"რა იდიოტობაა?" - ანუ რაზე დათანხმდა ნინო ანანიაშვილი ავთო ვარსიმაშვილს

"რა იდიოტობაა?" - ანუ რაზე დათანხმდა ნინო ანანიაშვილი ავთო ვარსიმაშვილს

აბსურდული შავი კომედიების "იდიოტოკრატიისა" და "ყველაფერი კარგად იქნებას" შემქნელები უფრო დიდ იდიოტოკრატიას - "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" გვთავაზობენ. სცენარის ავტორი და რეჟისორი კვლავ ავთო ვარსიმაშვილია. ფილმში თითქმის იგივე მსახიობები (გოგა ბარბაქაძე, ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, სანდრო მარგალიტაშვილი) თამაშობენ, რომლებიც წინამორბედ ფილმებშიც არიან დაკავებულები. სიახლე ის არის, რომ ფილმში ცნობლი ბალერინა - ნინო ანანიაშვილი და მუსიკოსი ნინო ქათამაძე თამაშობენ.

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 7 ნოემბერს იქნება, მანამდე კი პრესის წარმომადგენლებისთვის "თავისუფალი თეატრის" მცირე დარბაზში მისი წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ავთო ვარსიმაშვილი, რეჟისორი:

- ფილმს მაყურებელი როგორც თბილისის კინოთეატრებში, ასევე საქართველოს ყველა ქალაქში იხილავს, - მთელ საქართველოს მოვიცავთ.

- ფილმში ორი ვარსკვლავი - ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე გადაიღეთ. როგორ შეძლეს მათ როლების მორგება და ზოგადად თამაში? ადვილად გაართვეს თავი?

- ნიჭიერი ადამიანი ყველგან ნიჭიერია! არც ერთს არ გასჭირვებია სხვა ამპლუაში მოესინჯათ თავი. ბრწყინვალენი არიან როგორც თავის საქმიანობაში, ასევე აქაც შესანიშნავად გაართვეს ამოცანას თავი.

- ნინო ანანიაშვილის მთავარ როლში გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემთვის ძვირფასი პერსონაჟი იყო ქეთო და რატომღაც ასე დავინახე, რომ ნინო მას კარგად ითამაშებდა. ვთხოვე ეთამაშა და დამთანხმდა...

- ამ ახალ ფილმში არიან მსახიობები, რომლებიც თქვენს ყველა სურათში მონაწილეობენ. შეიძლება ითქვას, რომ ფილმიდან ფილმში მოგყვებიან. ეს თქვენი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტია?

- არანაირ ექსპერიმენტს არ ვატარებ. ფილმებს იმიტომ ვიღებ, რომ ჩემი მსახიობების პოპულარიზაცია მოვახდინო და არა იმიტომ, რომ დავიპყრო კანის ფესტივალი... ეს ყველაფერი არტისტების პოპულარიზაციას ემსახურება და ვიღებ მხოლოდ ჩემებს. ამასთან, საკუთარ თავს არასოდეს ვუწოდებ კინორეჟისორს, - მე თეატრის რეჟისორი ვარ, რომელიც ფილმებს თავისი თეატრის მსახიობებისთვის იღებს.

- ჟანრობრივად სულ კომედიაზე რატომ მუშაობთ?

- კომედია ის ჟანრია, რომელიც საშუალებას გაძლევს, მაყურებელი სერიოზული პრობლემით არ მოაწყინო; ამავე დროს, იმაში გეხმარება, რომ ხაზი გაუსვა პრობლემას, რომელსაც აყენებ და ის სარკასტული გახადო.

- თქვენს ფილმებში უკვე სერიოზულად დომინირებს დიდძალი ფული. მას რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- ეს იმის მანიშნებელია, რომ ყოველ წუთს გვაცდუნებენ და პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ.

- საბოლოოდ, ამ ფილმით რისი თქმა გინდოდათ?

- დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ გარბიანი ნიჭიერი და ზოგადად, ადამიანები საქართველოდან!

გოგა ბარბაქაძე, მსახიობი, კუკუს როლის შემსრულებელი:

- ჩემს შემოქმედებას ერთი ახალი როლი დაემატა და პროფესიაში კიდევ რაღაც სიახლე მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ შევაფასო, ჯერ ცოტა ადრეა, რადგანაც ფილმი კინოეკრანებზე უნდა გამოვიდეს და მაყურებელმა ნახოს...

- მსახიობმა ყოველთვის იცის ამა თუ იმ როლზე როგორ იმუშავა და რა გააკეთა...

- ყველაზე ძალიან მეზიზღება საკუთარი თავის ნახვა ტელევიზორში. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი...

- პირადად მე შენი თამაში მომეწონა.

- ე.ი. მორიგი გამოცდა ჩაბარებული მაქვს (სიცილით ამბობს). ისე, კომედია უფრო რთული სათამაშოა, ხომ იცით, მაგრამ ამ კომედიაში მხოლოდ კომიზმი არ არის.

მოკლედ, მთავარი სამსჯავრო მაყურებლის სახით წინ გველოდება...

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება