მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტები თავდაცვის სამინისტროს მუშაობას შესაბამისად ვერ აკონტროლებენ. ამის შესახებ Transparency International-ის კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციამ კვლევა 17 სექტემბერს გამოაქვეყნა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების (TI-DSP) პროგრამის ფარგლებში სპეციალისტებმა შეაფასეს, რამდენად ეფექტურად ასრულებდა 82 ქვეყნის პარლამენტი თავდაცვის ბიუჯეტის მაკონტროლებლის ფუნქციას. შედეგებმა აჩვენა, რომ საკანონმდებლო ორგანოების 2/3 ვერ აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მუშაობას. ამასთან, 2012 წლის იარაღის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ქვეყნების 70%-ს შესაბამის კანონში კორუფციისთვის ხელსაყრელი ხარვეზები აქვს.
კვლევაში ქვეყნები გადანაწილდნენ A-დან F ჯგუფამდე (სულ 6 ჯგუფი), ამასთან D კატეგორია ორად იყო გაყოფილი. კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთი საკანონმდებლო ორგანოს მიერ თავდაცვის სფეროს კონტროლის მხრივ, ტანზანიისა და უგანდას გვერდით დგას. ამავე D ჯგუფის სათავეშია საქართველოც, რომელიც სიაში ბანგლადეშის, ბელარუსის, ჩინეთისა და ეთიოპიის მეზობლადაა.
თავდაცვის ბიუჯეტზე პარლამენტის ეფექტური კონტროლის მხრივ, სიის სათავეში მოექცა მხოლოდ 4 სახელმწიფო: ავსტრალია, გერმანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ საკანონმდებლო ორგანოებს, თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკები შეამცირონ, მიიღონ შესაბამისი კანონები და თავდაცვის დარგში კორუფციის საკითხები დისკუსიის საგნად აქციონ. ასევე, შექმნან სპეციალური მექანიზმები და პარტიათაშორისი კომიტეტები კონტროლის ფუნქციის განსამტკიცებლად.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.