ბიჭი, რომელიც მეგობრის კეთილდღეობისთვის არასასურველ ქალთან სექსზე თანახმაა

ბიჭი, რომელიც მეგობრის კეთილდღეობისთვის არასასურველ ქალთან სექსზე თანახმაა

ლევან ბუაძე სერიალში - "ჩვენი ამბავი" მექალთანე ნიკას როლს ასრულებს, რომელსაც გოგონას მოხიბვლა გოგრის ფორმაში გამოწყობილსაც კი შეუძლია და მეგობრის კეთილდღეობისთვის, არასასურველ ქალთან სექსზეც თანახმაა... მალე მსახიობი რუსუდან პირველის ახალ ფილმზე - "ძილის გაკვეთილები" დაიწყებს მუშაობას და ნიკასგან განსხვავებული პერსონაჟის განსახიერება მოუწევს.

- ძალიან მინდა, მრავალფეროვანი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდეს, რადგან მსახიობობის ყველაზე დიდი მუღამი სწორედ ის არის, როცა მაგალითად, დღეს მექალთანის როლს შეასრულებ, ხვალ - მეცნიერის, ზეგ - მფრინავის...

- ტელემაყურებლებმა პირველად სერიალში - "ჩვენი ამბავი" გიხილეს. საკუთარი თავი უკეთ გაგვაცანი.

- კინორეჟისორის დიპლომი მაქვს, მაგრამ მანამდე სამსახიობო ფაკულტეტზე 3 წელი ვსწავლობდი. ასე რომ, არაპროფესიონალი მსახიობი არ ვარ. "ღამის შოუს" სტუდიასთან ადრეც ვთანამშრომლობდი: მათ პროექტებში ("შუა ქალაქში", "გოგონა გარეუბნიდან") ეპიზოდური როლები მითამაშია. შესაბამისად, სტუდიის წარმომადგენლებმა ჩემი შესაძლებლობების შესახებ იცოდნენ. ივლისში დამირეკეს - კასტინგი გვაქვსო. კასტინგის პირველი ტური გაცნობითი ხასიათის იყო - ტექსტი წამაკითხეს. ამას იმპროვიზაციის ტური მოჰყვა, მერე - "პილოტი" ჩაიწერა. საკმაოდ ხანგრძლივი - 1-თვიანი კასტინგი იყო. საბოლოო ჯამში, ნიკას როლზე დამამტკიცეს.

- რას ფიქრობ ისეთ ადამიანზე, რომელსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავს და მათგან მორთმეულ სამახსოვრო ნივთებს ინახავს?

- რომ გითხრათ, - ნიკათი აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. ალბათ, გულის სიღრმეში, სიყვარულს ისიც ეძებს, ოღონდ - თავისებურად.

- ნიკას როლის გამო, გოგონების ნდობა ხომ არ დაკარგე?

- არ ვიცი... მსახიობმა შეიძლება, მკვლელის როლიც შეასრულოს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ვიღაცას ზურგიდან მიეპარება და დანას დაარჭობს?

- რაც ეკრანზე გამოჩნდი, ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ჩემთვის აგრესიულად რაიმე ეთქვას, პირიქით - ქუჩაში, "ფეისბუკზე", ბანკში თუ სხვაგან, ყველგან თბილად მხვდებიან. მეუბნებიან, რომ სერიალი მოსწონთ, რაც მახარებს.

- ნიკას მსგავსად, გოგონების გასაცნობად რაიმე "საფირმო" ფრაზას ხომ არ იყენებ?

- სქემის მიხედვით არასოდეს მიმოქმედია. ამ მხრივ ჩემი პერსონაჟისგან ძალიან განვსხვავდები!

- რეალურად, მექალთანე არ ხარ?

- ნამდვილად არ ვარ, პირიქით - საკუთარი თავი ძალიან ერთგულ პიროვნებად მიმაჩნია, რადგან ჩემი "ერთადერთი" მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს!

- შენი რჩეული ვინ არის?

- მაკუნა ჰქვია. ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის მენეჯერი გახლავთ. ნახევარი წელია, რაც ერთად ვართ. წინასწარ გათვლილი არაფერი გვქონია. საკმაოდ მალე მივხვდით, რომ ერთმანეთი მოგვწონს, მერე კი ყველაფერი რომანტიკულ ურთიერთობად გადაიქცა.

- შენ და შენს პერსონაჟს რაიმე საერთო თვისება გაქვთ?

- მომწონს, რომ ნიკა ძალიან ალალი, გულუბრყვილო ტიპი და მეგობრების ერთგულია. ალბათ ჩვენი საერთო თვისებაც ეს არის. იმედია, ჩემს მეგობრებს ერთგულ მეგობრად მივაჩნივარ.

- ნიკა ისეთი ერთგულია, რომ მეგობრის გამო, არასასურველ ქალთან ურთიერთობასაც დათანხმდა.

- კი, ასეთი მსხვერპლისთვისაც მზად იყო.

- შენც ასეთი "გაბედული" ხარ?

- საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ მქონია და იმედია, არც მექნება (იცინის).

- ლევან, კიდევ რა სამსახიობო გამოცდილება გაქვს?

- ვიდრე "ჩვენი ამბავი" დაიწყებოდა, ვითამაშე ქართულ-აზერბაიჯანულ 16-სერიიან სერიალში, რომელიც ლევან კიტიამ და ოთარ შამათავამ "გააკეთეს".

- რეჟისურაში ძალები მოგისინჯავს?

- პროფესიონალურ დონეზე - არა. როლების თამაში ძალიან მიყვარს. ამ საქმის კეთებით ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ... თანაც, 24 წლის ბიჭის რეჟისორობა სასაცილოა. რეჟისურას ცოტა სხვა გამოცდილება და ასაკი სჭირდება. ალბათ დადგება დრო, როცა რაღაცას გადავიღებ.

- ამჟამად სერიალში მონაწილეობის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ნოველები და რამდენიმე კინოსცენარი მაქვს დაწერილი. 7-8 წელია, რაც ამ სფეროთი, დრამატურგიის კანონებში "გაწაფვით" დავინტერესდი. რამდენიმე თვის წინ, დიდი ნოველის (რომანს ვერ ვუწოდებ) წერა დავასრულე. მსურს, წიგნად გამოვცე.

- რომანტიკული ხარ?

- ძალიან! საყვარელი ადამიანის გახარება მომწონს - საჩუქრით, ვახშმის მომზადებით...

- კარგი კულინარი ხარ?

- გემრიელი კერძების ჭამაც მიყვარს და მომზადებაც. კულინარია ძალიან მიყვარს.

- კიდევ რაიმე ჰობი ხომ არ გაქვს?

- ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. თუკი რამემ დამაინტერესა, "მივქექ-მოვქექავ" ხოლმე. მაგალითად, ფიზიკიდან დაწყებული, ხეზე კვეთით დამთავრებული, ყველა სფერო მაინტერესებს. ხეზე კვეთა კეთილშობილურ საქმედ მიმაჩნია.

- ხეზე რაიმე ამოგიკვეთავს?

- არა, მაგრამ ამ საქმის შესწავლის დიდი სურვილი მაქვს.

- შენი ოჯახი გაგვაცანი.

- დედაჩემი - მსახიობი მაია ტურიაშვილი, მამა - კინორეჟისორი და კინოსცენარისტი ზაზა ბუაძე გახლავთ. დედისერთა ვარ.

- მშობლები შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებენ? შენიშვნას უფრო ხშირად გეუბნებიან თუ ქათინაურს?

- ცოტ-ცოტა - ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, მგონი, უკმაყოფილოები არ არიან. სერიალს რომ უყურებენ, ეგ ვიცი (იცინის).

- ეგოისტი დედისერთა ხარ?

- ეგოისტი - არა, მაგრამ მესაკუთრე ვარ: ბევრ ყურადღებასა და სითბოს ვითხოვ. რამდენ სითბოსაც გავცემ, იმდენის მიღება მინდა.

- მერე, საჭირო სითბოს და ყურადღებას ყოველთვის იღებ?

- კი, ვიღებ და მეც გავცემ ხოლმე.

- ამ მხრივ იმედგაცრუებული არასოდეს ყოფილხარ?

- ახლა ისე კარგად ვარ, რომ საერთოდ არ მახსოვს, ადრე რა იყო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება