რატომ დატოვა "მაესტრო" სამმა ჟურნალისტმა და ოთხმა ოპერატორმა?

რატომ დატოვა "მაესტრო" სამმა ჟურნალისტმა და ოთხმა ოპერატორმა?

ტელეკომპანია "მაესტრო" რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა: მათ შორისაა სამი ჟურნალისტი და ოთხი ოპერატორი. ამის გასარკვევად თუ რატომ გაუშვეს არხიდან თანამშრომლები, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ბაია გადაბაძეს დავუკავშირდით:

- გადავწყვიტეთ, რომ კომპანიაში გარკვეული ოპტიმიზაცია ჩავატაროთ და ვადასტურებ, რომ არხიდან 3 ჟურნალისტი და 4 ოპერატორი გავუშვით. ისინი ”ნიუსრუმის” სტანდარტულ მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდნენ და გარკვეული ხარვეზები ჰქონდათ მუშაობაში. ამიტომ, მათ უშუალო მენეჯერთან, საინფორმაციოს უფროსთან და მთავარ რეჟისორთან კონსულტაციები გავიარეთ და ამის შედეგად, ამ ადამიანების გაშვება გადავწყვიტეთ. მიუხედავად ამისა, ისინი არ კარგავან შანსს, რომ იანვარში მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში, რომლის ჩატარებასაც უცხოელი ტრენერების დახმარებით ვაპირებთ. შესაძლოა, ის ადამიანებიც, რომლებიც ტელევიზიაში ამ გადარჩევის შედეგად დარჩნენ, სამომავლოდ წავიდნენ. არავის აქვს გარანტირებული სამუშაო.

ასე რომ, გადავწყვიტეთ, რაღაცები შევცვალოთ, ნიუსის, ასევე გადაცემების დონეც ავამაღლოთ. საკმაოდ მაღალ ხარისხს ვითხოვთ.

- იმ ტრენინგში წასულ თანამშრომლებს თუ ექნებათ მონაწილეობის საშუალება?

- კი, ჩავატარებთ კასტინგს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო ჩვენი, ჩვენგან წასული თანამშრომლები, დარჩენილებიც. შერჩევა კონკრეტული პრინციპით მოხდება, თუ როგორ, ამის პასუხი ჯერ არ მაქვს, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს მათთან, ვინც ტრენინგებს ჩაატარებს.

- მოკლედ, ჟურნალისტების გაშვება კომპანიიდან არ უკავშირდება რაიმე ფინანსურ კრიზისს?

- არანაირად. უბრალოდ გვინდა, რომ შესაბამისი ხარისხი გვქონდეს.

მოგვიანებით "მაესტროდან" წასულ ერთ-ერთ ჟურნალისტს, ლიკა ალელიშვილს დავუკავშირდით.

- დაადასტურებთ ფაქტს, რომ თქვენ "მაესტროდან" გამოგიშვეს?

- კი, არჩევნებზე უნდა მემუშავა და მერე უხელფასო შვებულებაში იანვრამდე მიშვებდნენ. მაგრამ გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი და უკვე ახალი სამსახურიც დავიწყე.

- რატომ გაგიშვეს უხელფასო შვებულებაში? მიზეზად რა დასახელდა?

- ჩემს მუშაობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონიათ და უკმაყოფილო არავინ ყოფილა. უბრალოდ თქვეს, რომ რამდენიმე ადამიანს ვერ დააფინანსებდნენ. იმ რამდენიმე ადამიანში მოვყევი. "მაესტროზე" სამწელიწად-ნახევარი ვიმუშავე და შენიშვნა, ფაქტობრივად, არ მიმიღია, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომ დამმახსოვრებოდა. ძალიან მიყვარდა იქაურობა და გული მწყდება, რომ წამოვედი.

ლალი ფაცია, "ამბები.ge"

ასევე იხილეთ:

დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა

მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები