საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე სახალისო ამბები

საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე სახალისო ამბები

პრეზიდენტობის მსურველთა წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად გააქტიურდა. ხმებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში კანდიდატები დროს და ენერგიას არ იშურებენ, რათა ამომრჩეველს თავი მოაწონონ. ეს ის პერიოდია, როცა პოლიტიკოსებისათვის რეგიონებში სტუმრობა ყოველდღიურ რუტინას ემსგავსება. რაღა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც 2013 წელია და პრეზიდენტობის მსურველთა შორის ყველაზე გამოკვეთილ ლიდერებს, გასვლითი შეხვედრები უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვთ (აზარტშიც კი არიან შესული).

პოლიტიკოსებისა და გლეხების მუსაიფს ხშირად კურიოზებიც ახლავს თან, რაც საზოგადოების ყურადღებას იქცევს და ერთი-ორად ზრდის კიდეც ლიდერის ცნობადობას. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას, 2013 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების "პოლიტიკური ექსკურსიებიდან" "მარგალიტები" შემოგთავაზოთ.

ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარესა და ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ, ნინო ბურჯანაძეს პოსტისთვის ბრძოლა დიდი ხანია დაწყებული აქვს. გამოცდილ პოლიტიკოსს არ ესწავლება, რომ ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატს ყოველი დღე გაწერილი აქვს. მას ზოგან პრორუსულ ორიენტაციას უწუნებენ და აგრესიით ხვდებიან, ზოგან კი პატივისცემითა და სიყვარულით იღებენ. ლექსებსაც კი უძღვნიან.

"პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ",  - ასე მიმართა ბურჯანაძემ 21 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულის მოსახლეობას. როგორც ჩანს, ამ "დროს" ბევრი ელოდა და დიდი ხნის მივიწყებული "ჩაო ბელა" "გაუმარჯოს ნინოს" ყვირილმა ჩაანაცვლა. ასე რომ, ბოლო დროს ბურჯანაძის ამომრჩეველთან გასვლითი შეხვედრები ხშირად იქცევს ყურადღებას.

"ევროპასაც ვენაცვალე, ყველაფერს, მაგრამ რუსეთი მაინც რუსეთია"," რუსეთი მაგარია, გაუმარჯოს რუსეთს", "ქუდზე კაცი მივიდეთ და გავამარჯვებინოთ ქალბატონ ნინოს პრეზიდენტად", - მსგავსი განცხადებებით დაულოცეს გზა პრეზიდენტობის კანდიდატს ახმეტაში.

"წმიდა ნინოს ჯვრით დაგლოცავთ

ვინაც ნინოს მისცემთ ხმასა,

მხოლოდ ნინოს, მხოლოდ ნინოს

და არავის ვინმე სხვასა", - ამ ლექსით კი პოლიტიკოს ქალბატონს ერთ-ერთი ამომრჩეველი ყვარელში დახვდა.

უფრო მეტიც, ლექსის ავტორმა კანდიდატის მხარდაჭერა შეხვედრის მონაწილეებს დააფიცა კიდეც: "ჩემო საყვარელო ადამიანებო, გულზე დაიდეთ ხელი და დაიფიცეთ, რომ ნინოს მისცემთ ხმას".

"ქართველი რკინის ლედი, დედა, მიწა, ცა..." - ამგვარი მიმართვებით ბურჯანაძეს უკვე კასპში დახვდნენ...

მმართველი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია პრემიერ-მინისტრთან ერთად, 12 აგვისტოს ნოქალაქევიდან დაიწყო და მას შემდეგ, მეტწილად ბიძინა ივანიშვილი ახლავს თან. მათ ხან "კუჩხი ბედნიერით", ხან ცეკვა თამაშით ხვდებიან. თუმცა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი, მარგველაშვილის გურულებთან სტუმრობა და "ოლღა ბებოსთან" დიალოგი იყო, რომელიც 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილეზე შედგა.

ბებომ მარგველაშვილს პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა და ჩოხატაურის მიხედვა დაავალა. "ეტყობა ამას, ისეთი კაცია პრეზიდენტი გახდება", - ამბობდა ბებო კანდიდატის გასაგონად, თუმცა სიტყვების ადრესატი ამ დროს ტელეფონში ცქერით იყო გართული.

არანაკლებ პოპულარულია მარგველაშილის კახეთში ერთ-ერთი სტუმრობისას ბავშვის ეპიზოდი, როცა პრეზიდენტობის კანდიდატს პატარა ბავშვი მიაჩეჩეს ხელში. "ბავშვის სუნი ძაან მიყვარს", - ეს ფრაზა და შესაბამისი ვიდეორგოლი 10 სექტემბრს ბევრმა აიტაცა ინტერნეტ სივრცეში.

ბათუმში მყოფი მარგველაშვილი ბერა ივანიშვილის კონცერტსაც დაესწრო. "პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები თავიდან ფეხებამდე ქართული", - გაურეპა ბათუმელებს მარგველაშვილმა.

ლექსებისა და დაფიცებების რა მოგახსენოთ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით ბაქრაძის რეგიონულმა აგიტაციამ ხელისშემშლელი ბარიერების გადალახვის ფონზე ჩაიარა. "ხელის შეშლის მცდელობა ბაქრაძისთვის ახმეტაში - დაქოქილი "ტრანგალეტკით" - მსგავსი შინაარსის სათაურებით აჭრელდა 25 სექტემბერს სოციალური ქსელები. როგორც ვიდეოში ჩანდა, ბაქრაძის ახმეტელ ამომრჩეველთან შეხვედრა პარტიის საარჩევნო შტაბთან მიმდინარეობდა, რა დროსაც ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერმა ბექა ონიანმა ეგრეთ წოდებული ”ტრანგალეტკა” დაქოქა.

ეს ფაქტი ბაქრაძის მხარდამჭერებმა პროვოკაციად შეაფასეს და საქმის გარჩევაც სცადეს. ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის აქტივისტი კი ამტკიცებდა, რომ ხელის შეშლას არავისთვის აპირებდა და მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტის შეკეთებას ცდილობდა. ამ პროვოკაციას ”ორიგინალური” უწოდა თავად დავით ბაქრაძემ.

"რეგიონებში ჩემი შეხვედრებისას ასეთი ხელისშეშლის მცდელბები რეგულარულად ხდება. დღეს ორიგინალური ხერხი აირჩიეს დაქოქვის გზით, თუმცა ამ ქვეყანაში თუ რაიმე დაიქოქება და ამუშავდება, ყველაფერს მივესალმები. ძალიან მშვიდან ვუყურებ მსგავს პროვოკაციებს", - აღნიშნა ინციდენტის კომენტირებისას ბაქრაძემ.

ბევრი საარჩევნო სუბიეტქის წინასაარჩევნო კამპანია იმაზე პასიურად მიმდინარეობს, ვიდრე მათგან ველოდით. ლეიბორისტული პარტიის ენამოსწრებული საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი უჩვეულოდ მდორედ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბატონ შალვასთან ერთადერთი კითხვა მაქვს - ამჯერად, რომელი ნომრის შემომხაზავს არ შეუშვებს ოჯახში, რძლად-ან სიძედ?!

პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, საზოგადოების ყურადღება ასევე ვერ მიიქცია, კობა დავითაშვილმაც. ერთობ გასაკვირიც კია ზედმეტად მდორე საარჩევნო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარლამენტარისა და სკანდალური კანონპროექტების ინიციატორისგან.

არჩევნების გადამწყვეტი ეტაპზე აღარ ჩანან საარჩევნო ასპარეზზე გამოჩენისთანავე პოპულარობის ზენიტში ასული კანდიდატები - ნიკოლოზ გორგიჯანიძე და გელა სალუაშვილი. ამ უკანასკნელით დაინტერესებულთ კი გეტყვით, რომ კანდიდატის საარჩევნო, უფრო სწორად ”ქვეყნის გადარჩენის პროგრამას” შეგიძლიათ გაეცნოთ ufali.ge-ზე.

მაშ ასე, წინ კიდევ უფრო ცხელი 2 კვირა გვაქვს. საბოლოო ხმების დათვლამდე დარჩენილ დროს პრეზიდენტობის მსურველები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო პროდუქტიულად გამოიყენებენ. შესაბამისად, ფინიშამდე მისასვლელ გზაზე, ზემოაღნიშნული და შესაძლოა, უფრო დასამახსოვრებელი მომენტებიც არ მოგვაკლდეს. 

ბელა თაბუაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია