ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან გამოძიების განახლების შემდეგ საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აღმოჩნდა.
"საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ ვიცოდით. ეს მტკიცებულებები ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გამოძიების განახლების შემდეგ გახდა. ეს დეტალები გახდება წინაპირობა იმისა, რომ საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.
გარდაცვლილი პრემიერის ძმა გვამების ეგსჰუმაციასაც არ გამორიცხავს. მისი განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საგამოძიებო პროცედურა ჩატარდება.
საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე რაულ უსუპოვის მამაც საუბრობს. მისი თქმით, გამოძიების დასრულებისთანავე ყველა შეიტყობს, რა მოხდა სინამდვილეში.
"აქამდე საუბარი იყო ერთ ფეხსაცმელზე და ახლა გამოიკვეთა, რომ ორივე ფეხსაცმელი ადგილზე ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს იყო მკვლელობა და ეს არაერთხელ მითქვამს. თუმცა, საბოლოო წერტილს ამ საქმეში გამოძიება დასვამს", - აღნიშნა იური უსუპოვმა.
ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.