კახა ახვლედიანი - "როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ"

კახა ახვლედიანი - "როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ"

"ჩემზე ამბობენ, მაგ ბიჭს არ ენდოთო", - აღიარებს "მაღვიძარას" წამყვანი, მსახიობი კახა ახვლედიანი და ნათქვამს თავისებურ ახსნას უძებნის. ზარმაცია, მაგრამ ამაყობს იმით, რომ საკუთარ თავზე მუშაობა არ ეზარება. მტკიცედ სჯერა, რომ წინ დიდი წარმატებები ელის. რა ვერ ისწავლა დღემდე, როდის კარგავს წონასწორობას და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...7 წლის ასაკში მინდოდა, ავტომრბოლელი გამოვსულიყავი, მერე კინოვარსკვლავობაზე დავიწყე ფიქრი. მსურდა, ბრუს ლის მსგავსი მსახიობი ვყოფილიყავი და კარატე მცოდნოდა. დიდი ხნის მანძილზე ჯეკი ჩანი მომწონდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გავჩნდი დედამიწაზე.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...ცხოვრებამ, ქართულმა მენტალიტეტმა.

- აზიატი ხასიათი...

- ...არ მაქვს. არასდროს ვიტყვი: "ცოლო, მოკლე კაბა არ ჩაიცვა" ან "თამამი სამოსით არ გაიარო". რაც უფრო ლამაზი იქნება, ლამაზი ტან-ფეხი ექნება, მით უკეთესია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მაგ ბიჭს არ ენდოთო. ამას გოგონები იმიტომ ამბობენ, რომ არ მიცნობენ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულებაა.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიზარმაცეა. უ!!! ძალიან ზარმაცი ვარ.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ბევრს ვფიქრობ. ფიქრის კაცი ვარ, მაგრამ ჩემს ფიქრებში არ ფიგურირებს რომელიმე კონკრეტული თემა. არასდროს ვფიქრობ მომავალზე.

- არ მომწონს...

- ...ადამიანი, რომელიც დაგეგმილი ცხოვრებით ცხოვრობს. დამიჯერე, შეცდომებს ისინი უფრო ხშირად უშვებენ. მე სპონტანურობა მირჩევნია.

- ვიბნევი, როცა...

- ...იშვიათად ვიბნევი. ზოგიერთი ბიჭი ლამაზი გოგოს დანახვისას იბნევა, მე ასეთი რამ არ მემართება. რა ვიცი, აბა, რა გითხრა? არც სცენაზე გასვლისას ვიბნევი და არც - კამერების წინ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ბევრი რამ შემიძლია "გავატარო", მაგრამ უსამართლობაზე თვალების დახუჭვა ძალიან მიჭირს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კარატისტი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საკუთარ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი თავად მიმიძღვის. ჯერ დიდი წარმატებები არ მქონია, მაგრამ მომავალი წინ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცი ვარ, საკუთარ თავზე მუშაობა არ მეზარება.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...დასათმობია. მაგრამ თუ დათმობა ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი იქნება, რა თქმა უნდა, არაფერს დავთმობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე, ზღვის სანაპიროზე, უალკოჰოლო არომატულ კოქტეილს ვწრუპავდე და კარგ მუსიკას ვუსმენდე.

- ალკოჰოლის მიღება...

- ...ადრე უფრო ხშირად მიწევდა. ბოლო დროს ამაზე უარს ვამბობ, რადგანაც ნაბახუსევზე ცუდად ვარ და დილით ადრე ადგომა მიჭირს. ჩემი დღის რეჟიმთან ალკოჰოლის შეთავსება რთულია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...მოგეხსენებათ, მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა, გამოცდები ჩააბარო, მე კი თეორიის ჩასაბარებელი ბილეთები ჯერ ვერ ვისწავლე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ზოგჯერ ვიმეორებ. მათ რამდენად ხშირად ვიხსენებ? მახსენდება ის, რაც ჩემს მეხსიერებაში ცუდად არის ჩარჩენილი და რაც ძალიან მაწუხებს. წვრილმან შეცდომებს ვივიწყებ.

- ძალიან მჯერა...

- ...უცხოპლანეტელების არსებობის; ამის ისე ძალიან მჯერა, რომ მგონია, ერთ დღესაც მათ სადმე გადავაწყდები. ბედისწერის მჯერა თუ არა? ვფიქრობ, ადამიანი მომავალს თავად ქმნის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძაღლების თავშესაფარს გავხსნიდი, მათ კარგად გამოვკვებავდი და მოვუვლიდი. ცხოველები მიყვარს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...პორნოფილმში გადაღებას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები. არანაირი თანხის სანაცვლოდ ამას არ გავაკეთებ.

- ბოლოს თვალზე ცრემლი მომადგა...

- ...ფილმის ნახვისას.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიზარმაცეა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...თვითირონიამ. საკუთარ თავზე ხშირად ვხუმრობ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...გაუაზრებლად არასდროს წავსულვარ და არც არასდროს წავალ. საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ვარ.

- ვოცნებობ...

- ...მოვიარო მსოფლიო. ყველა ქვეყნის ნახვა მინდა, რომელიც კი დედამიწაზე არსებობს.

- მოგზაურობას დავიწყებ...

- ...ბრაზილიიდან. ამ ქვეყნის ხალხი ძალიან მიზიდავს. მიუხედავად გაჭირვებისა, სულ კარგ ხასიათზე არიან, ცხოვრება უხარიათ. სიამოვნებით დავესწრებოდი მათ კარნავალს. მგონი, ეს ყველა ადამიანის ოცნებაა. ზოგადად, მეოცნებე ვარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მაგრად არ მსიამოვნებს. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, როცა ადამიანი პირისპირ მიზის და საქებარ სიტყვებს მეუბნება. საჯაროდ შექება დისკომფორტს მიქმნის.

- მეშინია...

- ...გველის და მსუქანა ობობის.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ბიძის გარდაცვალებაა. შეიძლება ითქვას, მისი გაზრდილი ვარ. ეს იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის, რომ ფიქრიც არ მინდა.

- არ მჩვევია...

- ...ორპირობა, თამაში, მლიქვნელობა...

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ტაქსის მძღოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა და მითხრა, - 6 შვილის მამა ვარ, ერთი სული მაქვს, მუშაობას როდის მოვრჩები, რომ სახლში მივიდეო. ცხოვრება იმდენად უხაროდა, მასავით ბედნიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ეტყობოდა, მატერიალურად მთლად წელში გამართული არ იყო. ლაპარაკი სოციალური დახმარების გაცემაზე ჩამოვარდა. - შემომთავაზეს და უარი ვუთხარიო. - 6 შვილი გყავთ სარჩენი და დახმარებაზე უარი რატომ თქვით-მეთქი? - ღმერთმა ჯანმრთელად მამყოფოს და ჩემს შვილებს თავად მივხედავ, მაგათი არაფერი მინდაო. არადა, ამ დროს სახელმწიფოსგან დახმარებას ბევრი ისეთი ადამიანი იღებს, რომლებსაც არაფერი აკლიათ. ის კაცი ჩემს თვალში გმირად იქცა.

- თავად მრავალშვილიანობაზე...

- ...არ ვფიქრობ. ერთი შვილი უკვე მყავს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ბუზღუნა ხარო. უსამართლოდ არასდროს ვბუზღუნებ, მაგრამ მაინც მსაყვედურობენ.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...დავფრინავ.

- ახლა...

- ...არ დავფრინავ, დედამიწაზე მყარად ვდგავარ.

- ვერ დავიჯერებ, რომ...

- ...გოგოსა და ბიჭს შორის დაქალ-ძმაკაცობა შეიძლება. მე მყავს მეგობარი გოგონები, მაგრამ მათთან ყველა თემაზე არ ვლაპარაკობ. გოგო და ბიჭი 24 საათის განმავლობაში ერთად თუ არიან, როგორ დავიჯერო, რომ მათ შორის რაღაც არ ხდება? რა, შუაში ხანჯალი უდევთ?

- დაბოლოს, გეტყვით, რომ..

- ...გვიყვარდეს ერთმანეთი. ძალიან, ძალიან გვიყვარდეს და სიყვარული ყველაფერს შეგვაძლებინებს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება