ID ბარათების საკითხი ისევ და ისევ დავის საგანია. გაზეთ "კვირის პალიტრის" მიმდინარე ნომერში დაბეჭდილმა ინტერვიუმ, სადაც იუსტიციის მინისტრი ამ საკითხზე საუბრობს, საზოგადოების ვნეთაბათაღელვა გამოიწვია...
მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის აიდი ბარათებთან დაკავშირებული საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებას სთხოვს. წინააღდეგ შემთხვევაში, ათეულ ათასობით მორწმუნე მართლმადიდებელი პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"მართლმადიდებელთა კრებულის" ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი ასი ათასი ხელმოწერის შეგროვებით იმუქრება, რათა იუსტიციის მინისტრი "არასწორ პოზიციაში" დაარწმუნოს.
- თავიდან ორასი, ახლა კი სამასამდე ტაძარი, როგორც მრევლი ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვითხოვდით, რომ იუსტიციის სამინისტროს ID ბარათების ალტერნატივა დაეშვა. ხელმოწერათა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ამავე მოთხოვნით ხელმოწერები რეგიონებში გროვდება და ასი ათასამდე ხელმოწერის შეგროვება პრობლემა არ უნდა გახდეს. ასიათასი კაცი რომ ეტყვის წულუკიანს, არ გვინდა აიდი ბარათიო, მერეც არ ჩათვლის ამას დამაჯერებელ არგუმენტად? გარდა ამისა, ამ რამდენიმე ხნის წინ, როგორც რეჟისორმა, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან ჩამოვიტანე ფაქტები, რომელიც აბათილებს იმ აზრს, თითქოს განვითარებულ ქვეყნებში ეს მისაღებია. მე ჩამოვიტანე ამ ქვეყნების ჩვეულებრივი, უჩიპო პირადობის მოწმობების კადრები. იქაური ხელისუფლებების აზრით, ეს პროგრესი და ინოვაცია კი არა, მოქალაქის კონფიდენციალურობის უხეში დარღვევა და ტოტალური კონტროლის საშუალებაა. როდესაც ამ თემაზე იწყება ლაპარაკი, აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვოს წინა ხელისუფლებას, ბორჯღალოს ნიშნიანი პასპორტების გაუქმებისათვის, რომელიც კანონის დარღვევით მოხდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. იმ ქვეყნებში, სადაც აიდი ბარათები მოქმედებს, მისი ქონა აუცილებელი არ არის, მათ ჩვეულებრივ ცვლის მართვის მოწმობა ან სტუდენტის ბილეთი. აქ კი გვაიძულებენ, რომ ეს ბარათი გვქონდეს, სხვა შემთხვევაში ადამიანი სამსახურს ვერ იშოვის...