ალბათ გახსოვთ ის დრო, როდესაც აწ უკვე ყოფილი მთავრობა ყოველ მეორე დღეს შესაშური გულმოდგინებით გვიმტკიცებდა, რომ გაზსადენ "ნაბუქოს" აშენებით ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ ეშველებოდა, თავად აშენებას კი წინ არაფერი ედგა. ჰოდა, ერთი კვირის წინ ოპერის სეხნია "ნაბუქოს" "დრამა" საბოლოოდ დასრულდა - ერთ დროს გრანდიოზულ პროექტს მასშტაბებში გვარიანად შემცირებამ და "ნაბუქო ვესტ"-ად გადაქცევამაც ვერ უშველა. აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გადაწყვიტა, რომ "ნაბუქოს" მაგივრად გაზს ევროპაში ტრანსადრიატიკული გაზსადენი (ტაპ) გაიტანს, "ნაბუქო" კი ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად საბოლოოდ "დასამარდა". "ნაბუქოს" აღსასრულსა და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე კავკასიის საკითხების მკვლევართა შორის ალბათ ყველაზე დიდ სკეპტიკოსს, დოქტორ იუჯინ კოგენს ვესაუბრეთ.
- როგორ მოხდა, რომ "ნაბუქოს" პროექტმა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოლიავებოდა ევროკავშირი, საბოლოოდ გაცილებით მოკრძალებულ TAP-თან დათმო პოზიციები?
- "ნაბუქოზე" დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი ჩანასახშივე განწირული იყო: პირველი - მასში მონაწილეობდა რვა მხარე, რომლებიც ვერ რიგდებოდნენ ერთმანეთში. მეორე: მოკინკლავე მხარეებმა ვერ მოახერხეს ამ მასშტაბის პროექტისათვის საჭირო ფინანსების მოძიება. ვერ შეთანხმდნენ, ვის რამდენი უნდა დაედო და ზოგადად, რისი მიღწევა სურდათ. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეფემერულ "ნაბუქოს" შაჰ-დენიზის კონსორციუმმა მოკრძალებული, მაგრამ რეალური და სანდო TAP-ი ამჯობინა.
- დიდი მოლოდინით იყო გამსჭვალული ქართველი საზოგადოებაც, მით უმეტეს, რომ წინა ხელისუფლებამ პროექტი ლამის ქვეყნის ყველა სატკივრის პანაცეად შერაცხა. რამდენად გაზვიადებული იყო ჩვენი მოლოდინი და რეალურად რა დავკარგეთ "ნაბუქოს" "გარდაცვალებით"?
- აშკარად გაზვიადებული იყო როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მოლოდინიც. მთავრობამ ხალხს "მიჰყიდა" იდეა, რომ ა) პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა და ბ) რომ ეს დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას შეგძენდათ. არ უარვყოფ, ეს პროექტი ფინანსურად გახეირებდათ და შეგმატებდათ სტრატეგიულ ღირებულებასაც, მაგრამ არა ისეთს, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტმა შეგძინათ. თუმცა, TAP-ის გამარჯვებით საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო კნინდება, რადგან მისი ბენეფიციარები არიან არა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები - რუმინეთი, ბულგარეთი, არამედ საბერძნეთი, ალბანეთი, მაკედონია და იტალია. რუმინეთს, ბულგარეთსა და საზოგადოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას კი რუსული "სამხრეთის ნაკადი" ჩაიგდებს ხელში...
- რამდენად დიდია რუსეთის "დამსახურება" "ნაბუქოს" დასამარებაში?
- რუსეთს ამ პროექტის თვით იდეაც კი აღიზიანებდა, რადგან მასში "სამხრეთის ნაკადის" პოტენციურ მეტოქეს ხედავდა. კრემლს სურდა, ძირი გამოეთხარა ამ პროექტისათვის და ამისთვის არაფერს იშურებდა. რუსეთისთვის "ნაბუქოს" თავდაპირველი, გრანდიოზული ვერსიის განხორციელება სტრატეგიული კოშმარი იქნებოდა, რადგან რუსეთს მოუწევდა, ბუნებრივი აირის მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპის მანიპულირებაზე ნაწილობრივ მაინც ეთქვა უარი. მეორე მხრივ, მოსკოვი ყოველთვის მისდევდა შემდეგ პრინციპს: "ნუ მივცემთ აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის გაყიდვის საშუალებას და თუ მაინც არ მოისვენებს, ჩვენვე ვიყიდოთ იაფად, შემდეგ კი სამჯერ ძვირად გავყიდოთ". ასე რომ, მოსკოვისგან გამუდმებული ზეწოლა იყო ალიევზე, რათა "ნაბუქო" არ შემდგარიყო. ევროკავშირი კი ამის გაუვნებლებაზე თავს მაინცდამაინც არ იწუხებდა, რადგან მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა - გერმანია მშვენივრად გრძნობდა თავს რუსეთთან ენერგოპარტნიორობისა და შეღავათიან ფასებში მიწოდებული ბუნებრივი აირის ხარჯზე.
ასე რომ, "ნაბუქო" საბოლოოდ ბრიუსელში ინტერესთა დაპირისპირებას შეეწირა.
- ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად რეალურად გეჩვენებათ საქართველოს გაწევრება ევროკავშირში? თუ ყველაფერს ეკონომიკური ბერკეტები წყვეტს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პერსპექტივა ბევრად შორეულია, ვიდრე ჩვენი წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლება გვარწმუნებს...
- როდესაც ევროკავშირზეა ლაპარაკი, ორი რამ უნდა გვახსოვდეს: ევროკავშირმა 30 წლის წინ თქვა უარი, ყოფილიყო Hard Power, ანუ სამხედრო ძალა და გარდაიქმნა Soft Power-ად, ანუ რბილ ეკონომიკასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ძალად. დემოკრატიული პრინციპები მისწრებაა თავისუფალი ბაზრისათვის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად და აბეზარი მთხოვნელებისა თუ სტუმრების მოსაგერიებლად. ასე რომ, ევროკავშირმა კიდეც რომ მიიღოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანისგან, ეს სულაც არ შეუშლის ხელს იმაში, რომ დამოძღვროს აზერბაიჯანიცა და საქართველოც, რომ მათ ქვეყნებში დემოკრატიულ პრინციპებს არ იცავენ და ამით ისინი სათანადო დისტანციაზე იყოლიოს. ევროკავშირს არ სურს, იმოქმედოს, მაგრამ ყოველთვის მზადაა სალაპარაკოდ.
საუბარი ევროკავშირის საყვარელი იარაღია, რომელსაც მაინცდამაინც დიდი შედეგი არ მოაქვს, მაგრამ არც უმოქმედობად ითვლება.