ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა მომხდარიდან ერთ საათში გახსნა.
"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის და ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რეზო ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 13 აგვისტოს, საღამოს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, ბებიასთან სტუმრად მყოფი 1976 წელს დაბადებული იროდიონ კაპანაძე გაგუდა და მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჭაობში გადააგდო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 108-ე მუხლით", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოკლული კაპანაძის ოჯახის წევრებმა ცხედრის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს, რასაც პოლიციასთან მცირე ინციდენტი მოჰყვა. ამის გამო სამართალდამცავებს დამატებითი ძალის გამოძახება დასჭირდათ. მოგვიანებით ცხედარი, სამედიცინო ექსპერტიზაზე, ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
ნათესავებთან სტუმრად მყოფი 38 წლის ილო კაპანაძე, მეზობლებმა მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახით, პოლიციამ რამდენიმე საათში, კაპანაძის ნათესავების მეზობლად მცხოვრები, 18 წლის რევაზ ედიშერაშვილი დააკავა. მეზობლების განცხადებით, ედიშერაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
"რიონის სანაპიროზე ვიპოვეთ გარდაცვლილი. არავინ არაფერი ვიცით იმის გარდა, რომ დაპატიმრებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ალბათ, გამოძიება დაადგენს რა მოხდა. ილო სტუმრად იყო ჩამოსული ბებიასთან საჩხერიდან. უკონფლიქტო ადამიანი იყო," - ყვებიან მეზობლები.