მევლუდ ადუაშვილი ბიზნესმენი ძმის მკვლელობის მოტივს ამხელს

მევლუდ ადუაშვილი ბიზნესმენი ძმის მკვლელობის მოტივს ამხელს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის ძმა, მევლუდ ადუაშვილი, რომელიც მისი ძმის მკვლელობის დამკვეთად რუსეთში მოღვაწე მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებს, მკვლელობის მოტივზე ალაპარაკდა. ადუაშვილი გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ სოსო პავლიაშვილს შემოსავლების დაკარგვის შეეშინდა, ვინაიდან მისი ძმა მომღერალთან საერთო ბიზნესიდან გამოსვლას აპირებდა.

"ივნისში თურქეთში იყვნენ ჩასულები ვანო ჩხაპელია და მისი ცოლი მაკა, მოსკოვიდან ჩავიდა სოსო პავლიაშვილი. ყველაფერი სწორედ იმ საოჯახო თავყრილობაზე დაიგეგმა. ამ დროს სოსომ უკვე იცოდა, რომ ჩემს ძმას ბიზნესის გაყოფა უნდოდა და არცთუ ცოტა ფულის გამოტანას აპირებდა. ეს, რასაკვირველია, არ აწყობდათ პავლიაშვილებს. ჩხაპელია რომ ჩამოვიდა თურქეთიდან სამსახურს თავი დაანება, "ყვითელ ავტობუსებში" მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა. მაშინ გამიკვირდა, თუმცა ახლა უკვე ვიცი, რატომ წამოვიდა სამსახურიდან. შემდეგ გავიგე, რომ 2000 ევრო დაუნიშნა ხელფასი სოსო პავლიაშვილმა. ასე დაიწყო ვახომ ხალხის მოგროვება. და მოხდა ის, რაც მოხდა. 24-ში უნდა წასულიყო ავთო სოსოსთან შესახვედრად, სადაც ეს ბიზნესსაკითხები უნდა გაერკვია საბოლოოდ, მაგრამ წინა დღეს მოიცილეს ჩემი ძმა", - აცხადებს გარდაცვლილის ძმა.

მევლუდ ადუაშვილის თქმით, გარდაცვლისასა და სოსო პავლიაშვილს საერთო ბიზნესი ჰქონდათ, გარდა ამისა, პავლიაშვილი მოსკოვში კაფეს ფლობს, რომელიც სხვის სახელზე აქვს გაფორმებული.

"ის (ავთანდილ ადუაშვილი) მფარველობდა ყველგან როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა კუთხით. 90-იან წლებში, ალბათ, გახსოვთ, რა სიტუაცია იყო და ავთოს ხათრით მას ვერავინ ეკარებოდა. გარდა ამისა, ავთო უკეთებდა კონცერტებს. მოკლედ, ავთო ითვლებოდა, როგორც პავლიაშვილის ფინანსური დირექტორი და მთლიანად ის აფინანსებდა, ცდილობდა, მისგან წარმატებული პროექტი შეექმნა. მოსკოვში ბინა, სტუდია და რა ვიცი, რა აღარ... რომ არა ავთო, სოსო პავლიაშვილს ეს ყველაფერი არ ექნებოდა და ვერც ასეთ წარმატებას მიაღწევდა...

სოსომ ბინა გაყიდა მოსკოვში, რომელიც ავთოს შეძენილი იყო. ნახევარ მილიონად გაასხვისა. ავთო ჩაფრინდა, მოილაპარაკეს და ეს ფული ჩაიდო ბიზნესში. ეს ხდება 1998 წელს, მას შემდეგ, ცხადია, ეს ფული გაიზარდა ხომ?! სხვათა შორის, ეს ვაჟბატონი რუსულ ტელევიზიასთან ყვება, არანაირი ბიზნესი არ მაქვს და თავს სიმღერით ვირჩენო. აგერ, შემიძლია, განახოთ მისი ძმაკაცის, ზაზა გაბედავას ინტერვიუ. ეს გაბედავა, გეცოდინებათ, რუსეთში გაქცეული ცნობილი ტერორისტია, გოჩა ბახიას "პადდელნიკი". ის წერს გაზეთში, რომ ვითომ ავთოსთან პავლიაშვილს არანაირი შეხება არ აქვს და ჭორებს უგორებენ, სოსოს მოსკოვში თავისი კაფე აქვს სამასკაციანიო. ახლა "ენტევეზე" რომ იყო გადაცემა, ამბობს, არანაირი ბიზნესი არ მაქვსო. ან ეს კაფე ვისია მაშინ, ან ხარკოვის ხორცკომბინატი? სხვის სახელზე რომ აქვს გაფორმებული, არ ეგონოს, რომ არავინ არაფერი იცის. მოკლედ, ის ნახევარი მილიონი ჩადეს ბიზნესში, მათ შორის იყო მაღაზიათა ქსელი და სხვადასხვა საქმეები", - ამბობს ბიზნესმენის ძმა.

"პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ადუაშვილი მკვლელობის თანამონაწილეობაში სდებს ბრალს მომღერლის დას, მაკა პავლიაშვილსაც. მევლუდ ადუაშვილი პროკურატურას და-ძმა პავლიაშვილების საქართველოში ჩამოყვანასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სთხოვს.

"რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული, ან მინიმუმ დაკითხული მაკა პავლიაშვილი, სოსოს და, რომელმაც ქილერებისთვის გადასახდელი ფული პირადად წამოიღო ერევნიდან. როგორც მინიმუმ, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს დანაშაულის დაფარვისთვის, თუმცა ის დანაშაულს კი არ ფარავდა, არამედ თავად იყო თანამონაწილე ამ დანაშაულის.

რაც შეეხება მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, როგორც კი ვახო აიყვანეს, მაკამ იმავე ღამეს დატოვა ქვეყანა. დედ-მამაც კი გახიზნა, თითქოს ვინმე რამეს ერჩოდა. მაგდენი შეგნება ნამდვილად გვაქვს. გაინტერესებთ, რატომ წაიყვანა სოსომ, პირველ რიგში, თავისი და ქვეყნიდან? იმიტომ რომ მაკა სვამს, მისი დაკითხვა და პირის გაღება ერთი და იგივე იქნებოდა. ეშინოდა, ყველაფერი არ დაეფქვა და სიტუაციას გაარიდა. ეს მკვლელობა დაგეგმეს და-ძმა პავლიაშვილებმა და მოვუწოდებთ პროკურატურას, ცოტა ადეკვატურად იმოქმედონ", - აღნიშნა მევლუდ ადუაშვილმა.

2012 წლის ნოემბერში თბილისში, საკუთარ მანქანაში ავთანდილ ადუაშვილი მოკლეს. ბიზნესმენის ნათესავებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მისი სიკვდილი პავლიაშვილმა დაუკვეთა. სავარაუდო მკვლელი რამდენიმე დღეში დააკავეს. ის სოსო პავლიაშვილის სიძე, ვახტანგ ჩხაპელია აღმოჩნდა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ მკვლელობა პავლიაშვილმა შეუკვეთა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა. თავად მომღერალი დარწმუნებულია, რომ მისი სიძის მკვლელობის საქმეში გარევა ვიღაცას ხელს აძლევდა და ის, უბრალოდ, მსხვერპლია.

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურატურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ის უახლოეს პერიოდში დაკითხონ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ