ედუარდ შევარდნაძე - "სააკაშვილის დაუსჯელობა არ შეიძლება, ის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის"

ედუარდ შევარდნაძე - "სააკაშვილის დაუსჯელობა არ შეიძლება, ის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის"

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ბოლო დროის პოლიტიკურ მოვლენებზე - ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან გახმაურებულ შეხვედრაზე, კოაბიტაციასა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

"თავისი ფუნქცია უნდა იცოდეს ბიძინამაც და ჟურნალისტებმაც. ზღვარი სჭირდება საყვედურებსაც და კრიტიკასაც. ვფიქრობ ამ კუთხით ორივე მხარემ გადააჭარბა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის პრემიერის ემოციური ტონი უფრო გასაგები იყო, ვიდრე ჟურნალისტების ზღვარგადასული კრიტიკა, შეიძლება ითქვას, აგრესიაც. ვერა და ვერ გააგებინა კაცმა, რომ ერთ წელიწადში იდეალურ ქვეყანას ვერ ააშენებდა. არადა, ეს არც ისე ძნელი გასაგები უნდა იყოს, თუ ვინმეს გაგება უნდა. 9 წლის განმავლობაში გადაეჩვივნენ, რომ შეეძლოთ მთავრობის მეთაურისთვის ასე თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაესვათ კითხვები და გაეკრიტიკებინათ. ამიტომაც, ჩემი აზრით, ვეღარ გაიგეს ზღვარი. ჩემი აზრით, ივანიშვილის ემოციური ტონი გულწრფელობით არის გამოწვეული. ამას ახლა ვერ ვხვდებით, მაგრამ დროთა განმავლობაში გულწრფელობა აუცილებლად დაფასდება", - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

შევარდნაძემ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მისი აზრით, საქართველომ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებას მშვიდი პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს.

"ყველაზე მეტი კრიტიკა პრემიერმა დიცსა და დვანში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამო მოისმინა... სამწუხარო რეალობაა, რომ მთავრობას იმაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია, რასაც აკეთებს. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების იმედად ვართ დარჩენილი. სხვა ნებისმიერი ქმედება, შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს. უდიდესი ნებისყოფა სჭირდება ახალ მთავრობას, რომ რუსეთის ამ პროვოკაციულ ქმედებებს მშვიდი პოლიტიკა დაუპირისპიროს. რასმუსენის და ეშტონის მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანექსია, ძლიერი სიგნალია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე. ჟურნალისტის რეპლიკაზე "სააკაშვილმა ივანიშვილს შესთავაზა, მზად ვარ გასწავლო, რუსებთან როგორ უნდა მოიქცეო", შევარდნაძე პასუხობს:

"ეს უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან. ამ კაცის უპასუხისმგებლო ქმედებებმა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი დაგვაკარგვინა და ახლა, უკვე მიმავალი, ცდილობს ახლა ხელისუფლებასაც იგივე შეცდომა ჩაადენინოს. მადლობა ღმერთს, ივანიშვილი არ აპირებს მასთან ლაპარაკს. ბრიყვიც კი მიხვდება, რომ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა წასვლის წინ სიტუაცია არიოს. დარწმუნებული ვარ, კოაბიტაციის დასრულებაში ისიც იგულისხმება, რომ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამნაშავე ყველა თანამდებობის პირი აუცილებლად დაისჯება. პირველ რიგში კი სააკაშვილი, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მისი დაუსჯელობა არ შეიძლება, ის საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ის ქვეყნისთვის საშიშია, რადგან არ ვიცით მისი რეალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არ ვიცით, როდის რას მოიმოქმედებს. არაერთხელ გითხარით, მისი მდგომარეობის შეფასება ჩემს კომპეტენციას სცილდება, ეს უკვე სხვა სფეროს წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, მისი მდგომარეობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მართალია, არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, მაგრამ როცა საქმე სააკაშვილის ტიპის ადამიანთან გვაქვს, ეს დრო საკმაოდ დიდია", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.

იხილეთ ფოტოგალერეა: როგორ გამოიყურება ედუარდ შევარდნაძე ახლა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა