არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტების მომრავლება ძალზე შემაშფოთებელია. ბოლო დროს პედოფილიის 5 შემთხვევა მხოლოდ კახეთის რეგიონში გახმაურდა. ამ დღეებში ამაზრზენი ფაქტი სიღნაღის რაიონში მოხდა - 54 წლის მამაკაცის მსხვერპლი 10 წლის ბავშვია.
მოძალადე ამ სოფელში ორი წლის წინ გადასულა საცხოვრებლად. ახალი მეზობლებისთვის უთქვამს, ცოლ-შვილი უცხოეთშია წასული და მარტო ვარ დარჩენილიო. იგი სიღნაღის რაიონში ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაუახლოვდა, სადაც პატარა გოგონას ბებია მარტო ზრდის. მამაკაცმა მისი ნდობა იმდენად მოიპოვა, რომ ბებიამ შვილიშვილი მოანათვლინა კიდეც. ამის შემდეგ "მზრუნველმა" მამაკაცმა მათ ერთად ცხოვრება შესთავაზა და ნაქირავებში გადაიყვანა დაუცველი ბებია და შვილიშვილი.
ოფიციალური ინფორმაციით, მოძალადემ 10 წლის გოგონასთან 2013 წლის 2 ივლისს დაამყარა სქესობრივი კავშირი. ამ საქმეზე გამოძიება სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს და დაკავებულს ბრალი წაუყენეს. არასრულწლოვანს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა გაუპატიურებულია. ბავშვმა გამოძიებას ჩვენება მისცა. როგორც ირკვევა, ეს ერთჯერადი ურთიერთობა არ ყოფილა. ალბათ გამოძიება დაადგენს დეტალებს და დამნაშავე საკადრისად დაისჯება.
ამ დანაშაულს წინ უძღოდა მსგავსი ამაზრზენი ფაქტი ახმეტის რაიონში. შემთხვევა 2012 წლის ოქტომბერში მომხდარა. მსხვერპლი ამჯერად 8 წლის ბავშვია, ფაქტი მოგვიანებით გამომზეურდა, რადგან გოგონამ ძალადობის ამბავი დამალა.
დაზარალებულის ოჯახი, ისევე, როგორც პირველ შემთხვევაშიც, უკიდურესად გაჭირვებულია. მოძალადე მამაკაცი ბავშვის ბაბუასთან მეგობრობდა და მათ ოჯახთან ნათელმირონობა აკავშირებდა. ბოროტმოქმედის ცოლ-შვილი საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ და სახლში მარტო იყო. ბავშვისთვის უთქვამს, - წამოდი, ჩემმა ცოლმა ფული გამომიგზავნა და უნდა გაჩვენო, სახლი რა ლამაზად გავაკეთეო. ბავშვი დაუკითხავად არ გაჰყოლია მამაკაცს, პაპასთვის უკითხავს, - მეუბნება, რომ თავისი სახლის რემონტი უნდა მაჩვენოს და წავყვეო? პაპაც დათანხმდა; რას წარმოიდგენდა, თუ რა განზრახვა ჰქონდა მოძალადეს?! მთვრალ მოძალადეს ბავშვი გაუშიშვლებია და საწოლში ჩაუწვენია, თვითონაც ჩაწოლილა მასთან.
როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გოგონა გაუპატიურებული არ არის. არსებული ინფორმაციით, მოძალადეს სქესობრივი კონტაქტის დამყარება უკანა ტანიდან თითით უცდია. ბავშვი აყვირებულა; მამაკაცმა თურმე ფულით სცადა მისი გაჩუმება: უთქვამს, - გაჩუმდი და 50 ლარს მოგცემო!
ბავშვმა მთვრალი მოძალადისგან თავის დაძვრენა მოახერხა, ხელიდან დაუსხლტა. ტანსაცმლის აღებაც შეძლო და ფანჯრიდან შიშველი გადმოხტა. საყურადღებოა ერთი გარემოება: მიუხედავად ამისა, პატარა გოგონას მომხდარის შესახებ არც პაპასთვის უთქვამს და არც სხვა ახლობლისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფაქტი შემთხვევით გამოაშკარავდა.
იმ დღეს გოგონა მეზობელ ქალთან სტუმრად იყო წასული. ქოთნის ლამაზი ყვავილები დაუთვალიერებიათ ერთად და ქალს უთქვამს, - რა ცუდია, როცა ადამიანი მცენარეს ტკივილს აყენებსო. ბავშვმა ამ დროს თურმე უპასუხა, - ეგ რა არის, იმ პაპამ ისეთი რაღაც გამიკეთაო!.. - და მომხდარი უამბო. სწორედ ამ ქალბატონმა გამოააშკარავა ეს შემზარავი ამბავი. მომხდარი მალე მეზობლებმა შეიტყვეს და სათანადო რეაქციაც მოჰყვა. თანასოფლელებმა მასზე შურისძიება სცადეს, სახლში მიუცვივდნენ და სასტიკად სცემეს. ამბობენ, პოლიცია დროულად რომ არ მისულიყო, შესაძლოა, დამნაშავე იქვე ჩაექოლათო.
ამ ფაქტზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მსხვერპლი ამხელს დამნაშავეს.
კიდევ ერთი შემთხვევა გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ამჯერად მოძალადედ 65 წლის მამაკაცი მოგვევლინა, რომელმაც 4 წლის გოგონაზე სცადა ძალადობა. გოგონას 3 წლის დაც უყურებდა თურმე, როგორ აშიშვლებდა მის უფროს დას ბოროტმოქმედი. არადა, ყველაფერი დღისით-მზისით მოხდა. ბავშვები თურმე ყვავილებს კრეფდნენ, როცა მათ მეზობელი მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა, - შემოდით ჩემს ეზოში, ჩემს ყვავილებს დაგაკრეფინებთო. ასე მიიტყუა მან ბავშვები თავის სახლში.
ამ დროს, პედოფილის სახლთან, სოფლის ბირჟაზე თურმე ბავშვების დედა იმყოფებოდა და მეზობელ ქალებს ესაუბრებოდა. შენიშნა, რომ მისი შვილები მეზობლის ეზოში შევიდნენ. ბუნებრივია, ეჭვი არაფერში შეჰპარვია, მაგრამ მალე გოგონები მოიკითხა, ისინი ეზოში რომ ვერ ნახა, თურმე პირდაპირ იმ სახლის კარი შეუღია, სადაც მისი შვილები იმყოფებოდნენ და იქ შემზარავი სურათი დახვდა: მამაკაცს მისი 4 წლის გოგონა გაეშიშვლებინა და ეფერებოდა... ამ შემთხვევაშიც აღსანიშნავია ერთი გარემოება: როგორც მეზობლები ამბობენ, შემზარავი ფაქტის შემხედვარე გაოგნებულ დედას მაშინვე ყვირილი და ხმაური როდი აუტეხავს - შვილები შინისკენ ჩუმად წაუყვანია, მაგრამ ამ ფაქტის დამალვა ვერ შეძლო და 2 დღის შემდეგ მეზობელს მოუყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადე ციხიდან ახალი გამოსული იყო. ის, უმძიმესი ახალი ბრალდებით, უკან შეაბრუნეს. საბედნიეროდ, 4 წლის გოგონა თავს კარგად გრძნობს, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება მაინც დასჭირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ამჟამად 73 პირი იხდის სასჯელს, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის კი - 63 მსჯავრდადებულია...
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პედოფილია არა ავადმყოფობა, არამედ გადახრაა და ამის მკურნალობა ფაქტობრივად, უშედეგოა. ხშირად ვერც ფსიქოლოგების, ვერც სექსოლოგების და ექიმების მუშაობა შედეგს ვერ აღწევს - ისინი ვერ ახერხებენ, რომ ასეთ ადამიანებს არასრულწლოვნის მიმართ ლტოლვა გაუქრონ.
ფსიქოლოგების აზრით, მოძალადე ასეთ დროს ბავშვის უმწეო მდგომარეობით, მისი ამ სფეროში სრული უცოდინარობითა და გამოუცდელობით სარგებლობს.
"შეიძლება, ამ დროს მოძალადემ, პატარას მისაზიდად, სხვადასხვა სატყუარა გამოიყენოს, როგორიც არის გასეირნება, სათამაშოს ან ტკბილეულის შეთავაზება. ეს ფაქტები ამძიმებს გარემოებას და ადასტურებს, რომ მოძალადე სარგებლობს ბავშვის გამოუცდელი მდგომარეობით, რადგან ბავშვის მოტყუება ადვილია", - აცხადებს ბავშვთა ფსიქოლოგი ელენე სამუშია:
- პედოფილია სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და სექსუალურ გადახრას წარმოადგენს. პედოფილად ითვლება ადამიანი, რომელიც 13 წლამდე ბავშვზე ძალადობს. ის მინიმუმ 5 წლით უფროსი უნდა იყოს იმ ადამიანზე, რომელზეც ძალადობს. ე.ი. 18 წლის ადამიანი, რომელიც ბავშვზე ძალადობს, პედოფილად ითვლება. უფრო ხშირად 30 წელზე მეტი ხნის ადამიანები გვხვდებიან. ამის მიზეზი სხვადასხვაგვარია. ერთ-ერთი ის გახლავთ, რომ ამ კატეგორიის ადამიანები ვერ ახდენენ საკუთარი სექსუალური სურვილის დაკმაყოფილებას. ასეთ ადამიანებს გარკვეული ფსიქოლოგიური მახასიათებელი აქვთ: ძირითადად არიან "ჩაკეტილები", დაბალი თვითშეფასების უნარის მქონენი, ნაკლებად რეალიზებულნი. რეალურად, სექსუალურ მოძალადეთა 10 პროცენტამდე - პედოფილია, დანარჩენი - სხვადასხვა სახის ძალადობას მიმართავს. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ გაუპატიურება. ნებისმიერი სექსუალური ქმედება: ალერსი, პორნოგრაფიული ფილმების ჩვენება, სასქესო ორგანოების ჩვენება, ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა, სხვაგვარი ფორმის ძალადობა.
- ქალბატონო ელენე, ბავშვები რამდენად აცნობიერებენ იმას, რაც მათ თავს ხდება?
- ბავშვი ასეთ მდგომარეობას ვერ აცნობიერებს. ფანტაზიის სფეროშიც კი ვერ წარმოიდგენს, თუ რა ხდება მის თავს. გამომდინარე იქიდან, რომ არა აქვს ცოდნა და გამოცდილება, არ იცის, როგორ დაიცვას თავი. სამწუხაროდ, ბავშვებს ძალიან უჭირთ ამის გამჟღავნება და ეს ტაბუდადებული თემაა ზოგადად არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც. ძალიან იშვიათად აღიარებენ ბავშვები, რომ მათზე ხორციელდება სექსუალური ძალადობა, მით უმეტეს - პატარები; ისინი ხშირად ამას ვერ აღიქვამენ, როგორც ძალადობას და დანაშაულს. რაიონებში განსაკუთრებით დგას ეს პრობლემა, რადგან უფრო დაბალია ინფორმირებულობის დონე. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება - ბავშვების სათანადოდ ინფორმირებაა. როცა მსგავსი ქმედება 10 წლის მოზარდზე ხორციელდება, მას უკვე რცხვენია და ამიტომ მალავს. 10-12 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია, რომ მოზარდს მისთვის გასაგებად ავუხსნათ, თუ რა არის სექსუალური ძალადობა.
- რას ურჩევთ მშობლებს - როგორ დაიცვან შვილები?
- ძალიან ხშირად მსხვერპლად 6 წლამდე ასაკის ბავშვი გვევლინება; 10 წლისამ უკვე უნდა იცოდეს, რა არის დასაშვები, - რომ მას არ შეიძლება შეეხოს უცხო ადამიანი. ძალიან ძნელია ამის ახსნა ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, მაგრამ აუცილებელია, რომ მშობელმა პატარებს ეს ინფორმაცია მიაწოდოს. უნდა უთხრას, - არ შეიძლება, რომ ვიღაც შეგეხოს და თუ ასეთი რამ მოხდა, აუცილებლად მითხარიო... როცა ბავშვს სახლში მარტო ტოვებენ, უნდა აუხსნან, ვის შეიძლება გაუღოს კარი, როგორ უნდა მოიქცეს უცნობ ადამიანებთან. როცა უფროსი ადამიანი სადმე გაყოლას სთხოვს, ამაზე ნებართვა უნდა აიღოს მშობლისგან. საგანგაშოა, რომ 70 პროცენტამდე პატარების მიმართ სექსუალური ძალადობა საახლობლო წრის წარმომადგენელს ჩაუდენია. ძალიან ხშირად ამის ჩამდენები არიან ნათესავები, საუბედუროდ - ოჯახის წევრებიც კი. მხოლოდ შემთხვევათა 30-40 პროცენტი მოდის უცხო ადამიანის მხრიდან მსგავს ძალადობაზე. პაციენტად მყავდა 11 წლის გოგო, რომელიც დიდხანს იყო ძალადობის მსხვერპლი და არ ამბობდა იმის გამო, რომ რცხვენოდა, და მაშინ მოგვმართეს, როცა ამის შესახებ ოჯახის წევრებმა შეიტყვეს. დედამ იეჭვა...
სექსუალური მოძალადეები კარგად აცნობიერებენ იმას, თუ რას და როგორ სჩადიან, ამიტომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები და არ იციან, როგორ მიაწოდონ ბავშვს საჭირო ინფორმაცია. შვილებს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლები უნდა იყვნენ. ხშირად მშობლებს ერიდებათ ამ თემაზე შვილებთან საუბარი. თუ მშობელმა არ იცის, როგორ მიაწოდოს ინფორმაცია, აუცილებელია, ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართოს. დარიგება არ უნდა იყოს ბრძანების ფორმით ნათქვამი. არ უნდა უთხრა, - შენ არ უნდა გაჰყვე უცხოს; უნდა უთხრა, - ნაცნობთანაც რომ მიდიხარ, მითხარი, ჩემგან აიღე ნებართვა, რადგან შენ რომ ვერ გნახავ, შემეშინდება... ასეთი საუბარი უნდა წარიმართოს პატარასთან. 12-13 წლის ასაკის მოზარდმა კი უნდა იცოდეს, რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა; ამის მაგალითები უნდა მოვუყვანოთ. მოძალადე, როგორც წესი, ნელ-ნელა იჩვევს ბავშვს, რომ ნდობა მოიპოვოს... ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ინტერნეტის მეშვეობით მსგავსი ურთიერთობების დამყარების მცდელობა. ანომალიით შეპყრობილი სუბიექტები ბავშვებს უმეგობრდებიან და უღვივებენ ინტერესს. შეიძლება, არც უთხრან თავიანთი ასაკი და რომც არ შეხვდნენ რეალურად, შეიძლება, საკუთარი სექსუალური იმპულსი მაინც დაიკმაყოფილონ.
- როგორ?
- ინტერნეტით შეიძლება, აჩვენოს სასქესო ორგანო, ან სულაც, სექსუალური შინაარსის საუბრით დაკმაყოფილდეს. ესეც არის გადახრის ერთ-ერთი ფორმა. ცხადია, ბავშვები ვერ აცნობიერებენ პედოფილების ქმედებებს და გარდატეხის ასაკამდე ნაკლებად უწევენ მათ წინააღმდეგობასაც. ამიტომ მეტი ყურადღება მართებთ მშობლებს. ყველა შემთხვევაში, პედოფილების ეს ქცევები ბავშვზე მძიმედ აისახება, ძალიან დიდ ტრავმას აყენებს და მთელ მათ ცხოვრებაზე მავნე გავლენას ახდენს.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)