მსოფლიო ბანკი: 2014-ში საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დაუბრუნდება

მსოფლიო ბანკი: 2014-ში საქართველოს ეკონომიკა 6%-იან ზრდას დაუბრუნდება

კოაბიტაციის დასრულების შემდეგ ეკონომიკური ზრდის პირველი პროგნოზი უკვე კეთდება. მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალურად "რეზონანსისთვის" მოწოდებული პროგნოზის მიხედვით, გაისად ეკონომიკური ზრდა 5-6%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ასევე, საიმედო გათვლები კეთდება უცხოური ინვესტიციების შემდინებასთან დაკავშირებით.

"მსოფლიო ბანკი უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მილოცვებს საქართველოში დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. გვსურს, მივულოცოთ არჩეულ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ჩვენი აზრით, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა პასუხისმგებლობით აღჭურვილი ინვესტორების მოსაზიდად. მით უმეტეს მაშინ, როცა 2013 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევა "ბიზნესის წარმოება 2014: მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირება" აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა", - განუცხადა "რეზონანსს" მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

მისი აზრით, საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგია, რომელიც მომზადების პროცესშია, ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ინვესტიციების შემოდინებას.

"მთავრობა საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიას ამზადებს, რომელშიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხედვა იქნება ასახული. ამან ხელი უნდა შეუწყოს უფრო მეტი გრძელვადიანი ინვესტიციის შემოდინებას, რომლებიც მოხმარდება ეკონომიკის მოდერნიზაციას, ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების გაჩენას, მეტ ძალისხმევას კვლევისა და განვითარების დარგში, ასევე სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას", - ამბობს ჰენრი კერალი და დასძენს, რომ აღნიშნულმა სტრატეგიამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს კერძო მეწარმეობის მეტად განვითარებას, მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებას, რადგან ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სამუშაო ადგილების შექმნაში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების თვალსაზრისით, თანდათანობით შემცირდება გაურკვევლობის შეგრძნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისევ 5-6 პროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება.

"მსოფლიო ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ახალი ეროვნული განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში", - განაცხადა ჰენრი კერალიმ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მთავრობამ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა დაგეგმა, თუმცა ეს მაჩვენებელი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 3%-მდე შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით კი, ორ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 1,9%-ია.

ამ მონაცემების შემდეგ, მთავრობაში იძულებული გახდნენ, რომ ეკონომიკური სტაგნაცია ეღიარებინათ, რომელიც ე.წ. ორხელისუფლებიანობას დაბრალდა. "ჩვენ ზრდას ველოდებით ბოლო კვარტალშიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 2,5-3%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჯობდა 6%-იანი მოლოდინი შესრულებულიყო, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში აცხადებენ, რომ 2014 წელს კვლავ აქტიურად გააგრძელებენ ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ბიზნესის დახმარებისა და დასაქმების გაზრდის მიმართულებით. "ვაპირებთ, გავააქტიუროთ ეკონომიკური პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და დასაქმების გაზრდას", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში კორპორაციის წარმომადგენელმა.

2-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მთავრობა მთელ იმედს 2014 წლის მეორე ნახევარზე ამყარებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უცხოელი ინვესტორები 70-მდე პროექტს განახორციელებენ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები უკვე აქტიურ ფაზაშია და ინვესტორები პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყებენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსადმი ინტერესს არა მარტო რუსი, არამედ სხვა ქვეყნების ბიზნესმენებიც გამოხატავენ.

"ჩვენ სისტემატურად ვესაუბრებით ინვესტორებს, ინტერესი საქართველოს მიმართ მაღალია და ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. მე არ გამოვყოფდი მხოლოდ რუს ინვესტორებს", - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ჯერჯერობით 2014 წლის საინვესტიციო პროგნოზთან დაკავშირებით კომენტარები არ გაკეთებულა. წელს კი უკვე ცხადი გახდა, რომ საქართველოში 900 მლნ დოლარამდე პირდაპირი უცხოური კაპიტალი შემოვა, რომელიც ყველაზე ახლოს მსოფლიო ბანკის პროგნოზთან დგას - 800 მილიონი დოლარი.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ