ორი ამნისტირებული პატიმრის ცხოვრების სისხლიანი დასასრული

ორი ამნისტირებული პატიმრის ცხოვრების სისხლიანი დასასრული

ბოლო დროს ციხე ბევრმა ადამიანმა დატოვა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ამან ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაართულა; ნაწილის აზრით, ხალხში უსამართლობის განცდამაც დაისადგურა. იმასაც ამბობენ, ადამიანები სამართლის აღსრულებას თავად შეეცდებიანო. რამდენად არის ამის საშიშროება, არ ვიცი, თუმცა ფაქტია: ბოლო დროს ორი ამნისტირებული პატიმარი მოკლეს. თავისუფლებაში ისინი სულ ცოტა ხანი იყვნენ. ორივე დაღუპულს სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა, სასტიკად იყვნენ მოკლულები.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ხვაბრეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან თითქმის სამი თვე გავიდა, მაგრამ ძალოვანებს დანაშაული დღემდე არ გაუხსნიათ. 47 წლის გოჩა გუჯაბიძე საკუთარი სახლის ეზოში უმოწყალოდ ჩაცხრილეს. სროლის ხმაზე გარეთ გამოსულ მის მოხუც მშობლებს შემზარავი სურათი დახვდათ, მათი ვაჟი სისხლისგან იცლებოდა.

ვარდენ გუჯაბიძე, მოკლულის მამა:

- გარეთ სროლის ხმაზე გავედი. ჩემი შვილი ჭიშკართან დასისხლიანებული ეგდო. როგორც ჩანს, მკვლელები ჩასაფრებულები იყვნენ. სახლში მანქანით დაბრუნდა, მანქანა დააყენა და ჭიშკარს კეტავდა. არადა, ყოველთვის მე ვკეტავდი. ერთადერთი შემთხვევა იყო, მისი მოსვლა რომ ვერ გავიგონე. სროლის ხმაზე გავედი გარეთ. ჩემი შვილი ძირს ეგდო. უცებ გავიქეცი იქითკენ, საითაც ჩემი ორიენტაციით, მკვლელი უნდა წასულიყო, გავეკიდე, მაგრამ ამ დროს ჩემი მეუღლის განწირული ხმა შემომესმა: "ვარდენ, დაბრუნდი, გოჩა სუნთქავს!" უცებ უკან მოვტრიალდი, იქნებ შვილი გადავარჩინო-მეთქი, მაგრამ საავადმყოფომდე მისი მიყვანა ვერ შევძელი, ხელში ჩამაკვდა.

- რაიმეს თქმა ვერ მოასწრო?

- მითხრა თუ არა რამე, ახლა ამას ვერ გეტყვით. ჯერ პოლიციას არ გაუხსნია დანაშაული, გარკვეული არ არის, ჩემი შვილი ვინ და რატომ მოკლა. საქმეს რეგიონული სამმართველო იძიებს; ძალიან მონდომებულია, მაგრამ ხელს უშლის რაიონული პოლიცია. იქნებ რამე დაადგინონ, თუ არა და, მე ვიცი, რას ვიზამ. არ მაქვს იმედი, რომ რაიონის პოლიცია გახსნის, ამიტომ ჩემი გზებით ვცდილობ დანაშაულის გახსნას. გოჩა სადისტურად მომიკლეს. "აკს"-ის და ვინჩესტერის ტიპის იარაღიდან გასროლით ჩაცხრილეს. "მაკაროვიც" გამოიყენეს. საშინლად დასახიჩრებული იყო, უამრავი ჭრილობა ჰქონდა. ჭიშკარიც მთლიანად დაცხრილული იყო. ძალიან ძნელია, უყურო ყოველდღე იმ ადგილს, სადაც შვილი მოგიკლეს. დასამალი ადგილები ჰქონდათ მკვლელებს, მაგრამ ადგილობრივი რომ არ ყოფილიყო გარეული, უცხო კაცი ვერ გაიკვლევდა გზას. გოჩა ამნისტიით 14 თებერვალს გათავისუფლდა. სინამდვილეში, ის ჩემ გამო იხდიდა სასჯელს. კაცი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკისთვის დააკავეს. ვთქვი, - აქციაზე მივდივარ-მეთქი და მეორე დღეს ჩემს შვილს წამალი ჩაუგდეს. 21 სასამართლო სხდომა ჩატარდა და სიმართლე ვერ დავადგინეთ. 8 წელი მიუსაჯეს, ციხეში წელიწადი და 9 თვე იჯდა.

- ამბობენ, გოჩა ქურდული ტრადიციების მიმდევარი იყოო. ხომ არ ჰქონია ვინმესთან კონფლიქტი? რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი?

- გოჩას მტერი არ ჰყავდა. ციხიდან ერთი კვირის გამოსული, საპატრულო პოლიციამ მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა. მაშინ პოლიციის ხელმძღვანელს უთქვამს, - საქართველოს როდის დატოვებო? - რატომ უნდა დავტოვოო? - უკითხავს. - რა ვიცი, პრობლემები არ შეგექმნასო... ქურდული მენტალიტეტის არ იყო. სიმართლისთვის მებრძოლი კაცი იყო. სოფელში კარგი სახელი ჰქონდა... იმ დღეს ახლობელთან ბავშვის მისალოცად წავიდა იმ გოგოსთან ერთად, რომელზედაც რამდენიმე დღეში დაქორწინებას აპირებდა. ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე სახლში ორი უცხო მამაკაცი მოსულა და გოჩას ტელეფონის ნომერი უთხოვია ჩემი მეუღლისთვის; უკითხავთ, - გოჩას რა ფერის მანქანა ჰყავსო? არ ვიცი, ვინ იყვნენ. ჩემს შვილს შიში არ ჰქონია. რომ ჰქონოდა პრობლემა, მეცოდინებოდა. უკვე მოთმინების ფიალა ივსება, რადგან არ იხსნება ეს საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში რაიონის პოლიცია იყო გარეული. ჯერ არ მაქვს პასუხი, რატომ მომიკლეს შვილი. მე რა ეჭვიც მაქვს, ამას ჯერ არ ვამბობ, ეს იცის ერთმა კაცმა და ვიცი მე.

- იქნებ ის მაინც გვითხრათ, ეს შურისძიება იყო?

- შურისძიება. იმიტომ, რომ არ აწყობდათ ასეთი სიმართლის მძებნელი ადამიანი და ჩამოიშორეს. ისედაც ბევრი ვილაპარაკე, დაველოდოთ გამოძიებას.

მართალია, გოჩა გუჯაბიძის მკვლელობა გაუხსნელია, მაგრამ ოპერატიულად გაიხსნა კიდევ ერთი ამნისტირებული პირის, 35 წლის მალხაზ მთვარაძის მკვლელობა. საქმე ამ შემთხვევაშიც განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გორის რაიონის სოფელ შინდისში, საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იგი ყელგამოჭრილი იპოვეს. სხეულზე უამრავი დაზიანება ჰქონდა. ციხიდან 4 თვის გამოსული იყო. განზრახ მკვლელობაში მისი თანასოფლელი, 23 წლის ელგუჯა გელაძე ამხილეს. მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებენ, მაგრამ ბრალდებულის ოჯახის მტკიცებით, მოკლული იქით დაესხა თავს ბრალდებულს. როგორც ირკვევა, მათი დაპირისპირების მიზეზი წლების წინ ჩადენილი დანაშაული იყო: მოკლული, ბრალდებულის ოჯახის დაყაჩაღებისთვის იხდიდა სასჯელს. მან ციხეში 10 წელი გაატარა. თავის დროზე მთვარაძეს სხვა თანასოფლელების დაყაჩაღებაშიც ადანაშაულებდნენ.

ბრალდებულის მამა, ზაქრო გელაძე 10 წლის წინ მომხდარ თავდასხმას ასე იხსენებს:

- 2003 წელს, ღამის 3 საათზე დაგვესხნენ თავს. შემოსვლისთანავე, დანით თვალის არეში ჭრილობა მომაყენეს. დიდ ფულს ითხოვდნენ. მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. უფროს გოგონას ოქროს საყურეც კი ჩამოხსნეს ყურიდან. დანით საშინლად მაწამეს, მთელი სხეული დაჩხვლეტილი მქონდა. ახლაც მეტყობა დაზიანებები. არც ჩემი მეუღლე დაინდვეს, ისიც დაჭრეს. უმოწყალოდ მირტყამდნენ, მერე სარდაფში ჩამათრიეს, იქ გამომამწყვდიეს, ხმაური რომ არ გაეგონათ მეზობლებს. წამება იქ გაგრძელდა. შუშის ქილებიც კი დამატეხეს თავზე. მერე სახლიდან წაიყვანეს ჩემი ახალი ნაყიდი "ნივა" და ფული რაც მქონდა, 1.700 ლარი, 300 დოლარი; ხურდა ფულიც არ დაუტოვებიათ. ჩემი ოჯახის დაყაჩაღებამდე სოფელში არაერთი ოჯახი იყო დაყაჩაღებული, ერთი და იმავე ჯგუფის მიერ. ისინი სხვადასხვა სოფელში მოქმედებდნენ. მათ შორის იყო მთვარაძე. ბოლოს, დააკავეს და გაასამართლეს. ერთ-ერთი დაზარალებული პროცესზე მეც ვიყავი. ჩემთვის არც მანქანა დაუბრუნებიათ და არც წართმეული ფული. ბოლო ყაჩაღობის დროს ერთი ყაჩაღი მოკლეს და ყველაფერი ამის შემდეგ გაიხსნა. მერე ყველა დანაშაული ბოროტმოქმედებმა მოკლულს გადააბრალეს. მართალია, ჩვენს სახლში ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ ყველა არ დასჯილა. არ ვიცი, ამას დანაშაულის გახსნა ჰქვია საერთოდ თუ - არა.

ნონა გელაძე, ბრალდებულის დედა:

- დღემდე მაქვს თავის ტკივილები, ცემის შედეგად ისეთი დაზიანება მივიღე. დაჭრილიც ვიყავი. საათზე მეტხანს გრძელდებოდა ცემა. ვუყურებდი, როგორ ჩხვლეტდნენ დანით ჩემს მეუღლეს. უმცროსი შვილი მაშინ წლისა და თვეების იყო. ბევრი დამნაშავე არ დაუსჯიათ. დღესაც თავისუფლად დადის ერთ-ერთი, რომელიც მე მაშინ ამოვიცანი ტანსაცმლით და ხმით, მაგრამ მისი ვინაობა არც მეუღლისთვის და არც შვილისთვის არასოდეს მითქვამს. მთვარაძე მაშინ გაასამართლეს. არც დაყაჩაღება გვაკმარეს და ახლა მთლად დავიღუპეთ. არავითარი შურისძიება არ ყოფილა. ჩემს შვილს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია მასთან. ციხიდან მთვარაძე რომ გამოვიდა, ჩემი შვილი დაიბარა და უთხრა, - თქვენი ოჯახის ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიმიღია და ყველაფერს გაგაგებინებ, ვინ იყო მოსულიო... ჩემმა შვილმა იმ დღეს მეგობარი გააცილა მაღაზიამდე; უკან რომ ბრუნდებოდა, იქ დახვდა მთვარაძე, ეტყობა, ჩასაფრებული იყო. მეზობლები ამბობენ, ღამით გამოდიოდა გარეთ, დღისით ხალხს არ ენახვებოდაო. ყველამ იცის, რა წარსულის იყო.

მთვარაძის ბრალეულობაზე საუბრობს კიდევ ერთი ქალბატონი, ნანი ცერცვაძე. მას მეუღლე ყაჩაღობის დროს მოუკლეს.

ნანი ცერცვაძე:

- სანამ გელაძეებს დააყაჩაღებდნენ, ისინი ჩვენც დაგვესხნენ თავს. საღამოს 11 საათი ხდებოდა, როცა ნიღბიანი ბიჭი გადაჭრილი თოფით სახლში შემოვარდა. ჩემი მეუღლე იწვა და ჟურნალს კითხულობდა. მაშინ 54 წლის იყო. მეგონა, მეზობლის ბიჭი ხუმრობდა, რადგან არც ფული გვქონდა და არც ოქრო. - ვინა ხარ, შვილო, რა გინდა-მეთქი? - ვკითხე. ის ჩემს მეუღლეს მიუახლოვდა, მე შუაში ჩავუდექი. კიდევ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ამ დროს კონდახი ჩამარტყა თავში. დაყვირება მოვასწარი. მეორე ოთახიდან ჩემი შვილი გამოვარდა. ამ დროისთვის ჩემი მეუღლე უკვე დაჭრეს. მერე ჩემს შვილს დაუმიზნეს ტყვია და მკლავში დაიჭრა. მიუხედავად ამისა, დამნაშავეს გაეკიდა. თავდამსხმელები გაიქცნენ... ჩემი მეუღლე ადგილზევე გარდაიცვალა, მას ნატყვიართან ერთად, დანითაც ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ამის დავიწყება შეუძლებელია. სახლში სისხლის გუბე იდგა. მთელ ოთახში ჩემი შვილის ხორცის ნაფლეთები იყო მიმოფანტული, - ჭერზე, კედლებზე. ნაფლეთებად აქციეს ჩემი შვილის მკლავი; დღეს შვილი ინვალიდი მყავს. ოქროს მარჯვენა ჰქონდა, ყველა საქმე გამოსდიოდა... მთვარაძე იყო გარეული ამ საქმეში და გაასამართლეს კიდეც. ეს არ იყო მისი ჩადენილი ერთადერთი დანაშაული. 18 წლის წინ ჩვენი ახლობელი ბიჭი მოკლა. ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო 19 წლის ბიჭი; მას ავტომატი გამოართვა და იმ ავტომატით მოკლა. დაჭრილმა თემომ სიკვდილამდე მოასწრო თქმა, რომ მთვარაძის მოკლული იყო. მკვლელს ჭრელი თვალები ჰქონდა და ფისოს ეძახდნენ; იმ ბიჭმა თქვა, - ფისომ მომკლაო. ჩვენს სოფელში ბევრი ოჯახი ჰყავდა გამწარებული. ჯერ ჩვენ დაგვაყაჩაღეს, შემდეგ - ბაბილაშვილები, მერე - გელაძეები... ერთხელ ჩემი შვილიც მიუვარდა შეიარაღებული, მთვარაძეებს... ციხიდან რომ გამოვიდა დამნაშავე, მას მერე ჩემი შვილი ყველანაირად ერიდებოდა, ამბობდა, - მეშინია, თავზე კონტროლი არ დავკარგო და რამე არ მოვიწიოო. შეიძლება, ჩემი შვილიც გასწორებოდა. როცა გავიგე, ციხიდან გამოუშვეს, ძალიან ცუდად გავხდი. ჩემს გოგოს შეხვედრია მთვარაძე და უთქვამს, თქვენს ოჯახთან კიდევ მაქვს რაღაც გასასწორებელიო; ისევ იმუქრებოდა...

მკვლელობაში ბრალდებული გელაძე დაპატიმრების დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას ავტოავარია მოსვლია. გელაძემ დანაშაული აღიარა. ამბობს, რომ მოკლული თავს დაესხა და მან ეს თავდასხმა მოიგერია.

მკვლელობის იარაღი - დასისხლიანებული დანა იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, წყალთან იპოვეს. როგორც ჩანს, ბრალდებულმა იქ დაიბანა სისხლიანი ხელი, მერე თავის ბებიასთან წავიდა და დაიძინა. მეორე დილით კი სამართალდამცველებთან დანაშაული აღიარა.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, მას სხეულზე ათეულობით ჭრილობა აღენიშნებოდა. ბრალდებულს სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ. როგორც შევიტყვეთ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში აღრიცხვაზეც იმყოფებოდა.

მთვარაძეები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობენ. მოკლულის ძმებს სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს. სოციალურად დაუცველები არიან და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

ზაზა მთვარაძე, მოკლულის ძმა:

- 10 წლის წინ მკვლელის ოჯახი დააყაჩაღეს და ამ საქმეს ჩემს ძმას აბრალებდნენ. მალხაზი დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, ვინ იყო შესული გელაძეების სახლში. ჩემი ძმა უდანაშაულო იყო, იქ არ ყოფილა. მას ბევრი სხვა დანაშაულიც დააბრალეს. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იცით, რაც ხდებოდა წინასწარი დაკავების საკანში. სამჯერ "სასწრაფოთი" მოაბრუნეს ჩემი ძმა, ისე სასტიკად იყო პოლიციაში ნაცემი. ცემით აღიარებინეს ის, რაც არ ჰქონდა ჩადენილი. - სხვა გზა არ მქონდა და დავიბრალე, ყველაფერზე ხელის მომწერი ვიყავი, ოღონდ წამება შეეწყვიტათ, მხოლოდ თავის გადარჩენაზე ვფიქრობდიო, - ამბობდა. გაუხსნელი საქმეები მას "შეაწერეს" და 13 წელი მიუსაჯეს. 10 წელი მოიხადა, ამნისტია რომ გამოვიდა, 2 წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი; ეს წლები "აპატიეს" და მაისში გამოვიდა. გამოსვლის შემდეგ ბევრჯერ შეხვდა მკვლელი ჩემს ძმას. მას აინტერესებდა იმის გარკვევა, თუ ვინ იყვნენ მის სახლში. ისაუბრეს, არ უკამათიათ. ჩემი ძმა ეუბნებოდა, რომ ის არ ყოფილა მათთან. ჩემი ძმა სულ სახლში იყო, არსად გადიოდა, ერთადერთი - ნაკვეთში სამუშაოდ მიდიოდა. მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მოვიდა გელაძე მთვრალი და მითხრა, - შენი ძმა აუცილებლად უნდა ვნახოო: ეჭვობდა, მათი ოჯახის დაყაჩაღებაში ახლობელი ხომ არ იყო გარეული და დამნაშავეები მომაძებნინეო, სთხოვდა. ჩემი ძმა ეუბნებოდა, ნამდვილად არ ვიცი, რა და როგორ მოხდაო. ასე დაშორდნენ.

- მკვლელობის დღეს სად იყო თქვენი ძმა?

- მეზობელთან იყო გასული. ეტყობა, გაიტყუა მკვლელმა და მოკლა. ახლა ამბობენ, თითქოს დანა ჩემი ძმის იყო; ეს ტყუილია. ჩემს ძმას სპორტული კოსტიუმი ეცვა, პატარა ჯიბე ჰქონდა და იქ დანას ვერანაირად ვერ შეინახავდა. არ იყო კონფლიქტური ადამიანი. მკვლელი კონფლიქტური იყო. იკითხეთ სოფელში და გეტყვიან. არაერთხელ მოსვლია ჩხუბი, ბევრჯერ დაიხსნა მამამისმა. ფიზიკურადაც ძლიერი იყო ჩემს ძმაზე - 120 კილო იქნება, მაღალი, ძლიერი, ჩემს ძმას ხელითაც მოერეოდა. ახლა მათ უნდათ იმის დამტკიცება, რომ ჩემი ძმა თავს დაესხა. ეს აბსურდია. მან ჩემი ძმა გაიტყუა და სისასტიკით მოკლა. ყელი მთლიანად გამოჭრილი აქვს, მთელი სხეული დანით აქვს დასერილი, მუცელში რამდენიმე ღრმა ჭრილობა აქვს. სახე და თავი მთლიანად დასერილია, ადგილი არ არის დარჩენილი. თვალები ვერ დავუხუჭეთ, ისე იყო დასახიჩრებული. მითხარით, ეს არ არის სისასტიკე?! მითხარით, ეს არის აუცილებელი მოგერიება?! როგორც ჩანს, ბოლოს ყელი გამოსჭრა, ამასაც არ დასჯერდა და მეზობლის ბოსტანში მოისროლა. ცხედარი ნათრევია რამდენიმე მეტრზე. კიდევ ვამბობ, ჩემი ძმა დანას არ ატარებდა. ვერ დათვლი, იმდენი ჭრილობა აქვს. ახლა იმის თქმა უნდათ, თითქოს ჩემი ინვალიდი ძმა მას გაეკიდა. ეს ტყუილია. ექსპერტიზის დასკვნითაც გამოჩნდება, როგორი ნაწამებია ჩემი ძმა. მე ველოდები კანონიერ განაჩენს. აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.

- თქვენს ძმას ბევრი თანასოფლელი ამხელს, ერთ-ერთი ქალბატონი - მეუღლის მკვლელობაშიც.

- იმ ოჯახში თავდასხმის დროს ჩემი ძმა არ ყოფილა. ვერავინ იტყვის, რომ იქ ჩემი ძმა დაინახა. მალხაზს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ეს შემთხვევითობა იყო. 19 წლის იყო მაშინ. ძველით ახალი წელი იყო. ავტომატიდან ისროდნენ ბიჭები და მაშინ მისი ნასროლი ტყვია მოხვდა თანატოლს. მაშინ წელიწად-ნახევარი იჯდა ციხეში.

- თუმცა, ამის შემდეგ ის ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში ამხილეს.

- გაასამართლეს, მაგრამ არ იყო გარეული. აღიარებინეს ის, რაც არ ჩაუდენია. ბედს შეეგუა, ამბობდა: რაც მოხდა - მოხდა, აწი მაინც უნდა ვიცხოვრო ნორმალურადო. ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა. მორწმუნე ბიჭი იყო. მძიმე ოპერაცია გადავიტანე, სიმსივნე მაქვს და ის ქალივით მივლიდა. სარეცხს მირეცხავდა, გვერდიდან არ მშორდებოდა, ყველანაირ საქმეს აკეთებდა. ძველბიჭობა მისგან გამორიცხული იყო. ფაქტობრივად, სასჯელი მოიხადა - 10 წელი იჯდა ციხეში. ჩვენ, მისი ძმებიც პატიოსნად ვცხოვრობთ. ჩემი პატიოსნება მირჩევნია ყველაფერს...

ორივე მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ