მომავალი რძალი კუზანოვებმა მისაღებ გამოცდებზე გაიცნეს

მომავალი რძალი კუზანოვებმა მისაღებ გამოცდებზე გაიცნეს

ალეკო კუზანოვმა და თამუნა გივიშვილმა ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გაიცნეს. სტუდენტობის წლები ოჯახით არ "გააფუჭეს" და დაოჯახება ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს. პლასტიკური ქირურგების ოჯახის რძლობის მიუხედავად, თამუნა ცდილობს, ბუნებრივი იყოს და გარეგნობაში ბევრი რამ არ შეცვალოს. ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ შეიცვალა გარეგნობა, მომავალში კი არაფერს გამორიცხავს.

- რამდენი წელია, რაც დაოჯახდით?

თამუნა:

- 13 წელია, თარიღები მე უფრო ვიცი. ალეკოს დაბადების დღეებსა და ქორწინების წლისთავს ძირითადად მე ვახსენებ.

ალეკო:

- ჩვენი ქორწინების თარიღი 18 ივნისს რომაა - ვიცი, მაგრამ ეს თვრამეტი ივნისი რომ მოდის, სულ მავიწყდება. კუზანოვებს ჩვევა გვაქვს, ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები სულ გვავიწყდება და ამ მხრივ მეუღლეების დახმარება გვჭირდება.

თამუნა:

- (იცინის) მიწევს მდივნის ფუნქციის შესრულება, ისე, როგორც ყველა კუზანოვის ცოლს.

ალეკო:

- ჩვენ შევხვდით პირველ კურსზე. მისაღებ გამოცდებზევე შევამჩნიე და მეხუთე კურსზე ვიყავით, რომ დავქორწინდით.

თამუნა:

- ყველას უკვირდა, ამდენი წელი რატომ არ ვქორწინდებოდით. ბატონ ივასაც ეკითხებოდნენ, რას ფიქრობენ ამდენს, რით ვერ გაიცნეს კარგად ერთმანეთიო. მეოთხე კურსიდან ვიყავით შეყვარებულები. მანამდე ნაცნობობის საერთო წრე გვქონდა და სტუდენტობა ოჯახით არ გაგვიფუჭებია.

ალეკო:

- სტუდენტობისას სულ ერთად დავდიოდით. პირველ კურსზე ვიყავით, რომ მთელი ჩვენი სამეგობრო ერთი კვირით წავედით ქუთაისში. მერეც სულ დავდიოდით ექსკურსიებზე. რომ დავქორწინდით, მერე ასპირანტურა მოსკოვში დავამთავრე და ორწელიწად-ნახევარი მოსკოვში ვიყავი. თამუნა თბილისში იყო. მაშინ ქეთი უკვე გვყავდა. თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი. ასპირანტურა რომ დავამთავრე და ჩამოვედი, გაზრდილი ბავშვი დამხვდა. მე და ჩემი ძმაც ასე ვიზრდებოდით. მამა სულ მოსკოვში დადიოდა. დედამ სახლში მამის დიდი პორტრეტი გააკრა, ბავშვებო, იცნობდეთ, ეს მამათქვენიაო.

თამუნა:

- იშვიათად რომ ნახულობენ, მამა უფრო უყვართ. სახლში რომ მოდის, არ აწუხებენ.

- თამუნა, როცა ოჯახში გაიგეს, რომ ალეკო კუზანოვი იყო თქვენი რჩეული, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- სამედიცინოზე ჩაბარება რომ გადავწყვიტე, ყველას გაუკვირდა. ყველა ნათესავი ჩაერთო, რომ ჩემთვის არჩევანი გადაეფიქრებინათ. მეუბნებოდნენ, სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან რთულიაო. მერე მიხვდნენ, რომ მედიცინა ძალიან მომწონდა, დაანებეს თავი პროფესიის არჩევაში ჩარევას. რასაკვირველია, გაუხარდათ, ასეთ კარგ ოჯახში რომ მოვხვდი.

- ალეკო, ბატონმა ივამ რა თქვა, როდესაც თამუნა გააცანით?

- ჩვენს ოჯახში ამ მხრივ ყოველთვის თავისუფლება იყო. ვინც შეგიყვარდებოდა, ის უნდა მოგეყვანა ცოლად. ამის გამო არანაირი პრობლემა არ იყო. მისაღებ გამოცდებზევე ნახეს თამუნა. ვუთხარი, შეხედეთ, რა კარგი გოგოა-მეთქი. იქ იყო ჩემი რძალი ნინო ნადირაძე და მანაც აღნიშნა, რომ თამუნა ძალიან კარგი გოგო იყო.

- თამუნა, ე.ი. მომავალ რძალს პირველივე დანახვაზე ძალიან მოეწონეთ.

- ნინო უჭკვიანესი ადამიანია. ყოველთვის ობიექტურია. რომ არ მოვწონებოდი, აუცილებლად აღნიშნავდა.

- ალეკო, ალბათ მეუღლის ბევრი ნათესავი გთხოვთ, რომ გაუკეთოთ პლასტიკური ოპერაცია და ხშირად გისვამენ კითხვას, რა მაქვს გარეგნობაში შესაცვლელიო.

- რა თქმა უნდა, მსგავსი თხოვნები არის. როცა საჭიროა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუკეთებთ ოპერაციას.

თამუნა:

- გარდატეხის ასაკიდან ყველა ადამიანმა იცის, რა არის მის გარეგნობაში შესაცვლელი.

- ალეკო, მკერდმეიქერს გეძახიან.

- არა მარტო მკერდის ოპერაციებს, თანდაყოლილ და შეძენილ დეფექტებსაც ვმკურნალობთ.

- თამუნა, არასდროს გიეჭვიანიათ მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე?

- თავიდან ალეკოს ხასიათიდან გამომდინარე ვეჭვიანობდი, მაგრამ მოსკოვში მისმა ყოფნამ ყველაფერი განკურნა. სისულელე იქნებოდა თბილისში ყოფნა და ეჭვიანობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია