ბერლინში ქართველი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა

ბერლინში ქართველი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა

ბერლინის Pianosalon Christophori-ში საქართველოს საელჩოსა და ბერლინში საქართველოს კულტურის ატაშეს დუდანა მაზმანიშვილის ორგანიზებით,  ქართველი ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა.

როგორც "ამბები.გე"-ს ბერლინიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობდნენ ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი ცაგარელი, დუდანა მაზმანიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ლიზა ბაგრატიონი. საქართველოს საელჩომ კონცერტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს დაუკავშირა, მაია ფანჯიკიძესთან ერთად საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბერლინის მუსიკალური საზოგადოება ეწრებოდა. კონცერტმა დიდი ოვაციების ფონზე ჩაიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კონცერტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

მაია ფანჯიკიძე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დუდანა მაზმანიშვილს არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზებისთვის და ყველა მონაწილეს. ამ დარბაზში პირველად ვარ და მართლაც განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროა. ბერლინის საზოგადოებამ ქართველი მუსიკოსები დიდი ოვაციებით დააჯილდოვა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბერლინში ქართული კულტურის წარმოჩენა და მომავალშიც ხელს შევუწყობთ კულტურული პროექტების განხორციელებას.

ანიტა რაჭველიშვილი: ძალიან მიხარია, რომ ამ კონცერტში მივიღე მონაწილეობა, სალონური საღამოები ძალიან მიყვარს, მაყურებელთან უშუალო კონტაქტში შედიხარ, თბილი და მეგობრული კონცერტი გამოვიდა. ბერლინის კულტურული ცხოვრება მართლაც მდიდარია, ქართველი მუსიკოსები კონცერტებსა და სპექტაკლებში ცალ-ცალკე ვმონაწილოეობთ, მაგრამ ძალების გაერთიანება და ასეთი ქართული კონცერტების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ბერლინის Pianosalon Christophori-ში სრულიად მოულოდნელი ატმოსფერო დაგვხვდა. ვიცოდი, რომ ამ დარბაზში მსოფლიოში აღიარებული არტისტები გამოდიან და რატომღაც აკადემიურ სივრცეს მოველოდი.

კონცერტს დამატებითი ემოცია შესძინა ძველმა ინსტრუმენტებმა, ნოტებმა, წიგნებმა, სარკეებმა, პიანოებმა, ულამაზესმა ტორშერებმა. დარბაზის მენეჯერის ინფორმაციით, შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აუგიათ და აქ თავის დროზე ფაბრიკა ყოფილა. უკვე რამდენიმე წელია, რაც სალონად გადაკეთდა და ისეთი შემოქმედებითი ატმოსფერო შეიქმნა, რომ კონცერტის გამართვა აქ ძალიან პრესტიჟულია.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება