ბიჭი სარქისოვი ერთი თბილისელი კაცია, რომელიც ავლაბარში დაიბადა და გაიზარდა. დღესაც იმ სახლში ცხოვრობს, სადაც ბავშვობა გაატარა, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე 15 წელია, ეტლს არის მიჯაჭვული. მას 40 წლის ასაკში საოცარი ამბის გადატანა მოუხდა, მაგრამ ბატონი ბიჭი გამოუსწორებელი ოპტიმისტია... ცნობისთვის, ჩვენი რესპონდენტი პოპულარული მოდელის - კრისტის მამა გახლავთ.
- ბავშვობიდან ბიჭის მეძახიან, სინამდვილეში კი - არკადი მქვია. 55 წლის გახლავართ. სახლი, სადაც ვცხოვრობ, 1958 წელს ბაბუამ და ჩემმა მშობლებმა ააშენეს...
- რა პროფესიის ბრძანდებით?
- უმაღლესი სასწავლებელი არ დამიმთავრებია, რადგანაც ცოლი ადრე მოვიყვანე - 17 წლისა დავოჯახდი და მას მერე სულ ვშრომობ; სწავლაზე მეტად, ფულის შოვნას ვცდილობდი. აბა, ცოლ-შვილს რჩენა ხომ უნდოდა?! შეძლებული ოჯახის შვილი კი გახლდით, მაგრამ მშობლებისთვის ფული არასდროს მითხოვია; არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ, უბრალოდ, ვფიქრობდი, ადამიანს, რომელსაც ხელიც ჰქონდა და ფეხიც, ოჯახი თავად უნდა ერჩინა. ხშირად დავდიოდი რუსეთში: სამკერვალო მქონდა და იქ საქონელი ჩამქონდა...
- პირველი შვილი ანუ კრისტი როდის შეგეძინათ?
- კრისტი 1977 წელს დაიბადა, უმცროსი - ლიკა კი 1980 წელს.
- აქტიური ცხოვრება გქონდათ, მუშაობდით. მერე რა მოხდა, ეტლს როგორ მიეჯაჭვეთ?
- ერთხელაც, ტრასაზე შევნიშნე, რომ ”ზაპოროჟეცს” ცეცხლი ეკიდა და იწვოდა. მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და დასახმარებლად გავიქეცი. ცეცხლი კი ჩავაქრეთ, მაგრამ ხელები დამეწვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ იმ პერიოდში ორგანიზმში ინფექცია შემეჭრა, კერძოდ - სტაფილოკოკები...
- დამწვრობას მკურნალობდით?
- რაღაც მალამოებს ვისვამდი, მაგრამ ექიმთან არ მივსულვარ. ეს იყო 1997 წელს... 1999 წელს ზაფხულში, ზღვაზე ვიყავით. შინ დაბრუნებულს შარდის შეკავება დამემართა. უროლოგებმა დახმარება კი აღმომიჩინეს, მაგრამ შვება მაინც ვერ ვიგრძენი, ცოტა ხანში კი ზურგის ზედა არეში საშინელმა ტკივილმა შემაწუხა. ექიმმა დაასკვნა, - ნევრალგიააო და რაღაც მალამოს წასმა მირჩია. არადა, რა ნევრალგია, თურმე ”გაქანებული” სეფსისია: ჩირქს ხერხემალზე ”ბუდე” ჰქონდა გაკეთებული და ზურგის ტვინს აწვებოდა... ღამე ფეხიც ”გამეთიშა”, ვეღარ გავიარე. დაურეკეს ზურას (ყიფშიძე), რომელმაც გოგლიკა მაღალაშვილთან, საუკეთესო ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან წამიყვანა.
- კრისტი მაშინ უკვე გათხოვილი იყო?
- კი, უკვე ყიფშიძეების რძალი გახლდათ... მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადამიღეს და მაღალაშვილმა თქვა, - სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროებაო. ოპერაციის შედეგად ჩირქის ”ბუდე” კი მომაშორეს, მაგრამ ეტლს მივეჯაჭვე... მერე ერევანში სარეაბილიტაციო ცენტრში წამიყვანეს. იქ სპეციალური ვარჯიშების კურსი ჩამიტარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ იმ კლინიკაში მყოფს მაღალი სიცხე მომცა და უკან ჩამოვედი. გოგლიკამ მეორე ოპერაციაც გამიკეთა. თურმე, ჩირქი ისევ დაგროვდა... ორწელიწად-ნახევარი ისეთი ტკივილი მქონდა, რომ ლოგინი, რომელშიც ვიწექი, გახურებული ღუმელი მეგონა. ვნატრობდი, ტკივილი წამით მაინც გაჩერდეს, რომ ამოვისუნთქო-მეთქი. საშინელებას განვიცდიდი. ასეთ სიტუაციაში თითქმის 3 წლის განმავლობაში ვიყავი. ტკივილები ახლაც მაქვს, მაგრამ ეს ასატანია. ხანგრძლივი ვარჯიშით შეიძლება, რაღაც სასიკეთო მოხდეს, თანაც - ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. ფეხის ტერფებსა და თითებს ვამოძრავებ, აქამდე კი ესეც არ შემეძლო. მოკლედ, სულ ვვარჯიშობ და მგონია, რომ წინსვლა ამის დამსახურებაა.
- ვარჯიშებს დამოუკიდებლად აკეთებთ?
- კი. ძირითადად იოგით ვარ დაკავებული... იოგის პრინციპია, რომ ის მოძრაობა გააკეთო, რაც შენთვის მოუხერხებელი და უსიამოვნოა, მთავარია, ვარჯიშისას საკუთარ თავს არ მოატყუო; უნდა იწვალო, იშრომო, ოფლი დაღვარო, სხვანაირად არაფერი გამოვა.
კრისტი:
- მამაჩემი შინაგანად ძლიერი და ოპტიმისტი რომ არ ყოფილიყო, ამ განსაცდელის გადატანა ძალიან გაგვიჭირდებოდა. მუდმივად რაღაცას გეგმავს: ახლა ვივარჯიშებ, ახლა ამას ვიზამ, იმას ვიზამ... შეიძლება, ის ნერვი აღარ აღდგეს, რომელიც დაზიანებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით, მიზანს მივაღწევთ. იქნებ ისე მოხდეს, გარეთ გასვლა რომ მაინც შეძლოს...
- შევატყვე, რომ ბატონ ბიჭის იუმორის გრძნობაც აქვს...
- კი. ჩემს მეგობრებს მამაჩემთან ლაპარაკი უყვართ. ერთი მეგობარი მეუბნება, - ბიჭის იუმორისტული გამონათქვამები უნდა შევკრიბო და წიგნად გამოვცეო. მოსწრებული და სხარტი ფრაზები აქვს. სხვათა შორის, იუმორში ჩემი შვილი - ნატალია მას ჰგავს.
ბიჭი:
- ჰო, მიყვარს ხუმრობა, მაგრამ ადამიანს ისე არ გავეხუმრები, რომ ეწყინოს. პირიქით, ვცდილობ, გავამხიარულო. უკბილო იუმორი ნამდვილად არ მიყვარს.
- იოგაში ვვარჯიშობო, - მითხარით. ეს ვარჯიშები ვინმემ გასწავლათ?
- ჩვენთან ეზოში კუნფუისტი ბიჭები ცხოვრობდნენ და ეს ვარჯიშები მათ მასწავლეს. იმ ბიჭების მადლობელი ვარ. ისინი ჩემი ძმები არიან... მინდა ვთქვა, რომ ოჯახის წევრები ძალიან მეხმარებიან. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მეუღლე ჯოჯოხეთშიც წამომყვა - პირველი წლები ჩემთვის მართლა ჯოჯოხეთი იყო, საერთოდ ვერ ვმოძრაობდი. ცოლ-შვილი ყველანაირად მხარში მიდგას. არა მარტო შვილები, არამედ შვილიშვილი - ნატალია ყიფშიძეც მეხმარება: ეტლში მსვამს, მერე სამზარეულოში შევყავარ, საჭმელს თეფშზე მიღებს, ფეხსაცმელს მაცმევს. საოცრად თბილი ბავშვია. უმცროსი გოგონას შვილი ჯერ 2 წლის არის, მაგრამ ისიც მეფერება და მეუბნება: - ”ჩემი ბაბუ. ადე, ბაბუ!”
- ექიმები რას გეუბნებიან?
- ამ საქმეს მხოლოდ ვარჯიში უნდა, სამედიცინო ჩარევა არაფერს უშველის. ვის არ ვუჩვენე ტომოგრაფიის სურათები, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს ამბობს... აი, ახლა რომ ვზივარ, ვგრძნობ, ფეხის კუნთი მტკივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვი ცოცხალია. ადრე არ მტკიოდა... ერევნის სარეაბილიტაციო ცენტრში ჩემთან ერთად იუგოსლავიელი ბიჭი იწვა. ის ხიდან ჩამოვარდნილა. დავახლოვდით. როდესაც ექიმს ეუბნებოდა: - ექიმო, აქ მტკივა, იქ მტკივაო, ექიმი პასუხობდა: - თუ გტკივა, კარგია, ე.ი. მგრძნობელობა გაქვსო. ერთხელაც, ექიმი სამსახურში არ მოვიდა. - სად არის-მეთქი? - ვკითხე. მითხრა, - გუშინ დათვრა, გული სტკივა და ახლა მე ვეუბნები, რომ კარგიაო (იცინის)... საერთოდ, ყველა ადამიანს ღმერთი ცდის, გამოცდას კი ღირსეულად უნდა გაუძლო. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი... როდესაც ადამიანს რაღაც ემართება, მიზეზს სადღაც სხვაგან ეძებს, ყველაფერს ვიღაცას აბრალებს, - რომ არა ის, ეს არ მოხდებოდაო. მე ასე არ ვფიქრობ: ყველაფერი ჩვენივე ბრალია! აბა, რა მინდოდა, ცეცხლს რომ შევუვარდი?!
- ამბობთ, ოჯახის წევრები მხარში მიდგანანო...
- (მაწყვეტინებს) არა მარტო ისინი, არამედ ნათესავებიც. კრისტი და გიო (ყიფშიძე) ხომ გაყრილები არიან, მაგრამ ზურა და ლელა ისევ ჩემი და-ძმანი გახლავან. მეორე მძახლებშიც გამიმართლა, ამ მხრივ ბედნიერი ვარ...
- კრისტი უკვე მოდელი იყო, როცა დაავადდით?
- კი. 90-იან წლებში საქართველოში ავანგარდული მოდის ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც კრისტი მონაწილეობდა და იქ მივაკითხე. რომ დამინახეს, ვიღაცები დაიბნენ. კრისტის უთხრეს: - შენთან ვიღაც ბიჭია მოსულიო. მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო ახალგაზრდაც ვიყავი და თან, კრისტიზე მხოლოდ 18 წლით ვარ უფროსი. მერე ვიღაცებმა თქვეს: - რა ბიჭი, კრისტის მამააო. შვილებთან მეგობრული, ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. მათ გამუდმებით ველაპარაკებოდი ამა თუ იმ თემაზე. მეგობრულად მივუთითებდი, რისი გაკეთება იქნებოდა უმჯობესი და ვთხოვდი, ისე არ მოქცეულიყვნენ, რომ ქუჩაში გასვლის შემრცხვენოდა. მათ ფულს ვაძლევდი და ყველგან ვუშვებდი, ოღონდ, ვაფრთხილებდი, რომ შინ დროზე დაბრუნებულიყვნენ. ამას რომ ვაკეთებდი, ჩემი ცოლი გიჟდებოდა (იღიმის).
- ახლა რას ეუბნებით შვილებს?
- კრისტი ქუჩაში გასვლის წინ ყოველთვის მეკითხება, - მოგწონვარო? თუ ვეტყვი, რომ მომწონს, მაშინ გავა, თუ არა და, ტანისამოსს გამოიცვლის...
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებამ ეტლს მიაჯაჭვა?
- ორთაჭალაში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა და ჩემმა მეუღლემ იქიდან ექიმი მომიყვანა. ერთი საათი ვისაუბრეთ, მერე კი იმ კაცმა მითხრა: სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ჩვენთან კონსულტანტად ხომ არ წამოხვალთ? დეპრესიული პაციენტები გვყავს და კარგი იქნება, მათ თუ დაეხმარებითო... ეს ცხოვრება არის ბრძოლა, რომლის დროსაც შეცდომა ბევრს მოსდის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ხალხს ბოდიშის თქმა არ შეუძლია. მე კი, მქონია შემთხვევა, როცა ბოდიში სიამოვნებით მომიხდია. ლადო კახაძეს აქვს ერთი კარგი ლექსი: ”ორ მივიწყებულ სიტყვას დავეძებ,/ დავბერდი ბედის ძებნა-ლოდინში,/ თავის ადგილას მინდა, დაბრუნდეს,/ სიტყვა - ”მადლობა”, სიტყვა - ”ბოდიში”./ მე ერთხელ ქვეყნად უკვე ვიყავი,/ და იმ ცხოვრებას ერქვა გართობა./ ქვეყნად მეორედ მიტომ მოვედი,/ მეთქვა - ბოდიში, მეთქვა - მადლობა”. ამ ორი სიტყვის თქმა თუ არ ვისწავლეთ, დავიღუპებით...
დაბოლოს, მინდა, ჩემნაირ ადამიანებს ვუთხრა, რომ იუმორის გარეშე არაფერი გამოუვათ. უნდა იყვნენ მებრძოლნი და ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. საკუთარ მდგომარეობასთან შეგუება თვითმკვლელობის ტოლფასია, თვითმკვლელობა კი საშინელი ცოდვაა...
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)