საბჭოთა მარაგების წყალობით, უკრაინა შეიარაღების ექსპორტიორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

საბჭოთა მარაგების წყალობით, უკრაინა შეიარაღების ექსპორტიორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სამსახურმა, ქვეყნის მიერ 2012 წელს გაყიდული შეიარაღების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინული ცეცხლსასროლი იარაღის უმსხვილესი მყიდველი აშშ და გერმანია გახდა - 90 ათასი ავტომატი და 20 ათასი შაშხანა. გარდა ამისა, 22 ათასი ავტომატი სუდანმა, 15 ათასი - ჩადმა და 11 ათასი კანადამ შეიძინეს. გაყიდული ცეცხლსასროლი იარაღის ლომის წილი კალაშნიკოვის ავტომატებზე მოდის, რომლებიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე 100 ათასობით დარჩა.

რაც შეხება ჯავშანტექნიკას, აქ მთავარ მყიდველებად აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები ფიგურირებენ. კერძოდ, 99 Т-72 ტიპის ტანკი ეთიოპიამ, 62 ჯავშანტრანსპორტიორი კი ტაილანდმა შეიძინა. უკრაინული ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი სუდანია. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ეს ქვეყანა ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და საარტილერიო სისტემებს აქტიურად ყიდულობს.

განსაკუთრებული ამაში თითქოს არაფერია, იარაღის გაყიდვის უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს. ეს უბრალო ბიზნესია. თუმცა არის ერთი საინტერესო გარემოება. 2004 წლიდან მოყოლებული, გაერომ სუდანში ნებისმიერი სახის შეიარაღების მიწოდების აკრძალვაზე 3 რეზოლუცია მიიღო.

სხვათა შორის, აფრიკის ქვეყნებისთვის იარაღის უკანონო მიყიდვაში არა მხოლოდ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას სდებენ ბრალს. 2008 წელს, სომალის სანაპიროსთან, მეკობრეებმა უკრაინული მშრალტვირთმზიდი დააკავეს. მსგავსი შემთხვევები ამ რეგიონში ხშირია. თუმცა მეკობრეების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გემის ტრუმებში 33 ტანკი, 6 "გრადი" და ათასობით ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნეს. 2008 წელს კი უკრაინის პრეზიდენტის პოსტი ვიქტორ იუშჩენკოს ეკავა.

ოფიციალური საბუთებით, ტვირთი კენიას ეკუთვნოდა. მაგრამ კენიაში მისი მცირე ნაწილი რჩებოდა. ტექნიკის უმეტესობა კი სუდანში მიემართებოდა. არც მაშინ და არც მის შემდეგ, "უკრსპეცექსპორტს" (ორგანიზაცია, რომელიც უკრაინიდან იარაღის ექსპორტს კურირებს), ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებია.

როგორც ჩანს, აფრიკის სახელმწიფოებთან, სადაც უმეტესწილად ხალხი შიმშილით იხოცება, უკრაინას მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვს. მათ შორისაა კენია, უგანდა, ჩადი, კონგო. ოფიციალურად ეს სახელმწიფოები მსოფლიოში ყველაზე ღარიბია.

იარაღის გაყიდვა მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ ეს იარაღი საჭიროზე მეტი გაქვს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, უკრაინას ათასობით საბრძოლო ტექნიკა დარჩა. უკრაინის არმიას ამდენი არ სჭირდებოდა და არც ახლა სჭირდება. უკვე 20 წლის განმავლობაში, ჩინოვნიკების ხელშეწყობით დაკონსერვებული და უქმად მდგარი ტექნიკა ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნებში იყიდებოდა და დღესაც იყიდება. კვალის დასამალად კი სტანდარტული პროცედურა არსებობს - იარაღის რომელიმე საცავში "შემთხვევით" ან "დაუდევრობით" გაჩენილი ხანძარი ყველა კვალს გაანადგურებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, 2007-2011 წლებში უკრაინამ 2,4 მლრდ დოლარის იარაღი გაყიდა, რაც მსოფლიო ექსპორტის 2 %-ია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა