ვის უნდა მოსთხოვო პასუხი, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანა ტერმინალში გაგიძარცვეს...

ვის უნდა მოსთხოვო პასუხი, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანა ტერმინალში გაგიძარცვეს...

ავტომანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანა, ადრინდელთან შედარებით, ბევრად უფრო კომფორტული გახდა. სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ, ინტერნეტით ნახოთ თქვენთვის სასურველი მანქანა, დაუკავშირდეთ კომპანიას და 1-დან 2 თვემდე ვადაში ის მანქანა ტერმინალში ჩამოგივათ. თუმცა, ამ მარტივ პროცედურას ბევრი ადამიანი გაუმწარებია. ხშირია შემთხვევა, როცა სურათზე ნანახ მანქანასა და ჩამოსულს შორის განსხვავებაა, უფრო ხშირად კი, ნაწილები აკლია, რომელსაც ტერმინალში, კონტეინერიდან გადმოღების შემდეგ ხსნიან და ბოლო დროს ეს სისტემატურად ხდებაო. მაგალითად, ცვლიან აკუმულატორს, იღებენ "ზაპასკას", დომკრატს, "კლუჩებს", "ჩეინჯერს"("სი-დი"დისკების ჩასაწყობი), სარკეს და ა.შ. რაც არ უნდა მოინდომო, ამაზე პასუხს არავინ არ გცემს და შეიძლება მერე ბაზრობაზე შენივე მანქანიდან მოხსნილი ნაწილის ყიდვა მოგიწიოს.

სიტუაციის გასარკვევად "ალია" ბათუმში ჩავიდა და ტერმინალთან იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც კონტეინერის გხსნას ელოდნენ. გიორგი რაზმაძე მანქანებს ძირითადად იაპონიიდან და გერმანიიდან იწერს, რადგან იქიდან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მანქანები ჩამოსდის, მაგრამ გარანტია იმისა, რომ მანქანა იმ მდგომარეობაში იქნება, რა მდგომარეობაშიც შეკვეთილი ჰყავს, არ არსებობს.

"ორი თვე ველოდი მანქანას და როგორც იქნა, დამირეკეს, ჩამოვიდაო. ჩამოვედი ბათუმში და მეუბნებიან, კონტეინერი ჯერ არ გაიხსნება, შაბათ-კვირააო. არადა, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს. ვიკითხე, ისე მაჩვენეთ ჩემი მანქანა, მოვალ ორშაბათს და წავიყვან-მეთქი. ვერ გაჩვენებთ, კონტეინერის გახსნაზე დასწრება არ შეიძლება, ჩვენ თავად გამოგიყვანთ მანქანასო. მოკლედ, დავიცადე, სხვა გზა არ მქონდა, გამომიყვანეს მანქანა, რომელიც მხოლოდ მარკით ჰგავდა ჩემს შეკვეთილს, სიჩქარეების გადამრთველი არ ჰქონდა და კომპიუტერული პროგრამა საერთოდ არ მუშაობდა. თან "მაშებით"სწევენ მაღლა, რომ მერე სატვირთოზე შესვან და ტრანსპორტირება მოახდინო. ამ დროს ძალიან ზიანდება მანქანა. სამაგიეროდ, ფულს ისე იხდი, რომ არც დაზღვეული ხარ და არც პასუხს გცემს ვინმე", - ამბობს რაზმაძე.

ჩვენი საუბრისას ზურგიდან ვიღაცის ჩხუბის ხმა მოგვესმა. მამაკაცი ტერმინალის თანამშრომელს აგინებდა, ეს რა მანქანაა, ეს როდის შევუკვეთეო. საბაჟოს თანამშრომელი ეხვეწებოდა, დაწყნარდი, მეორე სართულზე არის გადამზიდავი კომპანია და იმას მიმართე, ჩვენ რა შუაში ვართო. "ალიამ"იმ მანქანის გადაღება მოახერხა, რომლის გამოც ეს მამაკაცი ჩხუბობდა. მანქანა, პრაქტიკულად, სულ დალეწილია, მას წინა ნაწილი თითქმის არ აქვს და მარტივად მისახვედრია, რომ ამ მანქანას შემკვეთი არ გამოიწერდა. აღელვებული მამაკაცი ცოტა რომ დამშვიდდა, ვკითხეთ, რა მოხდა-თქო. ეს მანქანა რომ გამოვიწერე, წინა ნაწილი ცოტათი ჰქონდა დაზიანებული, სხვა მანქანისთვის დაურტყამს, მაგრამ დანარჩენი მთელი ჰქონდა. იაფად ვიყიდე და ვიფიქრე, გავაკეთებდი, მაგრამ ისეთი არაფერი სჭირდა. ეს ისეთ მდგომარეობაშია, ან ჯართში უნდა ჩააბარო, ან ნაწილებად გაყიდო. როგორ უნდა გავაკეთო, რომ იმედიანად ვიარო ამ მანქანით. ეს მანქანა ცოლისთვის ჩამოვაყვანინე, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინა და ასეთ მანქანაში შვილებს როგორ ჩავსვამ?"- ცხარობდა მამაკაცი.

ზოგადად, ის ადამიანები, რომლებსაც ვესაუბრე, ჰყვებიან, რომ, თუ ჩამოსულ მანქანას პრობლემა აქვს, ისევ გადამზიდავ კომპანიას უკავშირდებიან, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ფულს იღებენ, პასუხს არაფერზე აგებენ.

"ალიასთან"საუბარში კომპანიები, რომლებიც ინტერნეტით მანქანებს ყიდიან, ბრალდებებს უარყოფენ, ამბობენ, რომ ისინი სწორედ იმ მანქანებს გზავნიან, რომელსაც მყიდველი უკვეთს და მის შესაძლო დაზიანებაზე პასუხს იმიტომ არ აგებს, რომ მის ტრანსპორტირებას გადამზიდავი კომპანია უზრუნველყოფს, გადამზიდავი კომპანია კი, რომელიც ბათუმში საბაჟო ტერმინალის მეორე სართულში ფეშენებელურ ოფისშია განთავსებული, თავის მხრივ, ამბობს, რომ ის კი არის პასუხისმგებელი მანქანის ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როგორი კლიმატური პირობები იქნება ტრანსპორტირების დროს, ამას ვერ დაარეგულირებს, ამიტომ მანქანის შემკვეთთა გულისწყრომაზე პასუხი არ აქვთ. რა შუაშია კლიმატი, როცა მანქანა კონტეინერში დევს-მეთქი, ვკითხე, მაგრამ პასუხი არ გამცა. მან არც ტერმინალში შესვლის და არც კონტეინერის გახსნაზე დასწრების უფლება არ მოგვცა, კონტეინერის გახსნის ადგილას მხოლოდ ტერმინალის თანამშრომლები შედიან და უცხო პირის შესვლა არ შეიძლებაო.

"ალია"კიდევ ერთ გადამზიდავ კომპანიას დაუკავშირდა. კომპანია "ოუშენ ნეტ ჯეო", რომელიც კონტეინერების გადაზიდვას უზრუნველყოფს. ჯემალ მიქელაძისთვის მანქანების მფლობელთა გულისწყრომა ცნობილია. აი, რას აცხადებს ის ჩვენთან საუბარში: "ჩვენ შეკვეთას არ ვიღებთ, ამიტომ როგორ ვაგებთ პასუხს მანქანის მდგომარეობაზე? ვემსახურებით ევროპას, ამიტომ ჩვენ მანქანები მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაში ჩამოგვყავს, დაზიანება თითქმის არ აქვს, თუმცა გვქონია შემთხვევები, როცა უკმაყოფილოები ყოფილან მანქანის მფლობელები, მათ არც კი ვუსმენთ, რადგან ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. თუ კონტეინერი დავარდება, ამაზე ოქმი დგება და ეს სხვა საკითხია. ჩვენ მხოლოდ მანქანებს კი არა, ყველა სახის ტვირთი ჩამოგვაქვს. ასეთ შემთხვევაში იმ ქვეყანას უნდა მიმართონ, სადაც მანქანას უკვეთენ. არანაირ პასუხს არ ვაგებთ ჩვენ ამაზე. რაც შეეხება სურათებს, რომ ამბობენ, კარგი ფოტოები ვნახეთ და რატომ ის არ ჩამოგვივიდაო, რომელიც შევუკვეთეთო? ის ფოტო შეიძლება იყოს 5 წლის წინანდელი, როცა მანქანა დადიოდა და ლამაზი იყო. შეიძლება ეს ფოტო გაყიდვის წინა პერიოდში არც იყოს გადაღებული. როცა პრეტენზიით მოდიან, არც ვუსმენთ. ჩვენ რა შუაში ვართ?"- აცხადებს მიქელაძე.

მანქანის ერთმა მფლობელმა, რომელმაც ასევე ჩვენს თვალწინ გამოიყვანა მანქანა, თავად გვთხოვა, მის მანქანაში შეგვეხედა, მანქანა შიგნიდან სულ დამპალი იყო, სალონი საერთოდ არ ვარგოდა, ქოლგიდან დაწყებული დოკუმენტებით დამთავრებული, ყველაფერი შიგნით ეყარა. გაგეცინებათ და, "გასაბერი ქალიც"კი იყო მანქანის სალონში. მანქანის მარკას არ იკითხავთ? "ინფინიტი", ვერცხლისფერი, რომელიც გარედან მტერს უბნელებდა თვალებს, შიგნიდან მოყვარეს. გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ეს მანქანა ამერიკიდან ჩამოიყვანა და მისმა შემკვეთმა კარგად იცოდა, როგორიც ჩამოუვიდოდა "მანქანა ამერიკაში ტორნადოს გადავლის დროს მოყვა ქუჩაში, მისმა მფლობელმა ის ადგილზევე მიატოვა და წავიდა. ჩვენ ასეთი მანქანა უამრავი გვყავს, მათ ე.წ. მანქანების სასაფლაოზე ვათავსებთ. ყველა ძვირადღირებული მარკაა. ვათავსებთ ინტერნეტში, ჩამოგვყავს, მერე აქ, საქართველოში, სალონს უცვლიან, ორიოდე კვირაში ხელოსანი მასზე იმუშავებს და საკმაოდ ძვირად იყიდება, თუმცა რომ გითხრათ, სანდოა, ვერ დაგარწმუნებთ, რადგან ადვილი შესაძლებელია, "მატორმა", წყალში დიდხანს ყოფნის გამო ვერ იმუშაოს. თუმცა მანქანა 2013 წლის მოდელია და მისი დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ტრანსპორტირებამდე მას არანაირი წუნი არ ჰქონდა". - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

როგორც ტერმინალის საბაჟო განყოფილებაში გვითხრეს, მანქანის განბაჟება 50 ლარი ღირს, შიგ არსებულ ტვირთს ექსპერტები შეაფასებენ, მისი ღირებულების 18%-ს გადაიხდით და მანქანას გაიყვანთ, ხოლო მისი ტრანსპორტირება თბილისამდე 200 ლარი ღირსო.

"ალია""თბილისი მოტორს"-ის ხელმძღვანელს, რამაზ ჯლანტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც არ უარყო, რომ მსგავსი შემთხვევები, როცა მანქანა იდეალურ მდგომარეობაში არ ჩამოდის და მერე მფლობელების დიდ უკმაყოფილებას იღებს, ბევრია.

- ბატონო რამაზ, რა გზა უნდა გაიაროს მანქანის მყიდველმა, რომ სასურველი მანქანა შეიძინოს?

- პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, სად ყიდულობს მანქანას, აუქციონზე თუ სადილერო ქსელში.

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- განსხვავება ისაა, რომ, თუ აუქციონზე ვყიდულობთ, მაშინ წინასწარ, ჩვენ ვსაზღვრავთ, კონკრეტული მანქანა რა გვიღირს და ამის მიხედვით ვაკეთებთ ფსონს (ე.წ. სტავკას). სადილეროში ფასი პირდაპირაა მითითებული საიტზე, სადაც მანქანას ვიძენთ, მას დაემატება ის ხარჯები, რაც მის ჩამოსაყვანადაა საჭირო. ჩვენ საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ქვეყანა. ფასიც დამოკიდებულია იმაზე, სად დგას კონკრეტული მანქანა. რომელ ქვეყანაში ვყიდულობთ, იმ ქვეყნის რომელ ქალაქში და რა მარკის მანქანაა, ეს ფაქტორები ცვლის ფასს.

- მაგალითად, ავიღოთ გერმანია, როგორ უკვეთენ ამ ქვეყანაში?

- კარგით, ავიღოთ გერმანია. პორტი გვაქვს ესენში და პარტნიორი კომპანიაც იქ იმყოფება, ამიტომ ყველა მანქანა გროვდება ესენში. მანქანის ფასს დაემატება ფასი იმის მიხედვით, გასაყიდი მანქანა რამდენითაცაა დაშორებული ჩვენი პორტიდან. ჩემი წარმომადგენლები იქ გერმანიაში მივლენ და შეამოწმებენ. დარეკავს და თუ რამე აინტერესებს შემკვეთს, დამატებით მიიღებს ინფორმაციას. თანხმობის შემდეგ მანქანა მოჰყავთ და ტვირთავენ კონტეინერზე.

- რა ხდება კონტეინერში მანქანის განთავსების დროს?

- ამის შემდეგ კლიენტი იხდის 550 ევროს (გზის ფულს) და მანქანა 25 დღეში ბათუმშია. ხდება ავტომანქანის კლიენტისთვის ჩაბარება და აქ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა.

- ბათუმის პორტში არის ბევრი პრობლემა, მაგალითად, ის მანქანა არ ჩამოჰყავთ, რომელიც შევუკვეთეთო, ნაწილებს აცლიანო და ასე შემდეგ, ფოთში უკეთესი ვითარებააო. რატომ შემოგყავთ მაინცდამაინც ბათუმში და არა ფოთში?

- გერმანიიდან მანქანის ჩამოყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვწყვეტთ, სად შემოვა. ამას გადამზიდი კომპანია წყვეტს, მაგრამ ბათუმში კონტეინერის გახსნას ესწრებიან და სურათებს უღებენ.

- მე მითხრეს, უცხოების შესვლა არ შეიძლებაო. ნაწილებს არ აცლიან, ამას მიმტკიცებთ?

- არა, ამის მტკიცება არ შემიძლია, პირიქით, მეც ვიცი, რომ ასეა. მაგრამ აქ ხდება ასეთი რამ: ვინც ყიდულობს ისეთ კომპანიაში, რომელიც მარტო ჩამოუყვანს და მეტ ყურადღებას არ აქცევს, დაკარგავს რაღაცას აუცილებლად. ჩვენ ბათუმშიც და ფოთშიც მხოლოდ ვთანამშრომლობთ ისეთ მიმღებ კომპანიებთან, ვინც ახდენს ფოტოგადაღებას. როცა ყველაფერი აღბეჭდილია ფოტოზე, იქ ვეღარ მოგპარავენ. თუმცა იაპონიიდან ჩვენ ვიღებთ კონტეინერს და ჩვენი წარმომადგენელი ესწრება გახსნას. ამ შემთხვევაში არაფერი იკარგება, თუ, რა თქმა უნდა, იაპონელებმა გამოაგზავნეს სრულყოფილი მანქანა.

- და კიდევ ერთი, ხელშეკრულებას აფორმებთ, ცხადია. რა წერია იმ ხელშეკრულებაში, მაგალითად, თუ მანქანას რამე აკლია და ასე შემდეგ, ვინ აანაზღაურებს? და დაზვევა თუ არსებობს?

- ესეც განსაზღვრულია ჩვენთან, ჩატვირთვის წინ უღებენ იქ სურათებს და წინასწარ ვიცით, მანქანაში რა დევს. ხელშეკრულება აუცილებლად ფორმდება. ჩატვირთვის წინ როგორი იყო მანქანა, სურათები გვაქვს და იმ მომენტამდე იაპონელები არიან პასუხისმგებლები, ჩვენ კლიენტებთან. ამის მერე მოდის ზღვაში. ამ დროს კლიენტს განემარტება, რომ ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ გემი ჩაიძიროს, მაგრამ შანსი არის და ვთავაზობთ დაზღვევას. დაზღვევა არ კეთდება მხოლოდ ომზე, დანარჩენი შემთხვევა ყველა ანაზღაურდება.

- იმ შემთხვევაში, თუ რამე აკლია და უკმაყოფილოა მანქანის შემკვეთი, ასეთ დროს რას აკეთებთ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

- რა თქმა უნდა, კლიენტთან ჩვენ, მას არ აინტერესებს, სად რა დაიკარგა. მხოლოდ დანაკარგზე არაა საქმე. მანქანის მდგომარეობაც უნდა იყოს ისეთი, როგორიც დავპირდით კლიენტს. ასეთი შემთხვევები უფრო ხდება ამერიკიდან. გააჩნია ასანაზღაურებელ თანხას. თუ გვიღირს, ვუნაზღაურებთ, თუ არა, მაშინ მანქანას ვიტოვებთ და ფულს უკლებლივ ვუბრუნებთ კლიენტს.

"ალია"შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ურფოსს ხატია მოისწრაფიშვილს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა იციან თუ არა, რა ხდება ტერმინალში: "ტერმინალი კერძო სტრუქტურაა, საბაჟოზე ჩვენ მხოლოდ ვაბაჟებთ მანქანებს, ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ გადამზიდავ კომპანიას და მანქანის დაზიანებაზე ზარალის ანაზღაურებაც მისი საქმეა". - გვითხრა მოისწრაფიშვილმა.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია