ვის გამო ჩაშალეს სუხიშვილებმა კონცერტი?

ვის გამო ჩაშალეს სუხიშვილებმა კონცერტი?

ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ "ფეისბუკის" გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარი გარდაიცვალა და ახლა სუხიშვილები აპირებენ კონცერტის გამართვას, რის გამოც პატიმრები აღშფოთებულები არიანო.

"ალია" მამუკა ნოზაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო მამუკა, რა ხდება, შეგიძლიათ გამარკვიოთ?

- 30 სექტემბერს პატიმარი დენის ყვარელაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც სახლში 1-ელ ოქტომბერს გადაასვენებენ. ამავე დღეს კი ანსამბლი "სუხიშვილები" კონცერტის გამართვას აპირებს და ამის გამოა, პატიმრები სასტიკად რომ აღშფოთდნენ, როგორც კი ეს ფაქტი გაიგეს.

- პატიმარი რით გარდაიცვალა, რა დაემართა?

- მძიმედ იყო ავად. ხელისუფლებას ჰქონდა ლეგალური ოთხი გზა, რომ დენის ყვარელაშვილი პატიმრობიდან განთავისუფლებულიყო და სულ თუ არაფერი, სახლში მისცემოდა გარდაცვალების უფლება, რაც სამინისტრომ არ გააკეთა. ეს არის მიზანმიმართული მკვლელობა. ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე ორჯერ უარი უთხრეს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, მაშინ, როცა იცოდნენ, რომ მძიმე ავადმყოფი იყო. ეს მოხდა სოზარ სუბარის პირველი მოადგილის გიგა გიორგაძის ბრალეულობით, თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრება სოზარ სუბარს, რომელიც არ იღებს შესაბამის ზომებს კანონის დაცვის კუთხით. ყოველდღე ატყუებდა არჩილ თალაკვაძე ყვარელაშვილის მეუღლეს და აი, სად დასრულდა ეს ტყუილის თქმის პროცესი.

- რას ამბობს სასჯელაღსრულების სამინისტრო მას შემდეგ, რაც თქვენ ის მიზანმიმართულ მკვლელობაში დაადანაშაულეთ?

- რა უნდა თქვან? ყვარელაშვილი წინა ხელისუფლების წამების მსხვერპლი იყო და ახალმა ხელისუფლებამაც არ დააკლო. მისი და გიორგი ოქროპირიძის არაადეკვატური მკურნალობის თაობაზეც არაერთხელ მივმართეთ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვითხოვდით მის პოლიტპატიმრად გამოცხადებას. დღემდე არ გვაქვს პასუხი, თუკი სხვები იმსახურებდნენ, ის და ოქროპირიძე რატომ არ იმსახურებდნენ პოლიტპატიმრის სტატუსს? საქართველოში ყველაფერი შერჩევითია და საზოგადოება თვალს ხუჭავს.

- საქმის კურსში იყვნენ მის შესახებ პარლამენტში და იუსტიციის სამინისტროში?

- დიახ. ავადმყოფობის გამო უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან ყვარელაშვილი, რაც არ მოხდა. სუბარმა უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაკა ჯაშთან ერთად უარი უთხრა სასჯელისგან განთავისუფლებაზე. ასევე, თეა წულუკიანმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რომ მორიგებით დასრულებულიყო სტრასბურგში დენის ყვარელაშვილის საქმის განხილვა, რის თაობაზეც არაერთხელ მივმართე მე პირადად. სამწუხაროდ, ყველა შტომ მიიღო მონაწილეობა დენის ყვარელაშვილის გარდაცვალებაში და კიდევ ტაშ-ფანდურის გამართვა სურთ იმ საპატიმროში.

- სტრასბურგში აპირებთ საქმის გასაჩივრებას?

- დიახ, პირდაპირ ხელს ვადებ მკვლელობაში მონაწილე პირებს. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებმაც არასწორი, გაყალბებული დიაგნოზები დასვეს. ახლა ხომ დარწმუნდნენ, რომ ყვარელაშვილი მძიმე ავადმყოფი იყო. დენის ყვარელაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაასრულა საჩივრის განხილვა 2009 წელს მის მიმართ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის გამო, მაგრამ გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის არ არის გამოტანილი. მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ყვარელაშვილი სწორედ ევროპული სასამართლოს მითითების შედეგად იქნა გადაყვანილი იმ დროს, როცა უკვე გართულებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყვარელაშვილი "ცე" ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით იყო დაავადებული, მაგრამ გულით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააავადეს. ათეულობით სარჩელი იქნა შეტანილი მისი უფლების დასაცავად, რასაც სასამართლო უმეტესად არ იხილავდა იმის გამო, რომ პატიმარი სახელმწიფო ბაჟს ვერ იხდიდა. ასევე, სასამართლომ არაერთხელ უთხრა უარი სასჯელის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლებასაც დიდი წვლილი მიუძღვის მის ტრაგიკულ დასასრულში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად.

"ალია" ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორის მოადგილეს, ხატია ექიზაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო ხატია, მე-17 დაწესებულებაში პატიმარი რომ გარდაიცვალა, გაიგებდით. კონცერტის გამო პატიმრები აღშფოთებული ყოფილან. მაინც აპირებთ კონცერტის გამართვას?

- ეს კონცერტი ერთი თვის წინ დაიგეგმა, მაგრამ გადაიდო ერთადერთი მიზეზით - ამ ფორმით მაინც გვინდოდა, პატივი მიგვეგო გარდაცვლილი პატიმრისთვის, არ მიგვაჩნია სწორად სამგლოვიარო პროცესიის პარალელურად ცეკვა. როდის გავმართავთ კონცერტს, ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება პატიმრების აღშფოთებას, ჩვენ არანაირი ინფორმაცია პატიმრების პროტესტის შესახებ არ გვაქვს. ვინ აპროტესტებს, რა ფორმით, არაფერი ვიცით და არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იცოდნენ პატიმრების პროტესტის შესახებ.

- ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, თუ ადმინისტრაციის?

- ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენ და დეპარტამენტმა ჩავთვალეთ, რომ აჯობებდა, სხვა დროს გაგვემართა საქველმოქმედო კონცერტი.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია