რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში

რა წვლილი მიუძღვის გურამ დოჩანაშვილს გოდერძი შარაშიას დაოჯახებაში

"კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე და ძალიან მიყვარდა. ცოდნას კლასგარეშე საკითხავით ვიღრმავებდი, რაშიც დედა მიწყობდა ხელს. მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბიბლიოთეკასთან, მეგობრობდა ბიბლიოთეკარებთან და შესაბამისად, ეს ჩემთვის იმის პირობა იყო, რომ ყოველთვის მქონოდა ის წიგნები, რაც მსურდა, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ეს პრივილეგია ცუდად გამომიყენებია და ის წიგნი წამიკითხავს, რაც ბავშვობის ასაკისთვის შეუფერებელი იყო. მაგალითად, VIII კლასში წავიკითხე "ბალთაზარ კოსა", მხოლოდ იმიტომ, რომ ყური მოვკარი ორი უფროსი ასაკის ადამიანის დიალოგს ამ წიგნის შესახებ. წლების შემდეგ მივხვდი, რომ წიგნი, სადაც მსგავსი სცენებია აღწერილი, სკოლის მოსწავლემ არ უნდა წაიკითხოს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ჩუმად გავაკეთე, რადგან ხელი მიმიწვდებოდა," - ამბობს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

კითხვას ბავშვობიდან შეეჩვია და ასევე ზრდიან ის და მისი მეუღლე ცირა 10 წლის შვილს - ანდრიას. მის ბინაში საოჯახო ბიბლიოთეკა შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დავყოთ: პირველ თაროზე განლაგებულია მისი მეუღლის სამედიცინო ლიტერატურა, მეორე ნაწილი გოდერძის ინტერესების სფეროა და იმავდროულად მისი მეორე ნახევრისაც, რადგან დიასახლისიც ხშირად მიმართავს ამ წიგნებს, ხოლო მესამე ნაწილი საბავშვო წიგნებია, რომლებსაც პატარა ანდრია ყოველდღიურად უთმობს გარკვეულ დროს...

- არსებობს ასაკობრივი ლიტე­რატურა და წიგნები, რომელებიც უნდა გქონდეს წაკითხული. პირადად მე ზოგიერთი საბავშვო ნაწარმოები თავის დროზე არ წავიკითხე და შემდეგ გავეცანი. მაგალითად, ასეთია "დაჩის ზღაპრები". ახლახან ჩემმა შვილმა წაიკითხა ეს წიგნი და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული. დღეს ქუჩაში ვინც უნდა გააჩერო, ნაკითხი თუ უწიგნური, ყველას გაუგია, რომ არსებობს წიგნი "მარტოობის ასი წელიწადი". ის მოდური წიგნების რიცხვშია, არა იმიტომ, რომ ვინმეს აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ წაიკითხა და მასაც უნდა ჰქონდეს წაკითხული.

- ეს კარგია თუ ცუდი, ანუ მოდის გამო წიგნების კითხვა?

- წიგნის კითხვა არასოდეს არის ცუდი, რაც მეტს წაიკითხავ, უკეთესია, მაგრამ რატომ უნდა წავიკითხოთ "მარტოობის ასი წელიწადი" ასჯერ, როცა შეიძლება წავიკითხოთ იმავე მწერლის რაიმე სხვა, მაგალითად "წითური", რაც არანაკლებ საინტერესოა. მოდური წიგნები მეც მაქვს წაკითხული. ერთხელ ზღვაზე წასვლამდე მაღაზიაში ყურბან საიდის "ალი და ნინოს" მხოლოდ ერთი ეგზემპლარი დაგვხვდა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ამ წიგნის თავებს რიგრიგობით ვკითხულობდით. დღეს ასევე მოდურია ფამუქი. თუ მისი წიგნი არ წაგიკითხავს, ბევრისთვის იმას ნიშნავს, რომ არაფერი წაგიკითხავს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ავტორი მოდაშია.

- ფამუქი წაიკითხეთ?

- წელს ზღვაზე წასვლამდე წასაღებად წიგნები შევარჩიე და მათი დასახელება "ფეისბუქზე" სტატუსად გამოვაქვეყნე. ეს იყო ფამუქის "მე მქვია წითელი" და აკუტაგავას "ჯოჯოხეთის სურათები". აკუტაგავაზე არაფერი, მაგრამ ბევრმა მირჩია, რომ ფამუქი ზღვაზე არ წამეკითხა, რადგან დამამძიმებდა. მეგობრებს დავუჯერე და წიგნი ჩანთიდან ამოვიღე. ახლა ვაპირებ მის წაკითხვას. რაც შეეხება აკუტაგავას, წავიღე და საკმაოდ მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა.

- წლების განმავლობაში საყვარელი ლიტერატურული ჟანრი თუ ჩამოგიყალიბდათ?

- ვერ გამოვარჩევ. ყველაფერს ვკითხულობ, რაც ხელში მომხვდება. აკუტაგავამდე წავიკითხე ინდოელი მწერალი თაგორი და დონალდ ტრამპის "იაზროვე ჩემპიონივით". ტრამპი ბიზნესმენია და არა მწერალი, მაგრამ მაინტერესებდა, როგორ დაიწყო ბიზნესი, როგორ გაკოტრდა რამდენჯერმე და საერთოდ, რას წერდა. ის იმდენად ჭკვიანია, რომ წიგნში არ გასწავლის, როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი, უბრალოდ, ამბად გიყვება თავის ცხოვრებას. საინტერესო ფაქტია, რომ მან ერთ-ერთი მორიგი გაკოტრების შემდეგ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მესიჯია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს