საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბუღალტრული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ბექა გეთიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ამავე უწყების წარმომადგენლებმა მიაყენეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევა და თავის რბილი ქსოვილების შეშუპება დაუდგინეს. მომხდარის დეტალების გასარკვევად გაზეთი "ყველა სიახლე" ბექა გეთიაშვილს დაუკავშირდა.
- თქვენსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი როდის დაიწყო?
- ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში 2011 წლიდან ვმუშაობდი. კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა მეკავა. 2013 წლის მარტში მამა გარდამეცვალა. იგი აგონიაში იყო, როცა სამსახურიდან ერთი დღით გაშვება ვითხოვე, დავხედავ მამას და ჩამოვალ-მეთქი, გამიშვეს, თუმცა მალევე მესიჯი მომწერეს - შენზე ბრძანებაა და გაეცანიო. როგორც შემდეგ გავარკვიე, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ყოფილა. აღმოჩდა, რომ მაშინ, როცა ძალიან ცუდად მყოფი მამის სანახავად წავედი, სამსახურიდან გამათავისუფლეს. როცა ჩამოვედი, მიზეზის ახსნა მოვითხოვე. მიზეზი არ ჰქონდათ, მე ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებდი. არანაირი გაფრთხილება არ მქონია. მოგვიანებით, ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა გურამ ბლიაძემ დამირეკა, შენთან საუბარი მსურსო. როცა მივედი მითხრა, რაღაც გაუგებრობა მოხდა და სამსახურში აღგადგინეთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ამ ამბიდან თვე-ნახევარში, 28 ივნისს, იმავე ადამიანმა დამიბარა და მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი და შემეძლო 1-ელი ივლისიდან სამსახურში არ მივსულიყავი. როგორც აღმოჩნდა, უჩემოდ რაღაცებს თავი ვერ გაართვეს. დავჭირდი და ამიტომ დამაბრუნეს, და არა იმის გამო, რომ უსამართლოდ მომექცნენ.
- მერე რა მოხდა?
- სახლში მივედი და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჩემს პირად გვერდზე გამწარებულმა ვიდეო გავაზიარე გარკვეული შეურაცხმყოფელი კომენტარით. შემდგომ მივხვდი, რომ არასწორი საქციელი იყო ჩემი მხრიდან და წავშალე. პირად საუბარში კი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მეორე დღეს იმავე გურამ ბლიაძემ დამირეკა და მითხრა, რომ დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში კახაბერ სოლოღაშვილი მიბარებდა. მივედი. მეორე სართულზე ასვლას ვაპირებდი, სადაც დირექტორის მოადგილე იჯდა, მაგრამ დაცვამ განმიცხადა, რომ დირექტორის მოადგილე 0 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში ჩამოვიდოდა და იქ უნდა დავლოდებოდი. საკონფერენციო დარბაზში კომერციული უსაფრთხოებისა და დაცვის სამ-სამი თანამშრომელი შემოვიდა. მკითხეს, რითი ვიყავი უკმაყოფილო. განვუცხადე, რომ უსამართლოდ მომექცნენ და ეს მათთან სალაპარაკო თემა არ იყო. ამის შემდეგ ერთ-ერთი მოვიდა და მთელი ძალით უკნიდან თავში ჩამარტყა, გავითიშე და წავიქეცი. ამის შემდეგაც გააგრძელეს ჩემი ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბოლოს, როგორც იქნა, გამომიშვეს. გამოსვლისთანავე მივმართე ვაჟა-ფშაველაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას და ჩვენება მივეცი. პოლიციამ სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფომ კი ქირურგიის ინსტიტუტში გადამიყვანა. ექიმებმა ტვინის შერყევა და თავის რბილი ქსოვილების დაზიანება დამიდგინეს. ჩამტვრეული მაქვს კბილიც.
- სამინისტროსა და კომპანიის ხელმძღვანელობამ თუ გაიგო ეს ამბავი და რამე რეაგირება თუ იყო?
- როგორც ვიცი, საქმის კურსში არიან. მაგრამ არავინ დამკავშირებია და არაფერი უკითხვათ. ჩემთვის არავის მოუმართავს. გამომძიებელმა კი მითხრა, კომპანიის წარმომადგენლები დავკითხეო, სხვა წყაროებიდან შევიტყვე, რომ უთქვამთ, თითქოს საკუთარი ინიციატივით მივედი კომპანიაში და ვაგინე. ლოგიკა სადაა?! მარტო მივედი დაცვის ექვს თანამშრომელთან და გინება დავუწყე?! საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში კამერები დგას და იქ აუცილებლად იქნება დაფიქსირებული, როგორ შევდივარ საკონფერენციო დარბაზში. არ მახსოვს, არის თუ არა კამერები თვითონ დარბაზში, მაგრამ დიდი ალბათობით უნდა იყოს.
"ყველა სიახლე" მეორე მხარის პოზიციითაც დაინტერესდა და საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა.
როგორც გაზეთთან საუბრისას კომპანიის პრესსამსახურის უფროსმა სოფო ნიკოლაიშვილმა განაცხადა, გეთიაშვილი შენობაში გინებით შევიდა, დაცვის წევრებმა კი დედის გინება არ აპატიეს.
- მან ძალიან კარგად იცოდა, რომ გათავისუფლებული იყო, მაგრამ ქუჩიდან შენობაში გინებით შემოიჭრა. ჩვენ ხელშეკრულებებით აგვყავს ადამიანები და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რამდენად პროდუქტიულია მისი მუშაობა და რამდენად საჭიროა ის კომპანიისთვის, ვუშვებთ, ან ვტოვებთ. ეს ადამიანი მოვიდა ქუჩიდან, შეაგინა დაცვის თანამშრომელს და მოხდა დაპირისპირება. წმინდა ქართული მომენტი იყო.
- როგორც დაზარალებული აცხადებს, მას ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა გურამ ბლიაძემ დაურეკა და ამიტომ მივიდა მეორე დღით კომპანიაში.
- არ ვიცი, შეიძლება ვინმემ მართლაც დაურეკა ფინანსური განყოფილებიდან სულ სხვა საქმეზე, მაგრამ ის მოვიდა გინებით. როდესაც შემოვიდა შენობაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომელს. კაცები არიან და რაც მოხდა, წმინდა ქართული თემაა. ვერაფერს ააგორებენ აქედან. სისულელეა!..
- დაპირისიპირება საკონფერენციო დარბაზში შესვლამდე მოხდა თუ შესვლის შემდეგ? შენობაში კამერები ხომ არის? წესით, ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს...
- ეს ადამიანი ჰყვება თავის სასარგებლოდ, ჩვენი დაცვის თანამშრომელი ჰყვება ისე, როგორც იყო - გეთიაშვილმა შეაგინა, მან კი სცემა.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)