გიორგი ჟვანია პრეზიდენტს ზურაბ ჟვანიას ღირსების შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს

გიორგი ჟვანია პრეზიდენტს ზურაბ ჟვანიას ღირსების შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს

გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გიორგი ჟვანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავისი ძმის ღირსების შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ჟვანია "ინტერპრესნიუსისთვის" მოწოდებულ განცხადებაში აღნიშნავს, სააკაშვილს მოელის უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გარშემო.

"გუშინ გავრცელდა სააკაშვილის განცხადება ჩემი ძმის გადაცვალებასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი შეეცადა გარდაცვლილი ადამიანის ღირსების შელახვას. აქამდე ამ სამუშაოს ასრულებდნენ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები და მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცსამსახურები. ამჟამად მას აღარც ეს სამსახურები ჰყავს, გარემოცვაც შეუთხელდა, მხოლოდ თავისი უზნეობა და არაკაცობაღა შემორჩა, რასაც დაემატა ცხოველური შიში მოახლოებული პასუხისმგებლობისა თავისი მრავალწლიანი დანაშაულებრივი მოღვაწეობის გამო. მათ შორის, სააკაშვილს მოელის უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემი ძმის მკვლელობის გარშემო. მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, რა დანაშაული აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილი, ამიტომაც შეშინებული და აგონიაში მყოფი აკეთებს უბადრუკ განცხადებებს. ეს ყველაფერი დასასრულისკენ მიდის და უახლოეს თვეებში საზოგადოება თავისი პრემიერ-მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე მიიღებს ამომწურავ პასუხს, ხოლო სააკაშვილი და მისი ხროვა კი პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე", - აცხადებს გიორგი ჟვანია.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას სახელი მისთვის წმინდაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ზურაბ ჟვანია მისი უახლოესი მეგობარი იყო. "მისი გარდაცვალების გამოძიებაზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დადო დასკვნა, რომლითაც ჩემთვის ყველა კითხვას გაეცა პასუხი", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა