ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა "ნიჭიერში" გამოსვლით მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. შეიძლება ითქვას, ფილარმონიის სცენაზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რადგან მანამდეც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული არაერთი ადამიანი გვინახავს. 18 წლის ნუკრი შავლიძის მსგავსებამ ბერა ივანიშვილთან კი დარბაზი და მაყურებელი გაოგნებული დატოვა. სცენაზე შემოსვლისას ჟიურისა და დარბაზში მსხდომთ ეგონათ, რომ ბერა ივანიშვილმა იხუმრა და "ნიჭიერში" გამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონკურსანტის სახელი და გვარი გაიგეს, ბევრი მათგანი იმედგაცრუებული დარჩა. ბევრსაც გაუხარდა კიდევ ერთი "ბერას" გამოჩენა საქართველოში. ნუკრი ბათუმში ცხოვრობს და სწავლობს. თბილისში ნათესავები არ ჰყავს და ამიტომ დედაქალაქში იშვიათად ჩამოდის.
- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლაში ჩავაბარე. ჩვენი ოჯახი ექვსი წევრისგან შედგება. მყავს ჩემზე უმცროსი და-ძმა, მშობლები და ბებია. 5 წლიდან ვმღერი, მშობლებს სხვადასხვა სტუდიაში დავყავდი. პირველად სტუდია "ონავრებში" მიმიყვანეს. მერაბ სეფაშვილის ერთ-ერთი სიმღერა ჩავწერე და ისე მოეწონათ, რომ ადგილობრივი ტელევიზიით გავიდა. მშობლები ყველანაირად ხელს მიწყობენ, სიმღერის ნიჭი გაქვს და ბოლომდე გაჰყევიო, თუმცა "ნიჭიერი" პირველი პროექტი აღმოჩნდა, რომელმაც დიდ სცენაზე გამოსვლის საშუალება მომცა.
- ბერა ივანიშვილს როდის მიგამსგავსეს?
- როდესაც ბერა გამოჩნდა. მეც ძალიან მომეწონა მისი იმიჯი და თმა ისე შევიჭერი, რომ უფრო მეტად დავემსგავსე. ხან სალონში ვიჭრი თმას, ხან სახლში, ჩემი მამიდაშვილი მეხმარება. თან ბევრი დამთხვევაა. მე და ბერა ერთ წელსა და თვეში ვართ დაბადებული. მე 16 დეკემბერს დავიბადე, ბერა - 23-ში.
- მისი გაცნობა არასოდეს გიცდია?
- დიახ, თუმცა უშედეგოდ. ისეთ ამბავს მოგიყვებით, ძალიან გაგიკვირდებათ. ჩემი ახლობელი მუშაობდა საჩხერეში. მისი მეშვეობით შანსი მქონდა, ბერას შევხვედროდი. მე და მშობლები საჩხერეში ჩავედით, თან ახლობელი გვახლდა. მივედით მათ სახლში და ბერას ბაბუას შევხვდი. ბერა ვეგონე, მეუბნებოდა, როგორ გაზრდილხარო. როგორც აღმოჩნდა, იმ დროს ბერა ამერიკაში იყო. სიმართლე რომ გაირკვა, ყველა გაგიჟდა. ბაბუამ ჩამიხუტა, მეფერა, მერე მითხრა, ბებიასთან მი-გიყვანდი და გაგაცნობდი, მაგრამ ცუდად არისო. არ ვიცი, ეს ამბავი გაიგო თუ არა ბერამ, ამ ამბის შემდეგ მის კონცერტებზე მივდიოდი და ვცდილობდი გამეცნო, მაგრამ ახლოს მისვლის საშუალება არ მომცეს.
- ეს მსგავსება გოგონების გულის მოსაგებად თუ გამოგიყენებია?
- ბათუმში გამიცნეს და იციან, რომ უბრალოდ ვგავარ, მაგრამ თბილისში, ქუთაისში ვერავინ ხვდება, რომ ბერა არ ვარ და სურათების გადაღებას მთხოვენ. ვეუბნები, რომ ნუკრი ვარ და არა ბერა, მაგრამ მაინც მთხოვენ გაცნობას და სუ-რათის გადაღებას. სხვა არავინ მინახავს, რომ ჩემსავით ჰგავდეს ბერას.