ქართველი ბებო ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირებს Facebook-ის საშუალებით ყიდის

ქართველი ბებო ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირებს Facebook-ის საშუალებით ყიდის

ნებისმიერი ბიზნესწამოწყებისთვის სოციალური ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი საშუალებაა. ამ მხრივ უპირობო ლიდერი "ფეისბუქია", რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავისი საქმიანობის წარმოჩენა და გარკვეული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება ხელთნაკეთი ნივთები, ანტიკვარი, ახალი და მეორადი წარმოების ნებისმიერი ნივთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და უამრავი სხვა, რისი შეძენაც შეიძლება.

გურჯაანში მცხოვრებ მარო ბებოს, ალბათ, ვერასდროს წარმოედგინა, რომ კახური ჩურჩხელის გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შეეძლო. არადა, მის ნახელავს უკვე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეცნობა საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც. მართალია, თავად თანამედროვე ტექნიკაში ვერ ერკვევა, მაგრამ შვილიშვილის დახმარებით ახალი შესაძლებლობების შესახებ იცის. პირველი მყიდველიც შვილიშვილმა მოუყვანა.

გურჯაანელი გიორგი მეურმიშვილი ამბობს, რომ ოჯახში დამზადებული ჩურჩხელების გაყიდვაში სწორედ "ფეისბუქი"დაეხმარა. სამომავლოდ უფრო აქტიურადაც ცდილობს სოციალური ქსელის გამოყენებას, რომ სოფელში დარჩენილ ბებია-ბაბუას ნაშრომის გაყიდვაში დაეხმაროს.

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შარშან რთვლის სეზონზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ავტვირთე- თავდაპირველად მხოლოდ მეგობრებისთვის, გამოხმაურებას არც კი ველოდი. ერთხელაც, საქართველოში სტუმრად მყოფმა უცხოელმა მომწერა, შემეძლო თუ არა, კარგი ხარისხის კახური ჩურჩხელის ყიდვაში დავხმარებოდი. ბებიაჩემის მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა შევთავაზე. ჩურჩხელის გარდა, მარო ბებოს ჩამიჩის, ჩირისა და ტყლაპების გაყიდვაშიც დავეხმარე.

ახლა მსგავის განცხადება "ფეისბუქზე"ძალიან ბევრია, თუმცა გარკვეული რაოდენობის გაყიდვა მაინც მოვახერხე. ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო გავაქტიურდები და სოფელში დარჩენილებსაც მეტი სტიმული მიეცემათ",- ამბობს გიორგი მეურმიშვილი.

საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით ინტერნეტის გამოყენება სხვა რეგიონებშიც დაიწყო, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ვერ ახერხებს, რადგან კერძო სექტორში ჯერ კიდევ არის ინტერნეტის პრობლემა.

გარდა საკვები პროდუქციისა, ამ საშუალებით გაადვილდა ძველი ნივთების, ავეჯის, ნახმარი ავტომანქანების, მოპედების, ველოსიპედებისა და სხვადასხვა ძვირადღირებული თუ იაფიანი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა.

ახალგაზრდა შემოქმედი ნათია ურუშაძე ხელნაკეთი სამკაულების გაყიდვას სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებს. ამბობს, რომ მის ნახელავს ინტერნეტში დიდი მოწონება აქვს და შეკვეთებსაც იღებს.

"ადრე მხოლოდ სამკაულებს ვამზადებდი, თითოს 15-20 ლარად ვყიდდი. მომხმარებელი სოციალური ქსელის წყალობით შევიძინე. მოთხოვნა რომ გაიზარდა, სამკაულების დიზაინი გავართულე, ახალი შტრიხებით დავტვირთე. ახლა სამკაულების გარდა, ვამზადებ ჩანთებს, ქუდებს და სხვადასხვა აქსესუარს, რითაც კი შეიძლება ადამიანი დაინტერესდეს.

სოციალური ქსელის უკვე იმდენად ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, რომ გამოფენის მოწყობაც გადავწყვიტე. ტექნიკის მიღწევამ ახალი შესაძლებლობები მომცა. სამსახურის გარეშე დარჩენილს სხვა გამოსავალი არ მქონდა, ლამის დეპრესიამდე მივედი, მაგრამ ახლა მოდუნების საშუალებაც აღარ მაქვს,"- ამბობს ახალგაზრდა შემოქმედი.

სოციალურ ქსელში ნათიას უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა. დღეს საკუთარი ხელობის ფართო მასებისთვის გასაცნობად და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინტერნეტს ბევრი ადამიანი იყენებს. სხვადასხვა ხარისხის სამკაული ფასითაც განსხვავდება. მისი ყიდვა ინტერნეტის მომხმარებლებს უკვე 10-15 ლარიდან შეუძლიათ. მაღალი ხარისხის შემთხვევაში, ხელნაკეთი სამკაულის ფასი 200 ლარსაც აღწევს.

იქ, სადაც კომპიუტერის პრობლემაა, ინტერნეტის გამოყენებას მობილური კომპანიების მომხმარებლები ტელეფონის დახმარებით ცდილობენ. ასეთი საშუალება გამოიყენება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, სადაც მობილური ტელეფონია.

ამას წინათ თბილისელმა კახა მიქაძემ საკუთარი მოპედის გაყიდვა ინტერნეტით სცადა. შესაბამისი განცხადება ინტერნეტში მოათავსა და სატელეფონო ზარებს დაელოდა.

მოპედის შეძენის მსურველმა კახას განცხადების დადებიდან 2 დღეში დაურეკა და ფასშიც შეთანხმდნენ.

მოპედის ყიდვა ქისტ ყმაწვილს გადაეწყვიტა, რისთვისაც ის სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ სახტად დარჩა: მოპედი პატარა იყო, ხოლო ქისტ ბიჭს ის ცხვარში სასიარულოდ სჭირდებოდა.

"ახალგაზრდა ქისტს უნდოდა მოპედით, მამასთან ერთად შეძლებოდა გადაადგილება. ამისთვის მას, წესით, ორადგილიანი მოპედი სჭირდებოდა. თქვა, რომ ფოტოზე დაფიქსირებული მოპედი მობილური ტელეფონის ეკრანზე სრულად არ ჩანდა და არჩევანში შეცდა.

საწყალმა ბიჭმა დიდი გზა გამოიარა, მაგრამ მოპედის ყიდვა ვერ შეძლო. მე მას 900 ლარად ვყიდდი. ამ ფასად ის, ცხადია, დიდ მოპედს ვერ იყიდდა. შევეცადე, დავხმარებოდი, მასთან ერთად ბევრი ვეძებეთ ინტერნეტში, მაგრამ ამაოდ. ხელცარიელს მოუხდა წასვლა. ამ შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ მოპედი ინტერნეტის საშუალებით გავყიდე, ახლის შეძენაშიც სოციალური ქსელი დამეხმარა",- ამბობს კახა მიქაძე.

სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელია ნანა შაქარაშვილი, რომლის თქმითაც, ბოლო დროს ბაზრობებსა და მაღაზიებში სიარულსაც უკლო.

"ვიცი, ეს სენია, მაგრამ მისგან თავის დაღწევა ვერ შევძელი. როგორც კი რაღაც ნივთის ყიდვას დავაპირებ, ვეძებ ინტერნეტში. ასე ვყიდულობ ყველაფერს – ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ჩანთას, სამკაულს, საჩუქარს და სხვა, რისი ყიდვაც შესაძლებელია. არც კი მახსოვს, ბოლო დროს როდის ვიყავი მაღაზიაში. როგორც კი რამე მომეწონება, ინტერნეტით ვიწერ, ამისთვის არჩევანი ძალიან დიდია. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, მაგრამ სოციალურმა ქსელმა ჩემი ცხოვრების სტილიც და წესიც რადიკალურად შეცვალა", - ამბობს "ფეისბუქის"მომხმარებელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ