ბელგიელმა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ბელგიელმა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ბელგიაში 44 წლის ნათან ვერჰელსტს ევთანაზია ჩაუტარდა. ვერჰელსტი ადრე ქალი იყო და ნენსი ერქვა. ბელგიელმა სიცოცხლის საკუთარი ნებით დასრულების გადაწყვეტილება სქესის შეცვლის წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ მიიღო, რომელმაც მისი თქმით, "აუტანელი სულიერი ტანჯვა" მიაყენა.

"გოგონა ვიყავი, რომელიც არავის სჭირდებოდა", - განუცხადა მამაკაცმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გაზეთ Het Laatste Nieuws-ს. მისი თქმით, მშობლებს მისი ძმები უფრო უყვარდათ და ნანობდნენ, რომ ის ბიჭად არ დაიბადა.

გამუდმებულმა დაცინვამ და დამცირებამ ნენსის ოპერაციის გაკეთება გადააწყვეტინა. 2009 წელს ქალმა ჰორმონალური თერაპია გაიარა, 2012-ში მკერდი მოკვეთეს და სქესის შეცვლის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა არცერთი ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა.

"მზად ვიყავი ჩემი მეორე დაბადება მეზეიმა, მაგრამ როდესაც სარკეში ვიყურებოდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ახალმა მკერდმა მოლოდინი ვერ გაამართლა, ჩემმა სასქესო ორგანომ კი ფუნქციები ვერ შეასრულა", - განაცხადა მამაკაცმა.

ვერჰელის ისტორიამ ბელგიაში ევთანაზიის გამოყენების მართებულობაზე კამათი გამოიწვია. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ამ ხერხით სიცოცხლის დასრულების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება.

2013 წელს ამ მხრივ რეკორდი დამყარდა - ქვეყანაში ევთანაზიის 1432 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. შარშან დეკემბერში იმავე ექიმმა, რომელმაც ვერჰელსტს სასიკვდილო ინექცია გაუკეთა, ევთანაზია ორ ყრუ ტყუპს ჩაუტარა - მათ სიცოცხლეზე მას შემდეგ თქვეს უარი, რაც გაიგეს, რომ მალე დაბრმავდებოდნენ.

ბელგიის გარდა, ევთანაზია ევროპის კიდევ ორ ქვეყანაშია კანონით დაშვებული - ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰოლანდიელთა რიცხვი, რომელთაც ევთანაზია გაუკეთეს, ორჯერ გაიზარდა. შარშან იქ 4188 პროცედურა ჩატარდა, რაც უფრო ადრეულ მაჩვენებლებს 13%-ით აღემატება.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს