გახმაურებული მკვლელობების მონაწილე 4 იარაღი

გახმაურებული მკვლელობების მონაწილე 4 იარაღი

უხსოვარი დროიდან იარაღის მთავარი ფუნქცია ადამიანი მოკვლა ან დასახიჩრება იყო. კაცობრიობის ისტორიასა და მის მსვლელობაზე ჯერ ცივმა, შემდგომ კი ცეცხლსასროლმა იარაღმა წარმოუდგენელი გავლენა იქონია. ხშირ შემთხვევაში ერთ ტყვიას სახელმწიფოს ბედი გადაუწყვეტია და მისი მომავალიც შეუცვლია.

პისტოლეტი Philadelphia Deringer

კომპაქტური პისტოლეტის ავტორი ჰენრი დერინჯერია. მის მიერ 1806 დაარსებული ფაბრიკა გრძელ ლულიან თოფებს ამზადებდა. თუმცა სახელი ჰენრიმ სწორედ ჯიბის პისტოლეტებით გაითქვა. ერთ ტყვიაზე გათვლილი "ფილადელფია დერინჯერი" ლულიდან იტენებოდა (კალიბრი 10,4 მმ) და მალული ტარებისთვის იდეალური იარაღი იყო.

მისი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი - ამერიკის 16-ე პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნია. 1865 წლის 14 აპრილს ამერიკის ნაციონალური გმირი და მონათა გამათავისუფლებელი ლინკოლნი, სამოქალაქო ომის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ ვაშინგტონში, ფორდის თეატრს სტუმრობდა. სპექტაკლის დროს, საპრეზიდენტო ლოჟაში შეპარულმა ჯონ ბუტმა ლინკოლნს თავში პისტოლეტ "ფილადელფია დერინჯერიდან" ესროლა. პრეზიდენტი მეორე დღეს გარდაიცვალა.

პისტოლეტი Browning M.1900

1896 წელს ბელგიაში შექმნილ პისტოლეტს (კალბრი 7,65 მმ) ქვეყნის არმია, ჟანდარმერია და უნტერ-ოფიცრები იყენებდნენ. შემდგომ ბრაუნინგი ნორვეგიაში, ლუქსემბურგსა და ხორვატიაში გავრცელდა. რუსეთის იმპერიაში მას "ბრაუნინგ N1"-ად მოიხსენიებდნენ. რევოლვერებისგან განსხვავებით, ის გაცილებით მარტივი მოსახმარი იყო და ზუსტი ცეცხლით გამოირჩეოდა.

სწორედ ამ პისტოლეტმა იმსხვერპლა მეფის რუსეთის პრემიერ მინისტრი პეტრე სტოლიპინი. კიევში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებამდე, სტოლიპინზე 10 თავდასხმა იყო განხორციელებული. 1911 წლის აგვისტოში სტოლიპინი იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან ერთად კიევის თეატრში სპექტაკლს ესწრებოდა. ანტრაქტის დროს ანარქისტმა დიმიტრი ბოგროვმა პრემიერ მინისტრს ორჯერ ესროლა. პირველი ტყვია მას ხელში, მეორე კი - ღვიძლში მოხვდა. სტოლიპინი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შაშხანა Mannlicher- Carcano 91/38

სწორედ ამ შაშხანიდან (კალიბრი 6,5 მმ) განხორციელდა XX საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა. სარეკლამო განცხადება, შაშხანის გაყიდვის თაობაზე ლი ჰარვი ოსვალდმა გაზეთში ნახა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ იარაღით იტალიური არმია იყო შეიარაღებული. ომის შემდგომ, კომერციული გაყიდვის მიზნით Mannlicher-Carcano 91/38 დიდი ოდენობით აშშ-ში მოხვდა. მისი საშუალო ფასი 20-25 დოლარს არ აღემატებოდა. 1940 წელს დამზადებული შაშხანა, ოსვალდმა ფოსტით გამოიწერა.

ოსვალდის მსხვერპლი ამერიკის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო. დანამდვილებით დღემდე არ არის ცნობილი, იყო თუ არა ოსვალდი კენედის მკვლელობის მონაწილე. მართალია აშშ-ის მოსახლეობის 60 %-ზე მეტს ამის არ სჯერა, თუმცა ლი ჰარვი ოსვალდი და მისი შაშხანა "მანლიჰერ კარკანო 91/38" მსოფლიო ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში ვიზიტისას, სასკოლო სახელმძღვანელოების საწყობის მეექვსე სართულიდან განხორციელებული 3 გასროლით ოსვლადმა ტეჰასის გუბერნატორი ჯონ კონოლი და პრეზიდენტი კენედი დაჭრა, რომელიც სავაადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავად ოსვალდი ორი დღის შემდეგ, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისას, ღამის კლუბის მეპატრონე ჯეკ რუბიმ პისტოლეტით მოკლა.

რევოლვერი The Undercover

1964 წელს მეიარაღე დუგლას მაკლენჰარმა ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი კომპანია Charter Arms დაარსა, რომელიც ძირითადად რევოლვერების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. 6 მასრიანი რევოლვერი The Undercover (კალიბრი 9 მმ) სწორედ Charter Arms-ის ქმნილებაა. მოსახმარად მარტივი იარაღი როგორც პოლიციაში, ასევე სამოქალაქო პირებში დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ჯონ ლენონი სწორედ ამ რევოლვერით მოკლეს. 1980 წლის 8 დეკემბერს მარკ ჩემპენმა ნიუ-იორკის ქუჩაში მომღერალს 5 ტყვია ესროლა, საიდანაც მიზანს 4-მა მიაღწია. ექსპანსიური ტიპის ვაზნებმა ლენონს გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს - მომღერალი სავაადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. სასამართლომ ჩემპენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შეწყალების თაობაზე მისი შვიდივე წერილი იგნორირებული იყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ