”ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები”

”ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები”

ვალიკო მაჩაბელი ”ღამის შოუს” სტუდიის პროექტებში ალბათ ხშირად შეგინიშნავთ. ახლახან ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ინტერნეტკასტინგშიც გამოჩნდა. მონაწილეებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი გახლავთ - ნოემბერში 62 წლის გახდება. ბატონი ვალიკოს მიერ ”ბაილა მორენას” ფონზე შესრულებულ ცეკვას მნახველები არ აკლია... გადავწყვიტეთ, ეს საინტერესო ადამიანი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო:

- ბატონო ვალიკო, ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ინტერნეტკასტინგში გამარჯვების ამბიცია გაქვთ?

- არა, რა ამბიცია?! ეს ვიდეო ”ოთარ ტატიშვილის შოუსთვის” გადავიღეთ. რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი. როცა რაღაცას სპეციალურად კამერისთვის აკეთებ, ალბათ, მე კი არა, ლავროვსკიც დაიბნევა (იცინის). შოუსთვის ერთხელ ჩემს ”მაკარონის” ფეხებზე ფართხუნა შორტიც ჩამაცვეს, სმოკინგიც... ადრე ოთარმა მითხრა: შენს როლს კი ასრულებ, მაგრამ გეტყობა, რომ ცოტათი დაძაბული ხარ, არ უნდა ინერვიულოო. ბოლო 3 თვეა, ამ საქმეს უკვე კარგად გავართვი თავი.

- საკუთარი თავი უკეთ გაგვაცანით - კიდევ რას საქმიანობთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, დახასიათებაში მიმიწერეს: მისი ოცნებაა კინომსახიობობაო. მსახიობობა მართლაც მინდოდა. 1972 წელს, ჯარიდან რომ დავბრუნდი, კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” გამნათებლად დავიწყე მუშაობა. მომავალი მეუღლე ”ენგურჰესზე” ფილმის - ”საჰაერო ხიდი” მუშაობისას გავიცანი - ტაბიჯვარში ცხოვრობდა. თურმე თავდაპირველად, სასიდედრო ჩემი წინააღმდეგი ყოფილა. ხომ იცით, არტისტებს ”ციგნებს” ეძახიან. ჰოდა, ჩემს მომავალ ცოლს ჩემ შესახებ ეუბნებოდა, - რაში დაგჭირდებაო?.. ახლა მეუღლე მეტყვის ხოლმე, - კიდევ კარგი, დედას არ დავუჯერეო...

- მსახიობობა გადაწყვეტილი გქონიათ...

- კი, კინოსტუდიაშიც ამიტომ მივედი. ცხადია, დიდ თანამდებობაზე ვერ მოვხვდებოდი, მაგრამ ვიფიქრე, დაბალი საფეხურიდან დავიწყებ-მეთქი... მერე აღმოჩნდა, რომ ჩემსავით მსახიობის მსურველი ათასობით იყო. კინოსტუდიაში 3 წელი გამნათებლად ვმუშაობდი. პირველი სურათი, რომელზეც ვიმუშავე, ”ჩარი-რამა” იყო, შემდეგ - ”მხიარული რომანი”, ”ციმბირელი პაპა”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”პასტორალი”, ”დათა თუთაშხია” (პავილიონებში), ”საჰაერო ხიდი”... ბოლო ფილმი ”თვალი პატიოსანი” იყო. 1975 წლის ზაფხულში სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე და 28 წელი მას შევწირე.

- გამნათებლის პროფესია როგორ აითვისეთ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, კომუნისტური რეჟიმის დროს, პროფესიული სასწავლებელი არსებობდა, სადაც გამნათებლებს ამზადებდნენ, მაგრამ მე კინოსტუდიაში ”შემოვლითი გზით” მივედი. ნელ-ნელა ოსტატიც გავხდი. 1989 წელს, ”გარდაქმნები” რომ დაიწყო, ტელევიზია 4 სეგმენტად დაიყო: კომიტეტი, რადიო, ტელეცენტრი და ტელეფილმები. მე ტელეფილმების სეგმენტში აღმოვჩნდი. საკმაო ხანს საამქროს უფროსად ვმუშაობდი. ”იმედის” ტელევიზია რომ გაიხსნა, ძველი სამსახურიდან იმავე წელს წამოვედი. ივლისში უკვე 10 წელი შესრულდა, რაც ”იმედში” ვმუშაობ. ჯიბეში თუ არაფერი ჩაიდე და ოჯახში არ მიიტანე, საამქროს უფროსის სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს?! მაშინ სახელმწიფო ტელევიზიაში ხელფასი 100-110 ლარი გვქონდა და იმასაც თვეების განმავლობაში ვერ ვიღებდით. ”იმედში” მისვლისთანავე 200 დოლარი დამინიშნეს. მცირე შვება ვიგრძენი. აღარ დაგიდევდით, ”უფროსი” მერქმეოდა თუ - ”რიგითი”. ამჟამად, სტუდიერ განათებაზე სამნი - მე, ნოდარ პაპიაშვილი (განათების რეჟისორი) და დათო კუპატაძე ვმუშაობთ. ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის დროს, სიამაყით ვამბობდი ხოლმე, რომ ”იმედში” ვმუშაობდი. მერე რაც მოხდა - ტელევიზია რომ ”აახიეს”, თქვენც კარგად იცით. ”ნანუკას შოუსაც” ”ვაკეთებდი”. გადაცემის მოსამზადებლად ნანუკას პრესა ჰქონდა გამოწერილი. ”მოოპოზიციო” გაზეთებს რომ ვკითხულობდი, თანამშრომლები მეუბნებოდნენ, - დამალე, ბიჭო, ”ლაფატკაზე” არ შეგსვანო. არად დაგიდევდით, ყოველთვის ოპოზიციურად განწყობილი გახლდით. აბა, ხელისუფლებასთან მოფერებით ლაპარაკი როგორ შეიძლებოდა, დღეს რომ ვითომ ”კოაბიტაციობენ”?! ტელევიზია ბადრის ოჯახმა რომ დაიბრუნა, იმედი გაგვიჩნდა... პრინციპში, წინსვლა შეიმჩნევა, ხელფასებიც მოგვემატა... მოკლედ, ასე მოვდივარ - ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები...

- ბოლო პერიოდში თქვენს გააქტიურებას თუ არ ჩავთვლით, ამდენი ხნის განმავლობაში, მსახიობობა არ გიცდიათ?

- მსახიობობა იქით იყოს და, ერთ მშვენიერ საღამოს, მგზავრობისას (გადაღებებიდან ვბრუნდებოდით) დიდმა რეჟისორმა - გურამ პატარაიამ მითხრა: ვალიკო, ამდენი ხანია გიყურებ, თქვენი ბიჭებიდან (მაშინ ბრიგადული სისტემა იყო, საბჭოური ტექნიკით ვმუშაობდით) გამორჩეულად მომწონხარ, მინდა, კინორეჟისურის ფაკულტეტზე ”მოგაწყოო” (მაშინ ”ჩაწყობა-მოწყობა” ”მოდიოდა” და ალბათ, არც ახლა აკლებენ). იმ პერიოდში, ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა, ქირით ვცხოვრობდი. ამიტომ ცოტა უკან დავიხიე - უარი შევკადრესავით. მართალია, შვილები არ მყავდა, მაგრამ თავიც უნდა მერჩინა და ბინის ქირაც გადამეხადა. გურამ პატარაიამ მითხრა: თუ ასეა, მაშინ სასწავლებლად ლენინგრადში გაგიშვებ, იქ დაუსწრებელი ფაკულტეტია და მხოლოდ ზაფხულის სესიებზე, 20 დღით წახვალ ხოლმეო. დავთანხმდი. მერე ისე მოხდა, რომ გაზაფხულზე ქალიშვილი გაუთხოვდა. ბატონმა გურამმა სიძეს ლენინგრადის ინსტიტუტში ”პრეზენტი” გაუკეთა, ერთ სასწავლებელში 2 კაცის მოწყობა კი მაშინდელ ცეკას მდივანსაც გაუჭირდებოდა, როგორი ავტორიტეტული პიროვნებაც უნდა ყოფილიყო... მერე, ყოველ წელიწადს, ზაფხულობით, ირაკლი ონოფრიშვილთან ერთად, ბატონი გურამი მივლინებაში იყო ხოლმე, მე კი ვრჩებოდი, ასე ვთქვათ - უპატრონოდ... ”მიმწოლი” პიროვნება არ ვარ. ჰოდა, დავრჩი ასე (იღიმის)...

- ბატონო ვალიკო, ფილმებზე მუშაობისას ალბათ ბევრი საინტერესო ამბავიც გადაგხდენიათ თავს...

- ფილმს - ”სიყვარული, ხანძარი და პომპიერო” (მთავარ როლში - რამაზ ჩხიკვაძე) კახეთში ვიღებდით. რამაზს (ღმერთმა გაანათლოს მისი სული!) შაშის თამაში უყვარდა. სანამ ჯგუფი გადასაღებ ობიექტს მოამზადებდა, შაშის კოლოფს გამოაძვრენდა, ფიგურებს ამოყრიდა და დამიძახებდა, - ვალიკო, მოდი, ვითამაშოთო. რომ არ მოგატყუოთ, ძირითადად, ვუგებდი. ჰოდა, ერთხელაც გურამ პატარაიამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა: ვალიკო, ძალიან გთხოვ, ერთი-ორჯერ მოაგებინე ან თამაში ყაიმით დაასრულე, თორემ წაგებული ცუდ ხასიათზე დგება და როლში ვეღარ შემყავსო... მას მერე რამაზს კოჭებს შეგნებულად დავუსვამდი და მოვაგებინებდი ხოლმე. ”დაფრინავდა” (იღიმის)!..

კინობალეტს - ”ალიბაბა და 40 ყაჩაღი” შუა აზიაში ვიღებდით. სამარყანდში რომ ჩავფრინდით, ბიჭებმა მითხრეს, - დაბლა თემურ ლენგის აკლდამაა და ნახეო... გიდს რუსი სტუმრები ჰყავდა და მათ უხსნიდა: ეს ჩვენი დიდი თემურ ლენგი გახლდათ, ახლა კი იქით გადავინაცვლოთო... ჰოდა, რომ გადაინაცვლეს, აკლდამას მივუახლოვდი და ვთქვი (ღმერთმა მაპატიოს): შენ ხარ თემურ ლენგი? თფუი, შენი დედა-მეთქი!.. ალბათ, ხელში ურო რომ მჭეროდა, აკლდამის დასანგრევად არ დავინანებდი.

- ტელევიზიისა და კინოს გარდა, სხვა სფეროში მუშაობაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- არასოდეს. მართალია, ვერც მსახიობი გავხდი და ვერც - რეჟისორი, მაგრამ ჩემი სამუშაო სფერო მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რანგით ”საშუალო რგოლიც” არ ვიყო, აქ უჩვენოდ - გამნათებლების გარეშე ბევრი რამ არ კეთდება.

- ამჟამად რა გადაცემებზე მუშაობთ?

- ”მთავარ ფაქტორს”, ”ღია ეთერს”, ”ფულთან თამაშს”, საბავშვო გადაცემას ”ვაკეთებ”. ”ახალ ხმაშიც” ჩართული ვარ. მალე ეთერში ეკა ხოფერიას აპოლიტიკური ტოქშოუც გავა... პერიოდულად, ოთარ ტატიშვილი მირეკავს და მეუბნება: ვალიკო, დღეს ჩემთან ხარო... სერიალში - ”შუა ქალაქში” ეპიზოდურ როლებში ვმონაწილეობდი ხოლმე, მერე ფილმში - ”სიყვარულის ბალადა” გადამიღეს, სერიალში - ”გოგონა გარეუბნიდან” თამუნას ქორწილში თამადის როლში გახლდით.

- როგორი გრძნობა გეუფლებათ, როცა მსახიობობას ითავსებთ?

- წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც, რომ უამრავი პროფესიონალი მსახიობი სცენაზე გასვლისას ან კამერების წინ მაინც ნერვიულობს, მაგრამ როლში რომ შედის, დაძაბულობა ეხსნება. მე ჩემს საქმეს ”როლში შესვლასაც” ვერ დავარქმევ - ეს რაღაც გაელვებასავითაა: როლში შესვლას ვერ ვასწრებ, რომ უკვე ”გამოსული” ვარ (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ კორიფეებთან (ბუხუტი ზაქარიაძე, დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, კოტე დაუშვილი, სოფიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი...) მიმუშავია და თითქოს მსახიობის სამუშაო გარემო ჩემთვის უცხო არ უნდა იყოს, კამერა მაინც ოხერია (იცინის) - ცოტათი ვიძაბები.

- ბატონო ვალიკო, სამსახურის მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?

- 5 შვილიშვილი მყავს: უფროსი 10 წლის არის, უმცროსი - 2-ის. უნდა ნახოთ, ტელევიზორთან როგორ ჩამწკრივდებიან ხოლმე და ეკრანზე ჩემი დანახვა უხარიათ. ამბობენ: აი, პაპიკოო! მეც მათი სიხარულით ვხარობ. გინახავთ, ადამიანი კედლებზე როგორ დადის? ჩემი შვილიშვილები ზუსტად ასე იქცევიან, როცა ჩემთან არიან. ერთხელ ყველანი შინ ვიყავით და ტელევიზორს ვუყურებდით. ყველაზე უმცროსმა შვილიშვილმა ეკრანზეც რომ დამინახა, გაოცებულმა თქვა: ”იქა - პაპა, აქა - პაპა?!” გაუკვირდა, - რა პონტიაო (იცინის)?.. ამჟამად, შინ მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ. ჩემი ვაჟი, რძალი და მათი 5 შვილი ქირით, ცალკე არიან. ხან სად შეეკედლებიან, ხან - სად. სოციალურად დაუცველთა პროგრამაში არიან მოხვედრილები. ხომ გაგიგონიათ, - ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო? ჩვენი საქმეც ასეა: მაღალი ხელფასი მეც არ მაქვს - 1 წელია, რაც 650 ლარი გამიხდა. დღესდღეობით, ამხელა ოჯახში ეს თანხა არაფერია. რა დაგიმალოთ და, ჩემი ვაჟის ოჯახი ზოგჯერ ქირას სოციალური დახმარებით იხდის. შვილიშვილებიდან 3 სკოლის მოსწავლე გახლავთ. საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლილების გამო, სკოლა უკვე ოთხჯერ გამოიცვალეს. სხვათა შორის, სხვების გამო, დახმარების თხოვნა და ვინმესთვის სიტყვის შეწევნა არ მიჭირს - გამბედაობა მემატება, მაგრამ საკუთარი თავისთვის ამას ვერ ვახერხებ. გუშინ ჩემს თავს ვაჯობე და ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს - ზურაბ აბაშიძეს ჩემი ვაჟის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართობის სათხოვნელად შევხვდი. ადამიანის დიდი ამომცნობი არ ვარ, მაგრამ ბატონმა ზურაბმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა - ღირსეული ადამიანია...

- თქვენი ვაჟი არ მუშაობს?

- მუდმივი სამსახური არ აქვს. ხომ იცით, მატერიალური სიდუხჭირე ოჯახში უკმაყოფილებას იწვევს: ცოლ-ქმარი ხან გაექცევა ერთმანეთს, ხან - შერიგდება. ახლა ერთად არიან. საკუთარი ჭერი რომ ექნებათ, პრობლემებს უფრო იოლად შეეჭიდებიან...

- იუმორისტული როლები - ის არის, რასაც მსახიობად ყოფნისას ისურვებდით?

- არა, რატომ? არა მგონია, სერიოზული როლები ნაკლებად მეთამაშა, მაგრამ რადგან ”ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად” იუმორისტულია, მეც ვერგები, ასე თუ ისე... ცხოვრებაში, რამდენჯერმე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩენილვარ, მაგრამ შანსი არ გამომიყენებია - არ ვაქტიურობდი...

შოუსთვის ერთხელ ჩემს ”მაკარონის” ფეხებზე ფართხუნა შორტიც

ჩამაცვეს, სმოკინგიც...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება