სპეკულირება ქართველი ოფიცრით - სად ცხოვრობს სინამდვილეში ქართველი სამხედრო

 სპეკულირება ქართველი ოფიცრით - სად ცხოვრობს სინამდვილეში ქართველი სამხედრო

"აი, ეს არის ჩვენი ეროვნული სირცხვილი, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო ავტოფარეხში ცხოვრობდეს! ამის შემდეგ თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი, ხალხნო?" - (სტილი დაცულია. - ავტ.) ჩვეული ემოციით მიმართა საზოგადოებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშზე მომზადებულ ტელესიუჟეტში, რომელმაც ყველა კომპანიის ეთერი მოიარა...

ქართველი სამხედრო 2011 წლის 8 დეკემბერს, ჰილმენდის პროვინციაში, სოფელ დუაბში ქვეითად პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. პრეზიდენტის თქმით, ამ ხელისუფლების მიერ უყურადღებოდ დატოვებულმა სამხედრომ, მუხათგვერდის სასაფლაოს მახლობლად მდებარე ავტოფარეხს შეაფარა თავი...

მე და "პალიტრამედიის" ფოტოგრაფმა, ფრიდონ გეგეშიძემ, ალექსანდრე ტუღუშის საცხოვრისის ძებნა, მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, ტრანსპორტშივე დავიწყეთ. მძღოლსა და მგზავრებს, მის შესახებ, მხოლოდ ტელევიზიით ჰქონდათ გაგონილი... ყველა ავტოფარეხი, იქვე მდებარე ეკლესია, სასაფლაოს ადმინისტრაცია და გარშემო არსებული, მიტოვებული შენობები მოვიარეთ, ყველა შემხვედრს ვკითხეთ, - რომელ ავტოფარეხში ცხოვრობდა სამხედრო, მაგრამ მსგავს ავტოფარეხს, მსგავსი ბინადრით, ვერსად მივაკვლიეთ...

მისი ადგილსამყოფლის დასაზუსტებლად, ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურს დავუკავშირდი და მისი დახმარებით, ტუღუშის ნამდვილი მისამართიც გავიგეთ, რომელიც მუხათგვერდში კი არა, დიდი დიღმის ბოლოში ყოფილა...

ზემოთ ხსენებული სიუჟეტის ტელევიზიით გასვლის შემდეგ, ალექსანდრეს მამა ნერვიულობისგან წაიქცა და ტვინის შერყევა მიიღო. თავად ალექსანდრემ კი, ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მობილური ტელეფონი გათიშა...

ფოტომასალაზე, რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა გადაიღო, კარგად ჩანს, მაღალსართულიან კორპუსებს შორის მოქცეული ავტოფარეხი, სადაც ალექსანდრე ტუღუშმა რამდენიმე დღე გაატარა.

- აქვე, ამის იქით, ავტოფარეხშია დაბინავებული ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, - მითხრა მაღაზიის გამყიდველმა ქალმა და ავტოფარეხის მუქი წითელი რკინის კარისკენ მიგვითითა. - რამდენი ხანია, რაც იქ არის-მეთქი? - ვკითხე. - სულ რამდენიმე დღეო...

ავტოფარეხების წინ ორი ახალგაზრდა ბიჭი რაღაცას ეზიდებოდა. ახლა მათ ვკითხეთ, თუ სად იმყოფებოდა ამჟამად ალექსანდრე ტუღუში. მის ხსენებაზე ერთ-ერთს ბრაზი მოერია. როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით, თავის არიდებაც დააპირა...

- ჩემია ეს ავტოფარეხი. მე კი, აქედან რამდენიმე ნაბიჯში, აი, ამ კორპუსში ვცხოვრობ... ალექსანდრე ჩემი მამიდაშვილია და როგორ ფიქრობთ, სახლში არ შევიყვანდი?.. თვითონ აირჩია აქ ყოფნა... შიგნით სახლივით მაქვს მოწყობილი. როცა ვაწყობდი, მაშინ საერთოდ არ მიფიქრია ამაზე, უბრალოდ, მინდოდა და გავაკეთე... მე ზედა სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ ალექსანდრეს ეტლი ლიფტში არ შეეტია და - აქ ვიქნებიო, თქვა, თორემ როგორ ფიქრობთ, აქ დავტოვებდი?.. ხედავთ, როგორ აქვს შესასვლელი გაკეთებული?.. (ახალგაზრდა ბიჭი ავტოფარეხის ზღურბლსა და ასფალტს შორის გადებულ ხის ფიცარს მიჩვენებს)... აქ უფრო კომფორტული იყო მისთვის... ახლა ოზურგეთშია წასული და კატეგორიულად გამაფრთხილა, კრინტი არავისთან დამეძრა. არ მიწყინოთ, ამ საშინელ ამინდში სახლშიც რომ არ გეპატიჟებით, მაგრამ როგორც გითხარით, გაფრთხილებული ვარ. ბიძაშვილი ვარ მისი, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე ავტოფარეხშიც ვერ შეგიშვებთ... - გვითხრა ალექსანდრეს ბიძაშვილმა, ლექსომ...

- ვინ უვლის?

- როგორ მეკითხებით მაგას?!. ხომ გითხარით, ბიძაშვილ-მამიდაშვილი ვართ-მეთქი. დედაჩემი ალეკოს მამიდაა და როგორ ფიქრობთ, ძმისშვილს არ მოუვლის?.. - კიდევ ერთხელ გაბრაზდა ჩემი რესპონდენტი. - მესმის, რომ თქვენი საქმე გაქვთ ჟურნალისტებს, მაგრამ ასეც არ შეიძლება. ყველგან დაატრიალეს, ავტოფარეხში ცხოვრობდაო... ხშირად, რაც თავად უნდათ, იმას ამბობენ. ალექსანდრეს თბილისში ბინა მართლა არ აქვს, მაგრამ რატომ არ აქვს და ეს ვინმეს ბრალია თუ არა, არ მიკითხავს. არც თავად უთქვამს რამე. არ არის ის ადამიანი, ასეთ თემებზე ვინმეს შესჩივლოს ან იწუწუნოს...

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გადასცა მთავარსარდლის ბრძანება, ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის სამხედრო სამსახურში დასაქმების თაობაზე. ასევე, პრეზიდენტმა მიმართა დედაქალაქის მერს, საქართველო-რუსეთის ომში და ავღანეთის ოპერაციაში ნაბრძოლი სამხედრო უზრუნველყოს საცხოვრებელი ბინით.

პრეზიდენტის ამ განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტმა შეცდომაში შეიყვანა ქართველი საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ტუღუში დასაქმებული არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდური თანხა გახლავთ. ანაზღაურების ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს. აქვე გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი, ბინით უზრუნველყოფის შესახებ. ალექსანდრე ტუღუშის ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა", - განმარტეს თავდაცვის უწყებაში.

იამზე ტუღუში, ალექსანდრეს დედა:

- ძალიან განერვიულებული ვართ. ალექსანდრეს ბინა არ აქვს, მაგრამ არც მოუთხოვია. ოზურგეთის სახლი, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ, ალექსანდრეს ძმას, ზურაბს ეკუთვნის... ვიცი, რომ წინა ხელისუფლების დროს, მისთვის ბინა უნდა გადაეცათ, მაგრამ შემდეგ ეს ბინა სადღაც გაქრა... ალექსანდრეს ჯერ რეაბილიტაცია არ დაუმთავრებია. საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ იმ ჯარისკაცების სია შეადგინოს, ვისაც პროთეზირება სჭირდებათ და ისინი ამერიკაში წაიყვანოს, რადგან აქ რატომღაც არ დააფინანსეს... თბილისში მეც ვიყავი ჩემს შვილთან რამდენიმე დღე. ჩემი წამოსვლის შემდეგ მისულა მასთან პრეზიდენტი... ზუსტად ვიცი, რომ ბინა არ მოუთხოვია, მაგრამ ასეთი რაღაც რატომ ააგორეს, არ ვიცი...

ავღანეთში დაჭრილი ქართველი ოფიცერი არაერთი საბრძოლო ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის საბრძოლო ორდენის ღირსეული კავალერი და ჯარისკაცი, რომელიც მრავალწლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში, მსოფლიოს თითქმის ყველა ცხელ წერტილში განხორციელებულ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. ალექსანდრე ტუღუში არც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს დაჰკლებია.

მისი მეგობარი, რომელიც ამჟამადაც ავღანეთში AISAF-ის მისიაში მსახურობს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კარგად იცნობს ალექსანდრეს და მისგან ასეთი მოთხოვნა გაუკვირდა კიდეც, რადგან ტუღუშისგან მატერიალურ პრობლემებზე არასდროს სმენია...

- ავღანეთში, პირველი სამშვიდობო მისიის დროს, 31-ე ბატალიონში ერთად ვმსახურობდით. ალექსანდრეც მაშინ გავიცანი, მაგრამ მანამდე მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე ბევრი მსმენია. როგორც ჩვენი პროფესიის ადამიანებმა, ბევრი ლაპარაკი არც მან იცის, მაგრამ თავის ცოდნას საქმით ამტკიცებს... ალექსანდრე არ არის ის კაცი, რომელიც მაღალი დონის სასტუმროებით ინებივრებს თავს. ის სამხედროა და მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ის უფრო გამიკვირდებოდა, რომელიმე კომფორტულ სასტუმროში დაბინავებულიყო, ვიდრე - ავტოფარეხში. ჩვენ, სამხედროები, სხვა პროფესიის ადამიანებისგან განსხვავებით, თუნდაც საველე პირობებში ცხოვრებას შეჩვეული ვართ. თუმცა, მაინც კარგი იქნება, პრეზიდენტი და მთავრობა ურთიერთბრალდებებს მორჩნენ და ბინით დააკმაყოფილონ...

მას შემდეგ, რაც ქვედა კიდურები დაკარგა, რეაბილიტაციის კურსს ამერიკაში, მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდას სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. რამდენჯერმე ტელეფონით ვისაუბრეთ, ვიფიქრე, გავამხნევებ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, საკმაოდ მოტივირებული იყო და ზედმეტი საუბრით თავი აღარ შევაწყინე. ვიცი, რომ მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ქვედანაყოფთან და საერთოდ, ჯარისკაცებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ამერიკელი სამხედროებისგან მომისმენია, - ალექსანდრე ტუღუში მსოფლიო ჯარისკაცის ეტალონად შეიძლება დასახელდესო. მას უდიდეს პატივს სცემენ მაღალი რანგის ამერიკელი სამხედროები...

- მისი სამსახურის გარშემო აურზაური ატყდა, - მუშაობს თუ არა ალექსანდრე?

- რადგან ის ამერიკაში ცხოვრობს და მე ამჟამად ავღანეთში ვარ, ხშირად ვერ ვურთიერთობთ, თუმცა, ვიცი, რომ ამერიკაში, ვაშინგტონში სამხედრო ატაშეს მოადგილეა... თბილისში, სპეციალურად მისთვის გადაკეთებული მანქანით დადიოდა, რათა იმ დაჭრილი ბიჭების საქმეები მოეგვარებინა - პროთეზირებას ვგულისხმობ.

იმავე მეგობრის დახმარებით, 31-ე ბატალიონის ჯარისკაცს დავუკავშირდით. ავღანეთის სამშვიდობო მისიით ყოფნის დროს, ალექსანდრე ტუღუში მისი მეთაური იყო.

- მაშინ ავღანეთში მეორე მისიით ვიყავი. იმ წლებში მეთაურობისგან დიდი ყურადღებით, გულისხმიერი დამოკიდებულებითა და კვალიფიციური რჩევებით განებივრებული არ ვიყავით, მაგრამ ტუღუშზე იმავეს ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, ჯარისკაცებთან ურთიერთობაში დისტანციას იცავდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, ჯარისკაცებისთვის თავისი გამოცდილება გაეზიარებინა. ჩვენთან ერთად დადიოდა პატრულირებაზე, რაც მის მოვალეობაში სრულებით არ შედიოდა.

- მაშ, რატომ დადიოდა?

- ჯარისკაცებს გვითხრა, სადაც თქვენ იქნებით, მეც იქ ვიქნებიო... მე ახლა კაპიტნის წოდება მაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პროფესიონალიზმს მას ვუმადლი. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მისი სახით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროფესიონალი კადრი დაკარგა. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ სანამ ტუღუში არ აფეთქდა, დასახიჩრებულ ჯარისკაცებს ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პირობებში, ბიჭებს პროთეზების გაკეთების დროს უწელავდნენ. ზოგს მათთან ბრძოლა ჰბეზრდებოდა და თავსაც კი ანებებდა... მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ტუღუში დაინვალიდდა, თავად კურირებდა ამ საქმეს და როგორც ბიჭები ამბობენ, ძალიან პრინციპული იყო. რამდენჯერმე მაღალი თანამდებობის პირებთან მკაცრი საუბრებიც ჰქონია, რასაც მაშინ, 2011-12 წლებში, ბევრი ვერ ბედავდა.

სიმბოლურია, მაგრამ ქართველი ოფიცერი, რომელიც ლამის პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინეს, სამშობლოში, ახლაც თანამებრძოლების პროთეზირების საქმეზე იყო ჩამოსული. აკი უთხრა კიდეც "როლში შესულ" პრეზიდენტს: - ბიჭების წაყვანა მინდა, რომ ელექტროპროთეზები გაუკეთონ. მე არ მადგება ეს პროთეზი, ბატონო პრეზიდენტო, რადგან მარცხენა ფეხი საერთოდ არ მაქვს და საიმედოც არაფერია. სხვა ყველა ივლის. რა ვიცი, ვიყავი, შევხვდი ამ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობასაც და დამპირდნენ, რომ გააკეთებენ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია