"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს გამართავს.
პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს უკავია, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუმარტა, არჩევნები ახალი წესდებიდან გამომდინარე უნდა ჩატარდეს, რომელიც დღეს დამტკიცდება. მისივე თქმით, ახალი წესდებით, მართვის მთავარი ორგანო პოლიტიკური საბჭო იქნება, რომლის თავმჯდომარესაც ასევე დღეს აირჩევენ.
"პარტია დაამტკიცებს ახალ წესდებას, რითაც მართვის სრულიად ახალი სისტემა შემოვა. ეს არის უფრო გახსნილი და უფრო მეტი გადანაწილება მოხდება პარტიის წევრებზე გადაწყვეტილების მიღების. მართვის მთავარი ორგანო იქნება პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც ახალი შემადგენლობით იქნება არჩეული. გარდა ამისა, პარტიას ეყოლება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ასევე პარტიის თავმჯდომარე. ორი პოზიცია იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარის ბევრი ფუნქცია გადადის პოლიტიკური საბჭოს ფუნქციასა და უფლებამოსილებაში. გარდა ამისა, გვექნება ბევრი სიახლე ადგილობრივ დონეზე არჩევითობასთან დაკავშირებით. ახალი წესდებაა და ახლიდან უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე არჩევა ყველა პირის", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და დღეს გახდება ცნობილი თუ ვინ იქნებიან კანდიდატები სხვადასხვა თანამდებობის დასაკავებლად.
რაც შეეხება გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, ის პოსტს შეინარჩუნებს. "გენერალური მდივანს ირჩევს პოლიტიკური საბჭო და, შესაბამისად, ვანო მერაბიშვილი ისევ ამ პოსტზე იქნება. ეს არის საერთო გადაწყვეტილება მთლიანად პარტიის. რაც შეეხება პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ეს დღეს გახდება ცნობილი. გვექნება არჩევნები და ვნახავთ, ვის აირჩევენ ჩვენი წევრები", - განახცადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ ყრილობას, რომელიც 17:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი, პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.