ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე

ჰოლანდიელი სამხედრო ჟურნალისტის ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე

ჰოლანდიელმა სამხედრო ჟურნალისტმა, 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეწყვილე ოპერატორზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. იღუნ აკერმანსის საგამოძიებო ფილმში - "გამოძიება გორში - ოპერატორ სტან სტორიმანსის სიკვდილი" - გორის ცენტრში მომხდარი აფეთქების გარდა, ომისდროინდელი საქართველო და მის გარშემო განვითარებული მოვლენებიც არის ასახული. როგორც ცნობილია, ამ ომს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კიდევ ორი ჟურნალისტი შეეწირა: 10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან ტელეკომპანია "ალანიას" ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი ალექსანდრე კლიმჩუკი დაიღუპნენ...

ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ჰოლანდიელი ჟურნალისტი საქართველოში ჩამოვიდა და დოკუმენტური ფილმისთვის მასალების შეგროვებას შეუდგა. ფილმის ჩვენება "აირექსის" მულტიმედია განათლების ცენტრში (IREX Multimedia Education Center) გაიმართა.

50-წუთიან დოკუმენტურ ფილმში 2008 წლის ომის ის მოვლენებია ასახული, რომლის გადაღებაც ჰოლანდიელმა ოპერატორმა მოასწრო. აკერმანსმა მოიძია ქუჩის კამერებით გადაღებული, ასევე, ინტერნეტში გავრცელებული კადრებიც, რომლებშიც დაფიქსირებულია, თუ რა ხდებოდა იმ დროს გორის ქუჩებში... ამდენი წლის შემდეგაც ძნელია, ემოციის გარეშე უყურო უთანასწორო ომის ამსახველ სურათებს. ჰოლანდიელ ჟურნალისტს არც რუსი ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული და ინტერნეტში ატვირთული მასალა გამორჩენია, სადაც ქართული ჯარის ყაზარმაში მათი შევარდნაა ასახული. "ამათთან შედარებით, უკანასკნელი "ბომჟებივით" ვცხოვრობთ; არც საჭმელი გვაქვს და არც ტანსაცმელი", - გაჰყვირის ერთ-ერთი ჯარისკაცი და ნაალაფარ "ბათინკებს" საჩქაროდ იცვამს...

ფილმში შესული მასალის მიხედვით, რუსულმა მხარემ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკაც გააყოლა ხელს...

ავტორის თქმით, მაშინ, როდესაც რუსულმა საჯარისო შენაერთებმა გორის მიმართულებით "ისკანდერი" გაისროლეს, ქალაქის ცენტრი ხალხისგან დაცლილი არ ყოფილა - 12 აგვისტოს რუსულ მხარესთან მიღწეული იყო შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ... ამასთან, დოკუმენტური ფილმის მიხედვით, კასეტური ბომბი, რომელიც გორის ცენტრში ჩამოაგდეს, პირდაპირ სახლებზე იყო დამიზნებული... მაშინ, სტან სტორიმანსთან ერთად დაიღუპა 11 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ისრაელიდან ჩამოსულ ჟურნალისტს 30-მდე ანასხლეტი მოხვდა.

როგორც ფილმის ჩვენების ორგანიზატორი, ანა ჭიჭინაძე ამბობს, იღუნ აკერმანსს საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მან 90-იან წლებში ქართულ-აფხაზური ომიც გააშუქა და კარგად იცნობს ქვეყნის შიგნით და მის გარშემო არსებულ პრობლემებს... დოკუმენტური ფილმი ნაჩვენები იყო ჰოლანდიურ არხზე RTLL, სადაც აკერმანსი მუშაობს. საგამოძიებო ფილმის დასრულების შემდეგ, 2009 წელს, აკერმანსს უნდოდა, ის ქართველი მაყურებლისთვისაც ეჩვენებინა და იმავე წელს, ფილმის პრემიერის მოწყობა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" შესთავაზა, მაგრამ ფილმის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მის ჩვენებაზე რატომღაც, უარი თქვა. ჰოლანდიელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ფილმში ასახული ის რამდენიმე მომენტია, რომლის ნახვაც მაშინდელი ხელისუფლებისთვის "მაინცდამაინც სასიამოვნო არ იქნებოდა"...

იღუნ აკერმანსი, ფილმის ავტორი:

- 12 აგვისტოს, გორში მომხდარი აფეთქებისას, როდესაც სტანი დაიღუპა, სიკვდილს მეც ჩავხედე თვალებში, მაგრამ გადავრჩი, მხოლოდ ფეხში ვიყავი დაჭრილი. უდიდესი სტრესი გადავიტანე... რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და დავიწყე გამოძიება, - სინამდვილეში, გორის ცენტრში რა და როგორ მოხდა. ასევე, გახლდით რუსეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც შევხვდი და ვესაუბრე დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს, რათა გამერკვია, ეკუთვნოდა თუ არა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, გორის ცენტრში ჩამოვარდნილი შშ-26 ტიპის "ისკანდერი": საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს უარყოფდა და ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაც არსებობს. შემიძლია წარმოგიდგინოთ მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებების ფრაგმენტებიც: "ჰოლანდიის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ჰოლანდიელი ოპერატორი, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის დროს დაიღუპა, რუსული კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა... რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჰოლანდიური მხარის მიერ წარმოდგენილი მასალით შეუძლებელია ზუსტი დასკვნის გაკეთება იარაღის იმ ტიპზე, რომლის ნამსხვრევიც ოპერატორს მოხვდა...

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 20 ოქტომბერს კომისიამ წარმოადგინა მოხსენება გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ სტორიმანსი დაიღუპა კასეტური ბომბების მატარებელი SS-26 ტიპის რუსული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გასროლის შედეგად, რასაც რუსეთის საგარეო უწყება არ იზიარებს. მიგვაჩნია, რომ რეალური ვითარების დადგენა მხოლოდ სამხედრო ექსპერტების უფრო გულდასმით მუშაობას მოითხოვს. სხვათა შორის, კასეტური ბომბები ქართულ მხარესაც აქვს შეიარაღებაში" (იმავე უწყების განცხადებით, - საქართველომ აღიარა კასეტური ბომბების გამოყენება და აღნიშნა, რომ მათი გამოყენება მხოლოდ დაუსახლებელ ადგილებში მოხდა, რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, როკის გვირაბის მახლობლად. - ავტ.). თუმცა, ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში რუსი (ალექსანდრე პუხოვი), გერმანელი (რობერტ შმუკერი) და ამერიკელი (სამხედრო იარაღის ექსპერტი, მარკ გარლასკო) ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ შშ-26 ტიპის "ისკანდერი" რუსეთის სამხედრო არსენალში ნამდვილად ირიცხებოდა. უფრო მეტიც, ეს იარაღი ამავე სახელმწიფოში იყო წარმოებული.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოაგდო მოწინააღმდეგემ ეს რაკეტა ქართულ ქალაქში მას შემდეგ, როცა უკვე მიღწეული იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

- ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებდა და შევეცადე, როგორც რუსი, ისე სხვა ეროვნების სამხედრო ექსპერტების პასუხები მომესმინა. მათი თქმით, რუსულ მხარეს ამ ტიპის იარაღის გამოცდა უნდოდა. გერმანელი სამხედრო ექსპერტის, რობერტ შმუკერის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა საომარი მოქმედებების დროს აუცილებლად ცდის ახალ იარაღს.

- რას გულისხმობდით, როდესაც განაცხადეთ, - შესაძლოა, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იმიტომ თქვა უარი ფილმის ჩვენებაზე, რომ იქ ხელისუფლებისთვის "არასასიამოვნო მომენტები" იყოო?..

- იმას, რომ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვერ გამცა... საქმე ის არის, რომ აფეთქების დროს მეც სტანის გვერდით ვიმყოფებოდი და ფეხში დავიჭერი. როდესაც პირველმა ემოციამ ჩაიარა, გულდასმით დავათვალიერე ის ადგილი, სადაც აღნიშნული "ისკანდერი" ჩამოვარდა. სამხედრო საკითხებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიზუალურად მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა გორში ჩამოვარდნილი SS-26-ის ნამსხვრევი. როდესაც ფილმზე მუშაობა დავიწყე, შოთა უტიაშვილს მივმართე თხოვნით, ჩემთვის მოეწოდებინა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც რუსული მხარის მიერ გამოყენებული იარაღის ჩამონათვალი და მისი ნამსხვრევები იყო ასახული. ერთად წავედით იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი გახლდათ თავმოყრილი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მათ შორის SS-26 "ისკანდერის" ნამსხვრევი არ ყოფილა... დავინტერესდი, რატომ არ ჰქონდათ კონკრეტულად ამ იარაღის ნაწილი, მით უმეტეს, რომ ის ნამდვილად არსებობდა, საკუთარი თვალით ვნახე...

უტიაშვილმა მიპასუხა, - ასეთი რამ გამოყენებული არ ყოფილაო. როდესაც საკითხი უფრო მკაცრად დავაყენე, აღმოჩნდა, რომ "იპოვეს" ანუ თავიდანვე არსებობდა, მაგრამ სადღაც ჰქონდათ გადამალული. ბატონ შოთას ვკითხე: რა მიზანს ემსახურებოდა მისი გადამალვა? რაზეც მან უხერხულად აიჩეჩა მხრები. ეს ფილმშიც ჩანს... მე ასევე მოვინახულე სტანთან ერთად დაღუპული ადამიანების ოჯახები, რათა გამერკვია, თუ რა ფინანსური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინა მათ სახელმწიფომ. დავადგინე, რომ 12 აგვისტოს აფეთქების შედეგად დაღუპულ 11 ადამიანს მაშინდელმა ხელისუფლებამ ომში დაღუპულის სტატუსი არ მიანიჭა. რაც შეეხება ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას, - ერთადერთი ნივთი, რითაც ხელისუფლება დაღუპულების ოჯახებს დაეხმარა, ელექტროღუმელი იყო, რომელიც მათ ერთი წლის შემდეგაც ხელუხლებლად ედოთ... ეს ფილმშიც არის ნაჩვენები და ამაზე (ხელისუფლების უყურადღებობას ვგულისხმობ), დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებიც ლაპარაკობენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა გორთან ახლომდებარე სოფელში მცხოვრები პატარა ქერა გოგონა, რომლის მამაც ქალაქში სხვების დასახმარებლად გავიდა. ეს პატარა გოგონა მძიმე ცხოვრებას ნაადრევად დაებრძნებინა და ისე ლაპარაკობდა, როგორც ბევრის მნახველი ქალი... ფილმი ერთ-ერთი დაღუპული, შუახნის კაცის საფლავთან, მგლოვიარე დედის სიტყვებით სრულდება: სხვის დასახმარებლად წასული შვილი სახლში დაღუპული მომისვენესო... რა თქმა უნდა, მომხდარში რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ კითხვები ქართველების მიმართაც არსებობს.

- თქვენ შესახებაც გვიამბეთ. აღნიშნეთ, რომ სამხედრო თემატიკაზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გაქვთ...

- ჰოლანდიური არხის RTLL-ის ყოველდღიური ტელეჟურნალის RTLL-news-ის ჟურნალისტი ვარ. 10 წელზე მეტია, ბერლინში ვცხოვრობ და გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხელ წერტილებში სამხედრო კორესპონდენტად ვმუშაობ. 90-იან წლებში ქართულ-აფხაზური ომის გაშუქებამ მომიწია. ეს პერიოდიც მძიმედ მახსენდება, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაოგნებული ვიყავი ქართველი მეომრების გულწრფელი პატრიოტიზმით, მათი გამბედაობითა და სითამამით. სხვა, პოლიტიკური და სამხედრო შტრიხები კი განსახილველად, სამხედრო ექსპერტებს დავუტოვოთ... 1994 წელს ვიყავი ჩეჩნეთში. ეს ომი ჩემს მეხსიერებას წარუშლელ კოშმარად შემორჩა. მას შემდეგ, არაერთ კონფლიქტზე მომიწია მუშაობამ, მაგრამ ჩეჩნეთის ომი წითელი ზოლივით გასდევს ჩემს 20-წლიან პროფესიულ ბიოგრაფიას. მე ვნახე ომის სისასტიკისგან ბავშვობადაკარგული ათასობით მოზარდი, რომელთა ზურგს უკან ასევე ათასობით ადამიანის სახედაკარგული და გაუბედურებული, შურისძიებით ანთებული ჩეჩენი იდგა... ჩეჩნეთის ომის საუკეთესოდ გაშუქებისთვის დიკ შერპენზელის პრიზით დამაჯილდოეს. რუსეთშივე მაქვს გადაღებული დოკუმენტური ფილმი "გულაგის ტყვეები", რომელშიც ასევე ძალიან დიდი შრომა ჩავდე... მოვამზადე რეპორტაჟების სერია ცხელი აფრიკიდან და ბელგრადიდან - ნატოს მიერ განხორციელებული დაბომბვების დროს; ასევე, პრინცესა დაიანას დაღუპვის შესახებ; ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ...

2009 წელს გამოვეცი წიგნი "საზღვრები არსებობს", რომელშიც ჩემი 20-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილების შედეგად დაგროვილ ცოდნას მოვუყარე თავი და ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ევროპაში მიმდინარე მოვლენების ანალიზიც შევთავაზე მკითხველს... ჩვენი პროფესია ძალზე ძნელი, სარისკო და საპასუხისმგებლოა. მუშაობის პროცესში არაერთხელ დავშავებულვარ, მაგრამ "მცირედი ნაკაწრები" არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამ რისკის ფასად მოპოვებული "პროდუქტი" გვაძლევს... საძინებელ ოთახშიც კი ომსა და სიკვდილზე ვფიქრობ. ძნელია, როდესაც გარშემო ტყვიების ზუზუნია და სისხლის სუნი ახლოდან გცემს; როდესაც უყურებ იმ ადამიანის ნაკუწებად ქცეულ ცხედარს, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ესაუბრებოდი... მაგრამ ომი, საუბედუროდ, ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია, თავისი კოშმარებით, სისხლითა და ცრემლებით. აუცილებელია, რომ ჩვენ, ჟურნალისტებმა პირადი დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ და ყველაფერი ობიექტურად გავაშუქოთ.

- სტან სტორიმანსთან დიდი ხანი მუშაობდით?

- საკმაოდ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ის პროფესიონალი იყო. თავისი საქმე უყვარდა და ცხელ წერტილებში მუშაობასაც არ ერიდებოდა. მის მაღალ პროფესიონალიზმსა და საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე, ფილმში მისი მეუღლეც საუბრობს. სხვათა შორის, სტორიმანსის მეუღლესთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე წარმოებაშია.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია