ირაკლი ჩოლოყაშვილი მეორედ 15 წლით უმცროს რჩეულზე დაქორწინდა

ირაკლი ჩოლოყაშვილი მეორედ 15 წლით უმცროს რჩეულზე დაქორწინდა

მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის მეორე პროფესია დირიჟორობაა. წელს რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორა. მისი დირიჟორობით გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის მესამე ოპერის ''ლატავრას'' პრემიერა. მუსიკათმცოდნეებმაც კი არ იცოდნენ ბევრი რამ ''ლატავრას'' შესახებ. ფალიაშვილის სიცოცხლეში ეს ოპერა მხოლოდ ერთხელ დაიდგა და სამწუხაროდ, ''აბესალომ და ეთერისა'' და ''დაისის'' მერე დაიჩრდილა. ირაკლი სწორედ მუსიკის სიყვარულმა შეახვედრა მეორე მეუღლეს, სალომე ბუკიას.

- ირაკლი, თქვენს შემოქმედებაში, როგორც ვიცი, ბოლო დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონაწილეობთ ილია ჭავჭავაძეზე გადაღებულ ფილში. გვიამბეთ, რა როლი გაქვთ.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

- რატომ? როგორც ვიცი, რეჟისორს ფილმში მონაწილე მსახიობებისთვის მსგავსი აკრძალვა არ დაუწესებია.

- არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.

- გადაღებებიდან განაწყენებული წამოხვედით?

- არა, დამთავრდა გადაღებები და წამოვედი. ფილმის გადაღებები გრძელდება.

- როლი მძიმე და ალბათ თქვენთვის რთული სათამაშო იყო.

- ჩვენ, მსახიობებს, როლს ვინ გვეკითხება?! ფილმზე ვიმუშავე და წამოვედი. სულ ოთხი დღე ვიყავი გადაღებებზე. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წინ ვცხოვრობ 41 წელია და არანაირი შუამავლები არ მჭირდება მასთან ურთიერთობაში (იცინის). ფილმში ჩემი როლი ძალიან უმნიშვნელოა.

- ფილმის დროს გადაღებული ფოტოები ვნახე. მგონი, ბერბიჭაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრი ხართ და თქვენ კლავთ ილიას?

- არ ვიცი, საბოლოოდ რას დატოვებენ ფილმში. ვინ ისვრის, არ ჩანს, უბრალოდ, გასროლა ისმის.… ჩემთვის ეს გადაღებები საინტერესო არ ყოფილა.

- ფინანსურად არ იყო საინტერესო?

- არანაირად არ იყო საინტერესო.

- სხვა მსახიობებთან ამ თემაზე თუ ისაუბრეთ?

- ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, რა სიამოვნებს და რა - არა. სხვა მსახიობებს შეიძლება, ძალიან მოეწონათ გადაღებები. შეიძლება ითქვას, ხათრის გულისთვის დავთანხმდი პროექტში მონაწილეობაზე. არც დრო არ მქონდა და არც მოტივაცია.

- ცნობილია თქვენი სიყვარული ისტორიული პიროვნებების მიმართ. ვიცი, რომ დღემდე ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შორის ხართ. ილია ჭავჭავაძე თქვენთვის ასეთივე საყვარელი ისტორიული პერსონაჟია?

- ჩემთვის ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უფრო მეტად იყო მტკივნეული, რადგან ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. ოცი წლის წინ მიმდინარე მოვლენების მონაწილე გახლდით და კარგად მახსოვს ჩემი მაშინდელი პოზიცია. მახსოვს სხვების პოზიციაც, ამიტომ გამსახურდიას მკვლელობა უფრო მტკივნეულია. მიუხედავად ამისა, კარგად ვახერხებ იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრებას, რომლებიც მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ და მერე აზრი შეიცვალეს. ყოველ შემთხვევაში, მე აზრი არ შემიცვლია. არ შეიძლება, რომ ხელისუფლება იარაღით დაამხო. მაშინ ზვიად გამსახურდიას კი არა, ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობას ესროლეს, ისევე როგორც ილიასთვის სროლით საქართველოს წინსვლას ესროლეს. შეიძლება ითქვას, ორივე ერთი ტყვიით არის განგმირული. დადგება დრო და ზვიადსაც წმინდანად შერაცხავენ. დღეს რომ საქართველო დამოუკიდებელია, ეს ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. ჩვენი დამოუკიდებლობის იურიდიული საფუძველი მაშინ ჩატარებული რეფერენდუმია. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა, რუსეთმა. ახლა რომ ამბობენ, შარშან პირველად შეიცვალა არჩევნების გზით ხელისუფლებაო, ტყუილია. არჩევნები, რომლის ჩატარებაც კომუნისტებს ზვიად გამსახურდიამ აიძულა, მრავალპარტიული გახლდათ. გამსახურდია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. ახლა მორალი არ უნდა გვიკითხოს იმ ხალხმა, რომლებმაც არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღი აიღეს. ზვიადის ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას და მათ შორის იყო აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობა, ანუ ამით დააფიქსირეს, რომ საქართველოს შემადგენლობაში სურთ ცხოვრება. ეს ერთადერთი იურიდიული საფუძველია, როცა შეგვიძლია, აფხაზეთსა და ოსეთზე ისე ვისაუბროთ, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე. ასე რომ, ვინმეს გამსახურდია მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ეს ერთადერთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებში მოქცეული იურიდიული დოკუმენტი გვიმაგრებს ზურგს.

- ''ფეისბუქზე'' ისეთ სტატუსებს აქვეყნებთ, სადაც აშკარად იგრძნობა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ დადებითად არ ხარ განწყობილი.

- შეიძლება, ხელისუფლება არ მოგწონდეს, მაგრამ შენს სიძულვილს არ უნდა გადააყოლო ქვეყანა. არ მოგწონდა ვიღაც, კრიმინალი იყო? კი ბატონო, გაასამართლე, მაგრამ არ მინდა, ქვეყნის კურსი შეიცვალოს რუსეთისკენ. სამწუხაროდ, რუსეთისკენ სვლას ვხედავ, რისიც მეშინოდა. თორემ გამსახურდიას მერე, მით უფრო მის მერე მოსული ხელისუფლება, ჩემთვის მაგალითი ვერ იქნებოდა. ამ პალიტრაში შედარებით სიმპათიით სააკაშვილის მიმართ ვიყავი განწყობილი. მისი კურსი დამოუკიდებლობისა და ნატოსკენ ცალსახა იყო. დღეს ამასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვებს ვისმენ, პიროვნებებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ჩემთვის ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი გამსახურდია იყო და მისი მსგავსი ეროვნული ძალა არ მინახავს, თუმცა, რასაკვირველია, სააკაშვილის მოსვლა ჩემთვის იყო გამონათება. მივიჩნევ, რომ მისი კურსი გასაგრძელებელია. შეცდომების დაშვების დრო არ იყო და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენ თუ რამე არ მოგვწონდა, ის კონკრეტული უნდა გამოგვესწორებინა და მთლიანად ქვეყნის ბედი არ უნდა შეგვეტრიალებინა. როდესაც ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს, ნატო და ევროპა დაფიქრდება, რატომ დაგიჭირონ მხარი, თუ შენ სხვაგან აპირებ წასვლას. ჩემ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო. თხუთმეტი წლის ბავშვი ხომ არ მიდის საარჩევნო ყუთთან. როდესაც ხმას აძლევ არჩევნებზე კონკრეტულ ძალას ან ''პოლიტიკოსს'' , ერთ წელი მაინც უნდა გაქაჩო და არ ინანო... ახლა მათ ეტყობათ, რომ ''ჩაქრნენ'' . როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მე იმასაც კი ვნანობ, რომ ორი წელი ივანიშვილის დახმარებას ვიღებდი.

- რატომ ნანობთ?

- ახლა კი ვთქვი უარი, მაგრამ გვიანია.

- როდის თქვით მის დაფინანსებაზე უარი?

- როცა განაცხადა, პოლიტიკაში მივდივარო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება