საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს პოზიცია არ შეცვლილა და რუსული მედიით ჩემი ნათქვამის არასწორი ციტირება მოხდა, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ დასმულ შეკითხვაზე.
"არ მოხდა ზუსტი ციტირება იმის, რაც სინამდვილეში ვთქვი. ამიტომ ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოცა და უკრაინაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები იმ შემთხვევაში გახდებიან, თუ რა თქმა უნდა, ისინი დააკმაყოფილებენ ყველა საჭირო კრიტერიუმს და იმ პირობით, თუ ნამდვილად იქნებიან ალიანსში გაწევრიანების მსურველნი.
"საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ პირობით, თუ შეასრულებს ყველა საჭირო კრიტერიუმს. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა. ასე რომ, საქართველოსთან ერთად, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ერთობლივად ვმუშაობთ იმ საჭირო რეფორმების განხორციელების ხელშეწყობაზე, რათა ერთ დღეს საქართველომ შეძლოს ყველა აუცილებელი კრიტერიუმის შესრულება", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა 2014 წელს არ გახდებოდნენ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები.