ლუკა შარაშიძე - "მეუღლეს არასდროს უთქვამს, ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო"

ლუკა შარაშიძე - "მეუღლეს არასდროს უთქვამს, ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო"

სხვა ყოფილი თუ მოქმედი ტელეწამყვანებისგან განსხვავებით, მზია (ლუკა) შარაშიძის შესახებ ჭორები ყველაზე ნაკლებად გვსმენია. ის მოწესრიგებული, საქმიანი და სასიამოვნო ადამიანი გახლავთ. ამჟამად, ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. როგორც გვითხრა, ბევრი სამსახური გამოიცვალა და არც ერთ მათგანში მუშაობა პროტექციით არ დაუწყია...

- გასართობი ტელეგადაცემების წამყვანის ამპლუაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს თუ ახლა - სერიოზული კომპანიის პიარ-მენეჯერად მუშაობისას?

- ტელევიზიაში მუშაობას სხვა მუხტი, სხვა დადებითი მხარეები ჰქონდა. ის ხალისს უფრო მეტად უკავშირდება, სხვანაირი "სიცოცხლე" აქვს, ეს სამსახური კი სერიოზულია, სამაგიეროდ - სტაბილური.

- "მაესტროში" მუშაობის პერიოდში თუ წარმოიდგენდით, რომ ოდესმე სერიოზულ საქმეს მოჰკიდებდით ხელს?

- სხვათა შორის, მაშინ ვამბობდი: ვერ წარმომიდგენია, რომ დილიდან საღამომდე ოფისში ვიჯდე-მეთქი. იმ პერიოდში მთელი დღე დავრბოდი. შეიძლებოდა, ეთერი დღეში სამჯერ მქონოდა. შემდეგ დადგა პერიოდი, როცა ვთქვი, რომ ოფისში თავს ძალიან კარგად ვიგრძნობდი, სადაც დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე ვიმუშავებდი, შაბათ-კვირას კი დავისვენებდი. წლები რომ გადის, ადამიანი იზრდება და ცხოვრებაზე შეხედულებებიც ეცვლება.

- საკუთარი შემოსავალი როდის გაგიჩნდათ?

- რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ. მგონი, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ჩანთების კერვა, მათი ბისერებით გაფორმება, თიხის მძივების გაკეთება და ამ ყველაფრის სალონებში ჩაბარება დავიწყე. ამ ბიზნესის წყალობით, ჩემი ჯიბის ფული მქონდა; მშობლებს ტრანსპორტისთვის თანხას არ ვთხოვდი. გაცნობიერებული მქონდა, რომ მხოლოდ ისინი ვერც უზრუნველმყოფდნენ, რადგან ომის, არეულობის პერიოდი იყო და ხელმომჭირნედ ცხოვრება გვიწევდა. ვცდილობდი, საკუთარ თავზე მეზრუნა. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა რადიოში დავიწყე მუშაობა და ხელფასი დაახლოებით 45 ლარი მქონდა. ამ თანხით სერიოზულს ვერაფერს ვიყიდდი, მაგრამ მაინც მიხაროდა. ვამბობდი, - აუ, 100 ლარი რომ მქონდეს, რამდენ რამეს გავაკეთებდი-მეთქი! მერე 100 ლარი მქონდა და ვამბობდი: - 300 რომ მქონდეს, რამდენს შევძლებდი-მეთქი! ყოველთვის ასეა: ადამიანს მილიონიც რომ ჰქონდეს, ალბათ იტყვის: 3 მილიონი რომ მქონდეს, უფრო მეტს შევძლებდიო...

- რა განათლება გაქვთ მიღებული?

- ოფიციალურად - გრაფიკოს-დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მერე, როცა "მაესტრო" დაიხურა და ტელევიზიიდან ყველანი წამოვედით (ეს ის პერიოდი იყო, როცა ვთქვი: ოფისში მუშაობა მინდა-მეთქი), ბევრი ვიფიქრე თუ - ცოტა, "პიარის" მიმართულება მომეწონა და "ჯიპაში" ჩავაბარე. სწავლის დამთავრების მერე კი, კომპანია "რედიქსში" დავიწყე მუშაობა.

- საკუთარი შემოსავლის გაჩენიდან დღემდე, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ფინანსურად ვინმეზე დამოკიდებული ყოფილხართ?

- დიახ, მაგრამ ეს ძალიან პატარა მონაკვეთი იყო - როცა "მაესტროდან" წამოვედი და "ჯიპაში" ჩავაბარე. იმ 6 თვის განმავლობაში მეუღლე მაფინანსებდა და ეს ჩემთვის დისკომფორტი იყო. ფულის თხოვნა მშობლებისთვისაც არ მიყვარდა. ასეთ დროს მგონია, რომ საშინელ დანაშაულს ჩავდივარ. მირჩევნია საკუთარი (თუნდაც - მცირე) შემოსავალი მქონდეს.

- ერთი პერიოდი, "რუსთავი 2"-ზე გადაცემის - "ბინა" წამყვანიც იყავით...

- ამ დროს "ჯიპაში" სწავლა დამთავრებული მქონდა და "რედიქსში" ვმუშაობდი, პარალელურად კი გადაცემის წამყვანიც ვიყავი.

- ოდესმე სამსახურის შოვნა გაგჭირვებიათ?

- არასოდეს. რაც მთავარია, სამსახურის საშოვნელად ნაცნობებისთვის არ მიმიმართავს. ვიდრე რადიოში მიმიღებდნენ, სერგი გვარჯალაძესთან ვმუშაობდი, რომელიც "პირველ არხზე" გადაცემა "კომუნიკატორის" წამყვანი გახლდათ. უბრალოდ, სერგის იმეილზე მივწერე: ძალიან ერუდირებული, მონდომებული ახალგაზრდა ვარ და სამსახურში ამიყვანე-მეთქი. პასუხად მივიღე, - მოდიო. მივედი და მუშაობა დავიწყე - მუსიკალურ ჩარტებს ვადგენდი... რაღაც პერიოდის შემდეგ რადიოს სტუდიაში მივედი - ასეთი ყოჩაღი ვარ, მუსიკაში მაგრად ვერკვევი და სამსახურში მიმიღეთ-მეთქი. დამსვეს, რაღაცები შემავსებინეს. მაშინ ბევრი რადიოტალღა არ გვქონდა და დიჯეობა პრესტიჟულად მიიჩნეოდა. ყველა ამბობდა, - მივედი, რაღაცები შემავსებინეს და არ დამირეკესო, მე კი გამიმართლა: იმავე საღამოს დამირეკეს და მეორე დღეს მუშაობა დავიწყე (იღიმის)... "მაესტროშიც" შემთხვევით მოვხვდი: თავად მამუკა ღლონტმა შემომთავაზა, - ვიდრე დაბერდები, ტელევიზიაში იმუშავეო. "თავი მოვიკალი": არ მინდა-მეთქი, მაგრამ მერე მაინც დავთანხმდი.

- რატომ არ გინდოდათ?

- არ ვიცი. "ვარსკვლავობის", პოპულარობის სურვილი არასოდეს მქონია, ყველაფერი თავისით "მოვიდა"... ამჟამინდელ სამსახურს რაც შეეხება, "ჯიპაში" სწავლის დამთავრების შემდეგ, ჯობს.გე-ზე შევედი და ვაკანსიები "ჩამოვიარე". პირველად "რედიქსში" პიარ-მენეჯერის ვაკანსია შემხვდა. "სივი" გავგზავნე და მეორე თუ მესამე დღეს დამირეკეს... ხშირად ამბობენ, - თუ ნაცნობი არ გყავს, საქართველოში სამსახურს ვერ იშოვი, ყველაფერი "ჩაწყობით" ხდებაო, მე კი მუშაობა პროტექციით არც ერთ სამსახურში არ დამიწყია! ასე რომ, მთავარია ენთუზიაზმი, მონდომება...

- პიარ-მენეჯერად მუშაობას ალღო იოლად აუღეთ?

- ასეთი თვისება მაქვს - ყველაფერს მალე ვუღებ ალღოს... რა თქმა უნდა, მუშაობა ახლა უფრო მარტივია, ვიდრე თავდაპირველად იყო. უკვე 6-წლიანი გამოცდილება და ყველა საჭირო კონტაქტი მაქვს, საჭირო ადამიანებს ვიცნობ. რადგან თავიდანვე ბევრ სამსახურს "მივედ-მოვედებოდი" და კომუნიკაბელურიც გახლდით, ყველა სფეროში ნაცნობი და ახლობელი მყავს, "პიარის" სფეროში კი ბევრი ნაცნობ-მეგობრის ყოლა მნიშვნელოვანია.

- კომპანია, სადაც მუშაობთ, თეატრალური ფესტივალის - "დურუჯის" ორგანიზატორი გახლავთ. ფესტივალის გულდაწყვეტილი მონაწილეები ხომ არ გსაყვედურობენ?

- იყო შემთხვევა, როცა ზოგიერთმა პროტესტი ცოტა უხეშად გამოთქვა. ამას არ მივესალმები. ცხადია, როცა კონკურსში ვერ გაიმარჯვებ, გული დაგწყდება, მაგრამ იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ დამარცხება ღირსეულად მიიღო, გამარჯვებულს წარმატება მიულოცო. ეს სტიმული უნდა იყოს, რომ უკეთესი გახდე.

- სამსახურში კონფლიქტი თუ გქონიათ?

- კონფლიქტი იშვიათად მომდის. გაწონასწორებული ვარ. ვცდილობ, დაძაბული სიტუაცია "შემოვლითი გზებით" დავარეგულირო.

- საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე სერიოზულად თუ გიფიქრიათ?

- კი, მიფიქრია, მაგრამ ალბათ, საამისოდ ჯერ მზად არ ვარ. ამას წინათ ვიღაც მეკითხებოდა, - ტატუს გაკეთებაზე არ გიფიქრიაო? კი, ამაზეც მიფიქრია, მაგრამ არ ვიცი, რა და სად გავიკეთო. სამსახურშიც ასეა: ბიზნესის წამოწყებაზე მიფიქრია, მაგრამ კონკრეტული მიზანი არ მაქვს. როცა მექნება, საქმეს დიდი შემართებით დავიწყებ.

- ჩანთებს, აქსესუარებს დღესაც ქმნით?

- როცა დრო მაქვს, სახლში ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ. ახლა ძველი სავარძლის რესტავრაცია დავგეგმე - ჭრელი ქსოვილის ნაკუწებით უნდა გავაკეთო. პირველი კვილტის (ჭრელაჭრულა ქსოვილისგან შეკერილი ნამუშევარი) კერვა ფეხმძიმობისას დავიწყე. ვამბობდი, - შვილს უნდა ვაჩუქო-მეთქი. ვფიქრობდი, ვიდრე ბავშვი გაჩნდებოდა, კერვას დავასრულებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე.

- ხშირად ქალბატონებს ან მხოლოდ პირად ცხოვრებაში უმართლებთ, ან - კარიერაში. თქვენს შემთხვევაში, ყველაფერი რიგზეა. თქვენ შესახებ ჭორიც იშვიათად გვსმენია. ამას როგორ ახერხებთ?

- მხოლოდ კარიერისტი და მხოლოდ ოჯახზე "ჩაციკლული" ადამიანები არ მიყვარს. წარმატებული მაშინ ხარ, როცა სამსახურებრივი და პირადი ცხოვრება დაბალანსებული გაქვს. რაც შეეხება ჭორებს, სკანდალური ქმედებებით თავის გამოჩენა არასოდეს მიყვარდა. შეიძლება, ეს ცუდიც არის: რაღაც პერიოდში ხალხს ავიწყდები. ხშირად პოპულარობისთვის სასწაულს "გაარტყამენ", გაიხდიან, ვიღაცას სადღაც აკოცებენ და მერე ამ თემაზე ვიშვიში და ერთი ამბავი ატყდება ხოლმე... ჩემი მიზანი ყურადღების ცენტრში ყოფნა არასოდეს ყოფილა. თუკი საიდუმლოებები და ოჯახური პრობლემა მაქვს, ამის შესახებ ტოქშოუებში არ ვყვები.

- ყოველთვის აქტიური, საქმიანი იყავით. ვიდრე ოჯახს შექმნიდით, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დროს როგორ ანაწილებდით?

- ეს ძალიან რთული იყო. შეყვარებულობის პერიოდში არ მეცალა, რომ ჩემს მომავალ ქმარს შევხვედროდი. მახსოვს, მაშინ "მაესტროში" ვმუშაობდი, მამუკა ღლონტთან მივედი და ვუთხარი: იცი, მამუკა, შეყვარებული მყავს; ვაპირებ, ცოლად გავყვე და დრო არ მაქვს, რომ ვნახო. ამიტომ საღამოს ეთერიდან "მომხსენი"-მეთქი. - კარგიო, - მიპასუხა და გამათავისუფლა. შეყვარებულები ერთმანეთს საღამოობით ვხვდებოდით.

- თქვენი სამსახურის გამო, მეუღლესთან უსიამოვნება არასდროს მოგსვლიათ?

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა - მეუღლე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა. არასდროს უთქვამს, - ქალი სახლში უნდა იჯდეს და "კუხნაში" ხაჭაპურს აცხობდესო (იცინის).

- სამსახურის დაწყების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევთ?

- ჩემი გამოცდილების საფუძველზე ვურჩევ, რომ დიდი ენთუზიაზმი ჰქონდეთ, თავდაჯერებულები და მიზანდასახულები იყვნენ. თუკი ეს თვისებები ექნებათ, მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ძალიან ხშირად ქალები სახლში სხედან და "ზუზუნებენ": ჩვენს დროში სამსახურს ვერ იპოვიო. ამ დროს, არც კი უცდიათ, "სივი" სადმე გაეგზავნათ. რატომღაც ჰგონიათ, ვიღაც შინ მიაკითხავთ და თავზე ოქროს დააყრით. ასე არ ხდება. წარმატება დიდი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. შეიძლება, დიდხანს იშრომო და გეგონოს, ამ შრომას არავინ აფასებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, დაგიფასდება. შრომაში გატარებული ოფლის არც ერთი წვეთი და თეთრად გათენებული ღამე არ შეიძლება, დაკარგულად ჩაითვალოს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება