ფიცრული ქოხების "ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში

ფიცრული ქოხების "ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში

ბათუმის გარეუბანში ფრიდონ ხალვაშის №188-ში, ყოფილი №53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ასობით ოჯახი ცხოვრობს. ტრიალ მინდორზე ფიცრული სახლები სტიქიურად წარმოიქმნა და დღეს სამხედრო ბაზის ცარიელ ტერიტორიაზე ათასზე მეტი ადამიანია დასახლებული. ქოხების ასაშენებლად საჭირო ფიცრები, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი სოფლებიდან ჩამოიტანეს. ცივი და ნესტიანი ზამთრისთვის რომ გაეძლოთ, ქოხების დასათბობად კედლებზე "ფანერები" და პოლიეთილენის პარკები გაუკრავთ. დასახლებას, სადაც ცხრა თვეა ცხოვრობენ, სახელი - "ოცნების ქალაქი" თავადვე დაარქვეს. ჩასახლებულები შუახევის, ქედას და ხულოს რაიონებიდან არიან ჩამოსული, მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველია.

№53 ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე მცხოვრებნი დახმარებას აჭარის ხელისუფლებისგან ითხოვენ. ამბობენ, რომ არაადამიანურ პირობებში შუქის, სასმელი წყლისა და გაზის გარეშე უწევთ ცხოვრება. დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი ნაგავსაყრელია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები არავის გააქვს, ამიტომ ზაფხულში ეპიდემია ემუქრებათ. გარდა ამისა, ტერიტორია ქვეწარმავლებითაა სავსე.

79 წლის სონია აბაშიძე ამბობს, რომ მისი სახლი ხულოს რაიონის სოფელ კალოთაში მეწყერმა დააზიანა და იძულებული გახდა, თანასოფლელებთან ერთად აქ ჩამოსახლებულიყო. ზამთარი გაჭირვებით გადაიტანეს, წასასვლელი არასად აქვთ და იძულებულები არიან, აქ დარჩნენ. დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს აჭარის მთავრობას, მაგრამ დახმარების სანაცვლოდ, აღნიშნული ტერიტორიიდან გასახლებით ემუქრებიან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აცხადებს, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორია მოსახლეობას უკანონოდ აქვს დაკავებული და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იქედან წასვლას არ აპირებენ. ხაბაძის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული ტერიტორია ყველამ უნდა დატოვოს, რადგან ის უკვე სახელმწიფო საკუთრებაა.

"ბევრჯერ ვთხოვეთ, რომ რაიონებში გამგეობებში შეიტანონ განცხადებები იმაზე, ვის რა პრობლემა აქვს. ვინც უკვე დაწერა განცხადება, უმოკლეს ვადებში შევისწავლეთ და დავეხმარებით. არის რა თქმა უნდა, იქ მცირე რაოდენობა, ვისაც მართლა აქვს პრობლემა, მაგრამ 90%-ს მინიმუმ საცხოვრებელი მაინც აქვს, ძმასთან ერთად ცხოვრობს, ან რძალი დედამთილს ვერ იტანს, ან ბევრი ცხოვრობს ოჯახში და გაფართოვება უნდათ და ეს სახელმწიფოს მოსაგვარებელი ხდება. ჩვენ იმ ნაწილში, რაშიც დახმარება შეგვიძლია დავეხმარებით, ზოგს სოფელში სახლის რემონტი სჭირდება, სახურავიდან წყალი ჩამოსდის, ზოგს ფანჯარა არა აქვს, ზოგს მასალა არა აქვს, პრობლემები აქვს ყოფითი და ავადმყოფი ჰყავს, მაგრამ უკანონოდ დაკავებული ტერიტორია უნდა დატოვონ,"" - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აცხადებს, რომ №53 ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე ჩასახლებულებიდან ძალიან ბევრს საცხოვრებელი სახლები აღმოაჩნდათ სოფლებში.

"ამ დასახლებას დენს გამრიცხველიანებამდე ვერ მიაწვდიან, გამრიცხველიანებას კი კომპანია ვერ გააკეთებს, მანამდე, სანამ მოსახლეობას ადგილზე რეგისტრაცია არ ექნება.

ჩვენ შევისწავლეთ მათი მდგომარეობა და ძალიან ბევრს საცხოვრებელი სახლები აღმოაჩნდა. არიან ისეთები, ვინც მეწყერისგან არის დაზარალებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დანაზოგებიდან მილიონი ლარი იქნა დამატებით მობილიზებული, რომ ხულოში ეკომიგრანტებისათვის სახლის მშენებლობა დაიწყოს, უკვე ტენდერია გამოცხადებული. ერთბაშად ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია,"- განაცხადა დავით ბალაძემ.

აჭარის მთავრობა "ოცნების ქალაქში" მცხოვრებთ მხოლოდ ერთადერთი პრობლემის გადაჭრას - ნაგვის გატანას პირდება და კვლავ პრინციპულად მოითხოვს მათგან ტერიტორიის დატოვებას.

მარიამ ვარდოშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა