რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს

რა კომპლიმენტი მიუძღვნა ბერნარ კუშნერმა ელისო ჯარიაშვილის თვალებს

რამდენიმე წელია, რაც აქტიურ ტელეჟურნალისტიკაშია და უკვე სერიოზული გამოცდილებაც შეიძინა. ელისო ჯარიაშვილი შვიდი წელი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "მოამბეში" მუშაობდა და მეორე თვეა, რაც "რუსთავი 2"-ზე "კურიერში" გადაინაცვლა. მიაჩნია, რომ ამ ტელევიზიაში ჟურნალისტმა რაღაც პერიოდი მაინც უნდა იმუშაოს. მისი მეუღლე ასევე ძველი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძეა. წყვილი წლების წინ პროფესიამ დააკავშირა და ახლა უკვე ორი წლის ევგენიას ზრდიან.

- ელისო, ჟურნალისტიკაში როგორ მოხვდით? რა პროფესიის ხართ?

- თეორიული განათლებითაც და პრაქტიკული საქმიანობითაც ჟურნალისტი ვარ, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ვარ ტელე-რადიოჟურნალისტი. უნდა ვაღიარო, რომ ვერ გამოვნახე დრო, გამომეტანა მაგისტრატურის დიპლომი და სავარაუდოდ არქივში ინახება. პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია, რაღაც ინსტინქტივით მქონდა ბავშვობიდან, ამბების მომყოლი მინდოდა ვყოფილიყავი. არადა, არ ვიყავი თამამი, გამბედავი, ყურადღების ცენტრში ყოფნის მეშინოდა კიდეც, მაგრამ რაც გაშინებს, ის გიზიდავს. ვწერდი ჟურნალ-გაზეთებში, ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე მუშაობა კონკურსის წესით დავიწყე საინფორმაციო სააგენტოში, რამდენიმე თვეში კონკურსი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გამოცხადდა, რამდენიმე ტურის და გასაუბრების შემდეგ "მოამბის" გუნდში ასევე კონკურსით მოვხვდი. ყველაზე მეტად ამ ისტორიაში მომწონს ის, რომ ჩემი ცხოვრება სულ გამოცდებია და რაღაცნაირად არღვევს სტერეოტიპებს, რომ ტელევიზიაში პროტექციის გარეშე ვერ მოხვდები. ყველა სტუდენტმა მინდა იცოდეს, რომ საკუთარი მომავალის მშენებელია, თუ პირადის არა, პროფესიულის მაინც.

- პირველი გადაღება გაიხსენეთ...

- პირველი გადაღება საპროტესტო აქცია იყო ეკონომიკის სამინისტროსთან, კარგად მახსოვს, როგორ მამხნევებდა სიუჟეტის მომზადებისას ჩემი კოლეგა და მეგობარი სოფო მდინარაძე. საბედნიეროდ, ჩემს პროფესიაში მომუშავე ადამიანები იმაზე კარგები არიან, ვიდრე ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია. ნერვიულობა თან ახლავს ყველაფერ პირველს, სიუჟეტსაც და ჩართვასაც მათ შორის, თუმცა როცა პირდაპირი ეთერი იწყება, ქრება იმის განცდა, რომ ათასი თვალი და ყური გაკვირდება და შეიძლება ჩასაფრებულის პოზიციიდანაც კი, კამერის წინ დგახარ და უბრალოდ უყვები ახლობელ ადამიანებს იმას, რაც არის. არც მეტს, არც ნაკლებს, მხოლოდ სიმართლეს.

- ყველაზე ხშირად რა თემებზე გიწევდათ მუშაობა?

- ძირითადად პოლიტიკურ ახალ ამბებს ვაშუქებ, ეს ყველაზე ცხელი თემა გამოდგა საქართველოში, თუმცა ვაღიარებ, რომ არ ვარ სკანდალზე ორიენტირებული. მძიმედ მახსენდება ციხის კადრების გავრცელების ღამე და მეორე დღე, როცა როგორც ჟურნალისტმა, ყველაფერი ვცადე, რომ ციხეში შემეღწია და წლების შემდეგ პატიმრის პირველი ინტერვიუც მოვიპოვე, პატიმრის, რომელიც წამებაზე ლაპარაკობდა... შეუძლებელია, ეს დღე დავივიწყო.

- ყველაზე დიდი გამოხმაურება თქვენს რომელ სიუჟეტს მოჰყვა?

- რთულია, საკუთარ საქმიანობაზე ასე ისაუბრო, გამოხმაურება არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ერთი სიუჟეტის გმირები არასდროს დამავიწყდება. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თამარაშენში ვიყავი. მინდოდა, ხშირი თავდასხმებისა და გატაცებების ფონზე, გადამეღო საზღვართან მცხოვრები ბავშვები, ძალიან მძიმე რეპორტაჟი გამოვიდა. მერე დაიწყო ომი და სულ იმ ბავშვებზე ვფიქრობდი, თამარაშენში ტყვიის ხმას შეჩვეულები რომ იზრდებოდნენ, ამიტომ ომის ერთი წლისთავზე ისევ საზღვრისპირა სოფლებისკენ წავედი და რეპორტაჟი ამჯერად იმაზე გავაკეთე, როგორ გადაიტანეს ბავშვებმა აგვისტოს ხუთი დღე. ბავშვური ისტორიები, როგორ აფარებდნენ თავს ტყეს, როგორ დაენგრათ თვალწინ სახლი და მიამიტური, თუმცა გენიალური ახსნა იმის, რა უნდა გააკეთონ დიდებმა, რომ არ იყოს ომი... ძალიან ემოციური გამოვიდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები