ჰამარბერგის დასკვნამ შეიძლება უკანონო ჩანაწერების ბედი გადაწყვიტოს

ჰამარბერგის დასკვნამ შეიძლება უკანონო ჩანაწერების ბედი გადაწყვიტოს

პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების განადგურებას, საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, უკვე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში, თომას ჰამარბერგიც ითხოვს.

"რეზონანსის" რედაქტორს, ლაშა ტუღუშს იმედი აქვს, რომ შსს ფაილების განადგურებას უახლოეს ხანში საბოლოოდ გადაწყვეტს: "ჰამარმბერგის დასკვნის მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები უნდა განადგურდეს, თუმცა დასკვნაში სხვა საინტერესო ფაქტორებზეცაა საუბარი. ეს დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება. ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს მობილურ ოპერატორებს ჰქონდათ დამონტაჟებული ყუთები, რომლის მეშვეობითაც სამინისტროში ინფორმაცია გადაიქაჩებოდა. სისტემის სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც ინფორმაციის მიღება უკონტროლოდ ხდებოდა, ისე, რომ არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ეს სისტემა ჯერჯერობით ისევ არსებობს და ამის შესახებაც წერია ჰამარბერგის დასკვნაში."

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ უწყების არქივებში ნაპოვნია უკანონო ფარული მიყურადებით მოპოვებული სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიოჩანაწერები, რომელთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 17 ათასიდან 24 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ადასტურებს. მისი თქმით, ეს მოიცავს ფარული ვიდეო და აუდიო, ასევე ფოტო და დოკუმენტურ მასალას. ამასთან, გიორგობიანმა არ გამორიცხა, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

"4 აღმოჩენილ კასრში 403 დისკია და გამოძიების პროცესში ჩვენ არ ვიცით, იქ კიდევ რამდენი მასალა აღმოჩნდება," - აღნიშნა გიორგობიანმა.

მანამდე შს მინისტრმა თქვა, რომ 17,5 ათასი აუდიო-ვიდეო ფაილი იყო აღმოჩენილი, სადაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების საქმიანობა თუ პირადი ცხოვრება იყო ასახული.

ამ ჩანაწერების განადგურების მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც არიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური და "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზად შს მინისტრი ჰამარბერგის რეკომენდაციას ასახელებდა. გუშინ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ამ დასკვნის მერე კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და იმსჯელებს ჩანაწერების განადგურებაზე.

პარალელურად, გუშინ პარლამენტში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორი იმ ადამიანების სს დევნისაგან გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც ამ ჩანაწერების შს სამინისტროს ახალი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ჩააბარებდა. თუმცა ამ ინიციატივას ყველაზე მეტად იმ ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ, რომელთა დროსაც ეს ჩანაწერები გაკეთდა.

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ამნისტირების ინიციატივას ხმას არ მისცემს, რადგან ყველა, ვინც დაკავშირებული იყო ასეთი საქმეების ჩადენასთან, შესაბამისი დავალებების მიცემაში, მასალების შენახვაში, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ხელისუფლებას გარიგება სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ფარული ვიდეოგადაღებით იყო დაკავებული.

"ვართ შერცხვენილები იმ ფაქტებით, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. არ ვარიდებთ თავს პასუხისმგებლობას და ვითხოვთ, რომ ყველა, ვინც იყო ამ უმსგავსობაში გარეული, მნიშვნელობა არ აქვს, დაბალი თუ მაღალი თანამდებობის პირია ეს, უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი და დასჯილი მაშინ, როცა ეს გამოვლინდება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ამით იყო დაკავებული, რაღაც გარიგება განახორციელოს. ამავდროულად, თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს, რომ ამით ჩირქი მოსცხოს მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ადამიანები თავისი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენოს," - განაცხადა ბარამიძემ.

ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მასალებს აგროვებდნენ, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან, მაგრამ "ამნისტია პატიებას ნიშნავს და ის, რა თქმა უნდა, დამნაშავეებისთვის არსებობს, წესიერ ხალხს ეს არ სჭირდება. ჩვენი ინტერესი რა არის?! ერთია, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მეორეა, რომ ამ ჩანაწერებით უამრავი ადამიანის უფლებები დაირღვა და რამენაირად ეს პრობლემა არ უნდა გაღრმავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მეშინია, ეს პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობების უბინძურესი მეთოდებით გარკვევის ასპარეზად არ გადაიქცეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ამ სიბინძურეებით ომის პოლიგონი არ გახდეს. არავის აქვს ამის უფლება და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უნდა განადგურდეს, მეორე - აუცილებელია სისტემური გარანტიები შეიქმნას. ჯერჯერობით, სისტემა არსებობს, მისი დემონტაჟი არ მომხდარა. სამართლებრივად პრობლემები გვაქვს. ვიტყოდი, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი დრაკონულია. აბსოლუტურად უკონტროლო სისტემაა. არ არსებობს არანაირი, არც საპარლამენტო, არც სასამართლო და არც სამოქალაქო კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომ ცვლილებები უნდა მივიღოთ და ახალი პრაქტიკა დავამკვიდროთ."

ტუღუშის თქმით, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას იმ დუბლიკატებთან დაკავშირებითაც, რომელიც დიდი ვარაუდით არსებობს. საუბარია იმაზე, რომ ყოფილი ხეისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოდან გაიქცა და დიდი ალბათობით მათ ამ უკანონო ჩანაწერების დუბლიკატები ქვეყნის გარეთ აქვთ გატანილი და მათი ინტერნეტსივრცეში მოხვედრის პრობლემა მაინც რჩება.

როგორც ტუღუში აღნიშნავს, მართალია, ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ მთავარია სახელმწიფომ თქვას უარი ასეთ მასალებზე: "ეფექტური მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომ მომავალში მსგავსი რამ არ გაკეთდეს და მეორე - სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ფაილები განადგურდეს და მათი გამავრცელებლები დაისაჯონ. ამას ამნისტია ხელს არ შეუშლის, პირიქით შანსს მისცემს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მომავალში ვინ გამოიყენებს და ვინ არა, ეს სხვა საქმეა. კიდევ ერთი, როდესაც რაღაც საიტებზე, გაუგებარ ადგილებში დაიდება ეს ინფორმაციები, მისი ნამდვილობა ყოფელთვის ეჭვის ქვეშ დადგება. ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება რაღაც დაამონტაჟო. გაყალბებით ადამიანის ღირსების შელახვის ათასი მეთოდი არსებობს. ამიტომ პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, რომელიც ამას ხელს შეუშლის, აქ დიდი როლი მედიას აქვს, ადამიანის მაკომპრომიტირებელი მასალები არ უნდა ბეჭდოს და მსგავს ანკესებს არ უნდა წამოეგოს. არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ ბინძურ თამაშებში ჩაგვითრიოს."

როგორც ტუღუში მიიჩნევს, ძალიან ცუდია, რომ აქამდე ამ უკანონო ჩანაწერების განადგურება არ მოხდა და იმედი აქვს, რომ ჰამარბერგის დასკვნის შემდეგ ფაილებს მალე გაანადგურებენ.

"ჰამარბერგი იგივეს ამბობს რასაც ჩვენ, მაგრამ ეტყობა ჰამარბერგის დასკვანს მეტი დამაჯერებლობა აქვს."

შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ჰამარბერგის დასკვნა მისთვის ცნობილი არ არის და შს მინისტრი როდის გადაწყვეტს კომისიის ხელახლა შეკრებას და პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურებაზე საბოლოო გადაწყვეტიოლების მიღებას, ამას გადაწვეტილების მიღემისთანავე გაასაჯაროვებენ.

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა