"გრძელი ნათელი დღეები" ფილმი 90-იანი წლების საქართველოსა და სამაგალითო მეგობრობის შესახებ

"გრძელი ნათელი დღეები" ფილმი 90-იანი წლების საქართველოსა და სამაგალითო მეგობრობის შესახებ

"გრძელი ნათელი დღეები" - ასე ჰქვია ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, ოდესის საერთაშორისო, ვოისის ევროპული და სხვა მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებულ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივ ნამუშევარს. ფილმს "ოსკარის" ცერემონიალზე საქართველოს სახელით წარადგენენ... მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი იყო, ადამიანები მაინც ინარჩუნებდნენ ღირებულებებს, სულიერ სინათლეს... ბნელოდა, მაგრამ ბავშვობა, სიყვარული, მეგობრობა, დედაშვილობა ყველაფერს ანათებდა. ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში უკვე შედგა.

ნანა ექვთიმიშვილი, რეჟისორი:

- 90-იანი წლების ყოფითი სირთულეები თავად მაქვს განცდილი. ამ დროს საქართველოში ვცხოვრობდი, მოგვიანებით კი, სწავლის გაგრძელების მიზნით, გერმანიაში წავედი და სულ ვფიქრობდი იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც ჩემს ქვეყანაში დავტოვე. ამაზე ფიქრმა ფილმის სცენარამდე მიმიყვანა. დროდადრო, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, ვხვდებოდი, რომ ის პერიოდი სხვა მოვლენებმა გადაფარა და თითქოს ეს თემა აქტუალური აღარ იყო. არადა, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, რადგან მე სწორედ იმ დროს დავტოვე ქვეყანა. ფილმს არ აქვს დრამატურგია, რომელიც ეფექტზეა გათვლილი, იგი გმირების შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს. ეს ყველას ისტორიაა, რადგან ის პერიოდი ასე თუ ისე, ყველას შეეხო.

- როგორც ცნობილია, ფილმი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს სახელით უნდა წარადგინოთ...

- აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ფილმი შეიძლებოდა, "ოსკარზე" წარგვედგინა, რომ ამ ნამუშევარს ამხელა წარმატება ხვდებოდა წილად. დაჯილდოებისთვის, იანვარში, სამოცდაათი ფილმიდან ათი შეირჩევა, აქედან კი ხუთი ნომინირებული ფილმი გამოვლინდება. ამ ნამუშევარმა უკვე მოიარა ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი, სანქტ-პეტერბურგი, იტალია, მილანი და უამრავი პრიზი დაიმსახურა. მილანში მაყურებლის პრიზი ავიღეთ, რამაც ძალიან გაგვახარა და ამავდროულად, გაგვიკვირვა, რადგან ეს ყველაზე რთულად მოსაპოვებელი და ყველაზე "დაუნდობელი" პრიზია.

- როგორ აღიქვეს ქართული რეალობა ევროპელებმა?

- ევროპელი მაყურებელი ამ ისტორიაში არ ხედავს სიბნელესა და უიმედობას, ფილმს პოზიტიურად აღიქვამს. ხაზს იმასაც უსვამენ, რომ ამ ნამუშევარში გენდერული საკითხებია წამოჭრილი. 90-იან წლებში პატარა გოგონა ვიყავი და გაგონილიც კი არ მქონდა სიტყვა "უფლება"; არათუ ქალის, არამედ, საერთოდ, ადამიანის უფლება. არსებობს ნაწარმოების შექმნის სხვადასხვა მიდგომა, მაგრამ მთავარია, შენ გაწუხებდეს, აღიქვამდე რეალობას. ფილმმა მაყურებლის გულამდე მიაღწია და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩემი სამომავლო ნამუშევრების თემა კვლავ საქართველო იქნება...

სიმონ გროსი, რეჟისორი:

- ნანას უკვე ათი წელია, ვიცნობ და შესაბამისად, კარგად ვიცი მისი განცდები თუ დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ. 90-იანი წლების რეალობა მისთვის ძალიან ახლო და მტკივნეული თემაა. ფილმი მძაფრ შეგრძნებებს იწვევს, ამის მთავარი მიზეზი კი ვფიქრობ, ის არის, რომ მსახიობები საკუთარ როლებს ძალიან ბუნებრივად ასრულებენ.

მარიამ ბოკერია, მსახიობი:

- 90-იან წლებზე მხოლოდ მშობლებისგან, გადმოცემით ვიცოდი, მაგრამ ფილმზე მუშაობისას ყველამ სრული სიცხადით აღვიქვით მაშინდელი რეალობა. ჩემი გმირი საკმაოდ გაბედულია, მე კი რეალურად ასეთი არ ვარ. მაგალითად, რას ვერ ვბედავ? - თუნდაც, გათხოვებას (იცინის)...

ლიკა ბაბლუანი, მსახიობი:

- გადაღება თბილისში მიმდინარეობდა. ეს იყო ძალიან დამღლელი და შრომატევადი, მაგრამ სახალისო სამუშაო. გადაღებამდე დიდხანს გვქონდა რეპეტიციები, ამიტომ მუშაობისას სირთულეები არ შეგვქმნია. მარიამი კასტინგზე გავიცანი და ფილმმა ძალიან დაგვაახლოვა. მე სკოლაში ამარჩიეს, კასტინგზე დამიბარეს და საბოლოოდ, ფილმში როლი მომცეს. 14 წლის ვარ და ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მომავალში რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ მსახიობობა რომ მომწონს, ეს ფაქტია. ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი.

მარინა ჯანაშია, მსახიობი:

- ამ ფილმში ჩემი გმირი სრულიად განსხვავდება ჩემ მიერ შესრულებული სხვა როლებისაგან. მინდა, ნანას დიდი მადლობა ვუთხრა ნდობისთვის, რადგან კინო ბეწვის ხიდია, სადაც მცირე დეტალსაც კი შეუძლია, ყველაფერი დაანგრიოს. ეს წლები მძიმე, ტკივილიანი და სიბნელით მოცული იყო, მაგრამ სათაურის მიხედვითაც მიხვდება ყველა, რომ მაინც გვქონდა "სინათლე"... შეიძლება, არ იყო ელექტროგანათება, მაგრამ ადამიანებს სულები არ ჰქონდათ ჩაბნელებული... არ მიმაჩნია, რომ წარსულს უნდა მისტიროდე, მაგრამ ის უნდა გახსოვდეს თუნდაც იმისთვის, რომ გქონდეს აწმყო და იყურო მომავლისაკენ.

ბერტა ხაფავა, მსახიობი:

- მართალია, არასასიამოვნო წლები გავიარეთ, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ჩვენი ისტორიაა და ჩვენშივეა დალექილი. ის საშინელი პერიოდი თუნდაც იმიტომ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. მაშინ ნათელი იყო თუ არა? რა თქმა უნდა, იყო! მიუხედავად სიდუხჭირისა, ბევრი ადამიანი არ "გაფუჭდა", გაჭირვებამ ბავშვებსა და დიდებს ბოღმა მაინც არ დაუტოვა გულში...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება