ამბობენ, ვინც საქმეს აკეთებს, შეცდომებსაც ის უშვებსო, თუმცა შეცდომა, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის, უპატიებელია. მუდმივი საომარი რიტორიკა და მოქალაქეებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლებაში ზარ-ზეიმით მოსული "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარყო. გვესაუბრება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი გივი თარგამაძე:
- ქურდულ სამყაროსთან თქვენს კავშირზე ბევრს საუბრობენ. გქონდათ ურთიერთობა საქართველოდან გაქცეულ ავტორიტეტებთან?
- რატომ უნდა მქონოდა, როცა ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ამ სამყაროს? მათი რომ არ მეშინოდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვმეგობრობდი. ერთხელ დონეცკის მერს შევთავაზე, თუ ქართველი კრიმინალები გაწუხებენ, გეტყვით, რომელი სად ცხოვრობს და დავიჭიროთ-მეთქი. არ მოინდომეს.
- საზარელი ვიდეოფირი, რომელიც გავრცელდა, იყო თუ არა სისტემური დანაშაული?
- ეს იყო ერთი ჯგუფის ავადმყოფ თავში დაბადებული სისასტიკე და არა სისტემური პრობლემა. ბოლო ორი ჩანაწერი და ციხის ვიდეოფირი განსხვავდება. ციხის ვიდეოფირი არადამაჯერებელი, დადგმული იყო. ყველაფერი მეგის ქარდავამ და მისმა ჯგუფმა გააკეთეს. როცა ქარდავა ციხეში მუშაობდა, ბაჩო ახალაიამ სისასტიკის გამო გაათავისუფლა. ჩვენი დანაშაულია, რომ ისევ სისტემაში დავაბრუნეთ.
- იცოდით, პოლიტიკოსებს რომ უღებდნენ? იქნებ თქვენც იყავით მათი სამიზნე?
- რომ მცოდნოდა, ვინმე მიღებდა, ხომ მოვკლავდი. მაგრამ ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა. ეს ხალხი ქვეყნის მტერია, ბურჯანაძის რეიტინგით ბორისოვიც კი დაინტერესდა გორში ყოფნისას. როცა ამდენი მოღალატე გვყავს ქვეყანაში, მთავრობაშიც და სამღვდელოებაშიც, ეს საფრთხე არ არის?!
- სამღვდელოებაში პატრიარქსაც ხომ არ გულისხმობთ?
- ვაცხადებ, არ მომწონს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში, ეს მძიმე საყურებელია.
- პატრიარქი ცდილობს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება შეძლოს.
- ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერთან დიალოგის დაწყებას რომ ცდილობენ, ეს მაშინებს ზუსტად.
- ვის ეკუთვნოდა თქვენი სიტყვები, როცა სულის ამოხდით იმუქრებოდით?
- ეს ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მე ვთქვი, არ დავუშვებთ რევანშს, საქართველოში რუსული დროშების ფრიალს, დავიცავთ თბილისსა და საქართველოს. ბოლოს მოვაყოლე, სულს ამოგხდით ყველას-მეთქი. ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ამ ხალხს ბოლომდე ვერ ამოვხადეთ სული... სულის ამოხდაში ფიზიკურად განადგურებას არ ვგულისხმობდი(?!).