რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 თვეში 10 მილიონი ლარი

რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 თვეში 10 მილიონი ლარი

ფიზიკური პირებისთვის გამოყოფილ ერთჯერად ფინანსურ დახმარებებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უცხოეთში სწავლებასა და უმნიშვნელო ღონისძიებებში გაფლანგული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მთლიანად გახარჯულია - "ვერსიაში" უკვე ვწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი მარგველაშვილს მხოლოდ 5 000 ლარი დაუტოვა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში არსებული 10 000 000 ლარი, რაც მთელი წლის განმავლობაში უნდა გაეხარჯა, 10 თვეში ამოწურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ თუ გადაუდებელი ღონისძიებებისთვის გიორგი მარგველაშვილს თანხა დასჭირდება, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიც მტკიცდება. ბიუჯეტის შესახებ სახელმწიფო კანონის მიხედვით, ეს ფონდები საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებს მიეკუთვნება; ამავე კანონით, მათი მოცულობა, ერთად, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს: "საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს ფინანსთა სამინისტრო. თუ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნულია ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები, ჯამში, 100 000 000 ლარისგან, თითოეული - 50 000 000 ლარისგან შედგება. მიუხედავად ამისა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5-ჯერ შეამცირა და მხოლოდ 10 000 000 ლარით განსაზღვრა. უცვლელი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც 50 000 000 ლარით დაამტკიცეს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში არსებული 10 000 000 ლარი კი წლის განმავლობაში უნდა დახარჯულიყო, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილმა მთლიანი თანხა 10 თვეში ამოწურა.

ზოგადად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ გადაუდებელი და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის უნდა დაიხარჯოს. მაგალითად, ფორსმაჟორული სიტუაციების ან სტიქიური უბედურებების დროს. "ვერსია" უკვე წერდა, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნისას, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ძირითადად, კონცერტები, სააკაშვილის უცხოეთში ვოიაჟები ფინანსდებოდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით აფინანსებდნენ სხვადასხვა ბულვარისა თუ სკვერის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი 5-ჯერ შეუმცირა.

საინტერესოა, კონკრეტულად, რა მიზნებისთვის დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა 10 000 000 ლარი 10 თვეში? "ვერსიამ" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა სარეზერვო ფონდში არსებული 10 000 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უცხოეთში სწავლა-განათლებასა და სხვადასხვა, გაუგებარ ღონისძიებაში დახარჯა: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირის, გიორგი ავალიანისთვის, ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, 35 000 ლარი გამოყვეს, ირაკლი მეგრელიშვილისთვის - 35 000 ლარი, გიორგი ყორღანაშვილისთვის – 30 000 ლარი, მიხეილ მამულაშვილისთვის – 25 775 ლარი, ბექა გოჩიაშვილისთვის – 24 923 ლარი, ნიკოლოზ სეფაშვილისთვის (მერაბ სეფაშვილის ვაჟი) - 24 000 ლარი, ლიდა კახიანისთვის – 22 173 ლარი, მერი კოკაიასთვის – 17 000 ლარი, ზვიად კუპრეიშვილისთვის - 15 000 ლარი, სერგო ლუტიძისთვის - 11 000 ლარი, ია ხვინგიასთვის - 10 814 ლარი, ანდრო გაბისონიასთვის - 10 000 ლარი, კონსტანტინე ჭიჭინაძისთვის - 10 000 ლარი, თამარ თურმანიშვილისთვის - 10 000 ლარი, ირაკლი კოტრიკაძისთვის - 9 000 ლარი, ისევ მიხეილ მამულაშვილისთვის - 8 307 ლარი, ისევ ნიკოლოზ სეფაშვილისთვის – 5 000 ლარი, გიორგი ჯანელიძისთვის – 5 000 ლარი, ანა აზაურაშვილისთვის – 5 000 ლარი, ხათუნა ხუხუნაშვილისთვის - 5 000 ლარი, ციური წერეთლისთვის - 5 000 ლარი, გურამ ბალიაშვილისთვის – 3 900 ლარი, თეიმურაზ ჯალიაშვილისთვის - 3 900 ლარი, ჯანგირ ამიროვისთვის - 3 900 ლარი, გიგა მიქაშავიძისთვის – 3 900 ლარი, ფრიდონ ახობაძისთვის - 3 900 ლარი, თამარ ლათიბაშვილისთვის – 3 600 ლარი, ვასო ურუშაძისთვის - 3 000 ლარი, ბელა ფირცხალავასთვის - 3 000 ლარი, თამარ ზაალიშვილისთვის – 2 250 ლარი, დარეჯან ლომიძისთვის – 2 000 ლარი, ნინო კასრაძისთვის - 1 500 ლარი, დავით სამყურაშვილისთვის - 1 500 ლარი, ვალერი ადამიასთვის - 1 300 ლარი, მანანა მიდელაშვილისთვის - 1 000 ლარი, ქეთო ზარქუასთვის - 1 150 ლარი, ლამარა ხეცურიანისთვის - 1 000 ლარი, ზინე ალიევასთვის - 1 000 ლარი.

საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 85 000 ლარი გამოყვეს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 160 000 ლარი; საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 115 000 ლარი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების მიერ, უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 013 535 ლარი გამოყვეს. ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში დეტალურადაა გაშიფრული იმ მოქალაქეების ვინაობა, რომლებმაც უცხოეთში სწავლა-განათლებისთვის საჭირო თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიიღეს:

დავით ტყეშელაშვილი - 24 592 ლარი, დიმიტრი ძაგნიძე - 38 047 ლარი, კახა ინაიშვილი - 12 359 ლარი, თეონა ომარაშვილი - 38 031 ლარი, თამარ კვაშილავა - 16 478 ლარი, გიორგი გაზმაძე - 33 018 ლარი, გიორგი ბურდული - 30 956 ლარი, გივი ჭანუყვაძე - 66 168 ლარი, სალომე ბეჟიტაშვილი - 11 025 ლარი, ირაკლი გაბრუაშვილი - 24 717 ლარი, ნინო დევდარიანი - 16 478 ლარი, ნიკოლოზ სეფაშვილი - 51 498 ლარი, ნიკოლოზ კვირიკაძე - 16 884 ლარი, მარიამ კალანდარიშვილი - 16 478 ლარი, ლევან დუჩიძე - 16 557 ლარი, გიორგი ბურჭულაძე - 16 542 ლარი, ანა ქუმსიაშვილი - 12 875 ლარი, ალექსანდრე ანდღულაძე - 16 369 ლარი, მარიამ კალანდარიშვილი - 4 967 ლარი, შოთა ჯუღელი - 16 957 ლარი, შოთა გარუჩავა – 65 461 ლარი, ქეთი ანდღულაძე - 3 971 ლარი, ქეთევან ანდღულაძე – 7 060 ლარი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საზღვარგარეთ სწავლის ხარჯი ორჯერ გამოუყვეს ნინო კვასხვაძეს - 1 203 და 31 753 ლარი, მერი კოკაიას - 10 339 და 39 287 ლარი, ვლადიმერ ლომსაძეს - 23 572 და 15 708 ლარი, ანდრო ლომთაძეს - 5 150 და 7 725 ლარი, ანა ჯინჯოლავას - 6 623 და 16 478 ლარი, თინათინ გოლეთიანს - 6 288 და 25 749 ლარი, ირაკლი მინდაძეს - 4 918 და 16 542 ლარი, გიორგი ლომიძეს - 4 918 და 16 369 ლარი, არჩილ გაბათაშვილს - 7 722 და 14 332 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯერ 1 500 000 ლარი, შემდეგ - 90 000 ლარი და ბოლოს 115 000 ლარი გამოყვეს, რამაც ჯამში, 2 515 000 ლარი შეადგინა; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ინტერნეტით სარგებლობისათვის აუცილებელი მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად 5 500, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შიდასატელეფონო ქსელის მოსაწყობად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით 33 000, ხოლო საარქივო მასალის შესაძენად 170 000 ლარი გამოყვეს.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა (90 ცალი) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის (5 ცალი) შეძენისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 144 502 ლარია გამოყოფილი; საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის (20 ცალი) შესაძენად, შპს "ზარაფხანას" სარეზერვო ფონდიდან 62 000 ლარი გადაურიცხეს.

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯერ 32 500, შემდეგ კი 2 500 ლარი გამოყვეს, რამაც ჯამში, 35 000 ლარი შეადგინა; შპს "ფორმულა პროესკო ფროდაქშენს", საბჭოთა ოკუპაციის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 191 160 ლარი გადაურიცხეს; არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს" მიერ დაგეგმილი ღონისძიების, თბილისში საერთაშორისო სესიის ჩასატარებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 15 000 ლარი გამოყვეს; ააიპ "ჯეოოლიმპის" 2013 წლის შეჯიბრების გასამართად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 15 000 ლარი; ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის 2013 წლის ლაურეატებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მიზნით - 80 000 ლარი.

ააიპ "საქართველოს ამერიკელი მეგობრების ინკ"-ის წარმომადგენლობას საქართველოში, სარეზერვო ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხეს, რათა მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონების მკურნალობის დასახმარებლად დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ანუ ვახშმისთვის საჭირო ხარჯები დაეფინანსებინათ; წარჩინებული სტუდენტების, მოსწავლეებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, საჩუქრებად გადასაცემი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, შპს "ალგორითმს" 1 000 000 ლარი გადაურიცხეს.

ააიპ "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციისთვის" ინვენტარის შესაძენად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 34 000 ლარი გამოყვეს; ააიპ "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 110 000 ლარი; ააიპ "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" მიერ დაგეგმილი პროექტის, თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური კვლევების ჩასატარებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 90 659 ლარი; ააიპ "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ორგანიზებით, საქართველოში ლაშქრობების მხარდაჭერისა და ტურიზმის პოპულარიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 17 000 ლარი; ააიპ "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის" მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით - 397 000 ლარი.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა