კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო შტაბების ფორმირებას უკვე შეუდგა, თუმცა როგორც "ამბები.გე"-სთვის გახდა ცნობილი, შტაბების დაკომპლექტების პროცესი იმაზე რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ამ ტიპის სამუშაოებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო შტაბების ფორმირება "გარედან", ერთი შეხედვით, მშვიდად მიმდინარეობს, ამ საკითხზე კოალიციის "შიგნით" "დიდი ხმაურია". როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, კოალიციის ლიდერები საარჩევნო შტაბების თავმჯდომარის თანამდებობებს "ვერ იყოფენ" და წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად საკუთარ კადრებს ლობირებენ. ამ მხრივ, ყველაზე აქტიური, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის სავარაუდო ხელმძღვანელი დავით საგანელიძეა, რომელიც კოალიციის წევრებს ამა თუ იმ რაიონის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარედ მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს. "ამბები.გე"-ს ინფორმაციით, საგანელიძის შერჩეული საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელების კანდიდატები ხშირ შემთხვევაში ყოფილი "მემარჯვენეები" არიან, რომლებთანაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს წლები და "ახალ მემარჯვენეებში" ყოფნის პოლიტიკური ბიოგრაფია აკავშირებს.
კულუარული ინფორმაციით, საარჩევნო შტაბების დაკომპლექტების საკითხზე კოალიციის პოლიტსაბჭოს არაერთმა სხდომამ ხმაურით ჩაიარა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა ყოფილა, რომლის დროსაც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის საკითხზე დავით საგანელიძეს შელაპარაკება ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურთან მოუვიდა. წყაროს ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერმა ზვიადაურს ახმეტის რაიონში საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთი ყოფილი "მემარჯვენის" კანდიდატურა შესთავაზა, რაც მაჟორიტარმა დეპუტატმა კატეგორიულად გააპროტესტდა. უმრავლესობის ორ წევრს შორის დებატები ამ საკითხზე იქამდე მივიდა, რომ ზვიადაურმა პრინციპული მოთხოვნა დააყენა – ან ახმეტის საარჩევნო შტაბის იმ კადრებით დაკომპლექტების საშუალება მიეცემოდა, რომელსაც თავად ენდობოდა, ან "საერთოდ წავიდოდა".
დაახლოებით იგივე ისტორია ბათუმის რაიონში, მაჟორიტარ დეპუტატ, მურმან დუმბაძის შემთხვევაშიც განმეორდა, სადაც კვლავ დავით საგანელიძე აქტიურობდა. ზურაბ ზვიადაურმა და მურმან დუმბაძემ "თავისი გაიტანეს", დავით საგანელიძე კი მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს იმ მაჟორიტარ დეპუტატებს სთავაზობს, რომელთა რაიონებშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ არ მიუღია.