წალენჯიხის რაიონში, სოფელ ფახულანში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ლურსმანი, ლობიოს მარცვალი და ერთთეთრიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მეორე დღესვე იქნა გამოწერილი. ექიმების თქმით, ყველაფერი რიგზე იყო და რენტგენოლოგიური შემოწმების შედეგად, ბავშვს ორგანიზმში არც ერთი ხსენებული საგანი არ აღმოაჩნდა, მაგრამ პატარა სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მშობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. სამწუხაროდ, იმ ექიმებთან, რომელთაც პაციენტთან უშუალო შეხება ჰქონდათ, ზუგდიდის საავადმყოფოს პრესსამსახური დაკავშირების ნებას არ გვაძლევს, მაგრამ ბავშვის იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ნიკა ჭეჟია გვესაუბრა. "კვირის პალიტრას" მომხდარზე გარდაცვლილის მამამ და ნათესავმაც მოუთხრეს.
ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ნიკა ჭეჟია:
- ბავშვი საავადმყოფოში 11 ოქტომბრის საღამოს მამამ მოიყვანა. განაცხადა, რომ მის შვილს რაღაც ჰქონდა გადაყლაპული, მაგრამ არ იცოდა, რა. სისხლის ანალიზი გაკეთდა, აგრეთვე, ფილტვებისა და გულ-მკერდის რენტგენი. მართალია, არაფერი სჭირდა, მაგრამ ექიმმა სტაციონალში დაკვირვების მიზნით მაინც დატოვა. ღამით ამ ბავშვმა საკვები მიიღო, დილით კუჭის მოქმედებაც ჰქონდა და ვინაიდან ნორმალური ვითარება იყო და არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, მისი გაწერა გადაწყდა. უბრალოდ, დედას ურჩიეს, რომ ბავშვი უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ყოფილიყო. საავადმყოფოში მეტი არაფერი მომხდარა. როგორც ვიცი, ბავშვი 15 ოქტომბერს, სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ჩვენ არ გვეხება და ვერ გეტყვით, სოფელ ფახულანში რა და როგორ მოხდა. საავადმყოფოში კი ის სიტუაცია იყო, რაც გითხარით.
- იქნებ ექიმებმა შემოწმება სათანადო ყურადღებით ვერ ჩაატარეს...
- ეს თქვენი ვარაუდია და ამაზე ვერაფერს გუპასუხებთ. დარწმუნებულები რომ არ ყოფილიყვნენ, რომ ბავშვს არაფერი ჰქონდა გადაყლაპული, სახლში ხომ არ გაუშვებდნენ? ვის უნდა ბავშვის სიცოცხლის ეჭვქვეშ დაყენება? ყველაფერი მოგიყევით, მეტს კი ვერაფერს გეტყვით.
ლიზი გოგოხიას მამა, მერაბ გოგოხია:
- 11 ოქტომბერს, როცა სახლში მივედი და გავიგე, რომ ჩემმა ცოლმა ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში წაიყვანა, მეც იქ წავედი. აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის შემოწმება ჩაუტარებიათ, რენტგენი გაუკეთებიათ, მაგრამ თქვეს, ვერაფერი ვნახეთო. ამის შემდეგ 3 დღეში კი ჩემი შვილი მოკვდა... მე მამა ვარ და ვერ გელაპარაკებით, აღელვებული ვარ, ჯობია, ჩემს მაგივრად ჩემმა ბიძაშვილმა გიამბოთ...