამინისტრო უკვე სასკოლო ოლიმპიადებს მიადგა. გააუქმეს ეროვნული ოლიმპიადები მეორე საფეხურზე VII, VIII და IX კლასებში, დატოვეს მხოლოდ X-XII კლასებისთვის. 200 000 ბავშვი დარჩა ოლიმპიადების გარეშე. ბრძანებაში მოტივად დაწერეს, რომ VII- IX კლასის ბავშვები საერთაშორისო ოლიმპიადებზე არ გადიან. სრული მარაზმი. ოლიმპიადები იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ან ფული დააკლდა სამინისტროს, ან არ ესმით რას აკეთებენ", - წერს შაშკინი.