ბათუმში საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა უსინათლო მომღერალმა გაიმარჯვა

ბათუმში საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა უსინათლო მომღერალმა გაიმარჯვა

25-28 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, "ოქროს ნიჟარა" გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორმა საპროდუსერო კომპანია "სტარ მედია პროდაქშენმა" მონაწილეები კასტინგის პრინციპით შეარჩია. საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და ბელორუსიის 11 წარმომადგენელი ხუთკაციანმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის თავმჯდომარე "სტარ მედია პროდაქშენის" გენერალური დირექტორი ვიაჩისლავ დმიტრიენკო იყო. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიონდნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, ყაზახი პროდუსერი დინა სმაილოვა, ჰოლივუდის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი ლატვიაში ლენა ლორენა სვილვე და ბელორუსი პროდუსერი ოლგა ზინოვა.

კონკურსის პირველ დღეს მონაწილეებმა მშობლიურენოვანი და მსოფლიო ჰიტები იმღერეს. ფინალურ გალა-კონცერტზე კი მათ მიერ ან მათთვის დაწერილი სიმღერები შეასრულეს.

ჟიურის უმაღლესი შეფასება და მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები ახალგაზრდა მომღერალმა შაბან მამედოვმა ემოციურად შესრულებული სიმღერის გამო დაიმსახურა. 12 წლის უსინათლო მუსიკოსი მარნეულიდან, პოპ-მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის, "ოქროს ნიჟარის" გამარჯვებული გახდა. როგორც თავად ამბობს, ფინალურ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გრანპრის მფლობელი გახდებოდა. შაბანი კონკურსზე მამასთან ერთად იმყოფებოდა. ფარინ მამედოვი იხსენებს, რომ მისი შვილი 9 თვის ასაკში ექიმების დაუდევრობის გამო დაბრმავდა. შაბანი უკრავს სინთეზატორზე, მღერის და არაერთ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"ოქროს ნიჟარის" პირველი ადგილის მფლობელი უკრაინელი მომღერალი ალექსანდრე ჩიში გახდა. მეორე ადგილზე კი საქართველოს წარმომადგენელი გიორგი შიოლაშვილი გავიდა, რომელიც საბავშვო "ევროვიზიის" გამარჯვებულია და ჯგუფ "ბზიკების" შემადგენლობაში მღეროდა. ხოლო მესამე ადგილი კრისტიან კოსტოვმა დაიკავა, რუსეთიდან.

კონცერტებს ქართულ და რუსულ ენებზე ოთხი წამყვანი უძღვებოდა. მაყურებელს საკონკურსო რეპერტუართან ერთად კარგ განწყობას, ქართულად გამართულად მოსაუბრე ფერადკანიანი რატი ჰაჯიმიც უქმნიდა. წამყვანის პოზიციაზე გიორგი ღოთვაძის დებიუტიც შედგა, რომელიც ლალი მოროშკინას ვაჟია. როგორც გიორგი ამბობს, სცენაზე დგომა ძალიან მოეწონა და მსგავს შეთავაზებას მომავალშიც სიამოვნებით დათანხმდება.

მონაწილეების გასამხნევებლად ბათუმის ხელოვნების ცენტრში რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ, ნინი წიკლაურმა, ბექა ბროლაძემ და მარიამ ლიკლიკაძემ. საგანგებოდ, ფინალური კონცერტისთვის საქართველოში პროდუსერთან ერთად ჩამოვიდა "ოქროს ნიჟარის" გასული წლის გამარჯვებული, რუსეთის წარმომადგენელი საშა ლავერი, რომლის შესრულებულმა ქართულმა სიმღერამ - "თეთრი გედი" მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულისთვის სიმღერები დაიწერება, რომლებსაც ახალგაზრდა მომღერლები "სტარ მედია პროდაქშენის" სტუდიაში ჩაწერენ. რამდენიმე მონაწილე ლატვიაში, ასევე ყაზახეთში მუსიკალურ ფესტივალებზე გაემგზავრება.

"ოქროს ნიჟარის" მედია პარტნიორმა "მედია პალიტრამ" კონკურსის უკლებლივ ყველა მონაწილე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებით - "დისქოვერის" საყმაწვილო ენციკლოპედიებით დააჯილდოვა, ხოლო ჟიურის წევრებს "ვეფხისტყაოსნის" რუსულენოვანი, სამგანზომილებიანი გამოცემა გადასცა.

საკონკურსო დღეებს შორის თავისუფალ დროს "ოქროს ნიჟარის" ქართველი და უცხოელი მონაწილეები აჭარის ზღვისპირეთში ნაყოფიერად ატარებდნენ. გრილდებოდნენ სარფში, სეირნობდნენ ბათუმის ბულვარში, ეცნობოდნენ ბათუმის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ან მხიარულობდნენ ქობულეთის პარკ "ციცინათელაში". თუმცა ყველაზე სასიამოვნოდ დროს მაინც ერთმანეთის გარემოცვაში ატარებდნენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქართველი კონკურსანტები ბელორუსი, ყაზახი, რუსი და უკრაინელი მეგობრების ქართულად ამეტყველებას ცდილობდნენ.

კონკურსის შედეგებს მონაწილეებს შორის გულდაწყვეტა არ გამოუწვევია, თუმცა იყო მომენტი, როცა ახალგაზრდებმა ცრემლები ვეღარ შეიკავეს. კონკურსანტებს ხუთდღიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთთან განშორება და დამშვიდობება ძალიან გაუჭირდათ.

"ოქროს ნიჟარა" ზღვისპირა საქართველოში ყოველწლიურად გაიმართება.

ანა მარშანია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება