უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, ლადო ბედუკაძის საქმის გადახედვა იმდენად რთულ სამართლებრივ პროცედურას უკავშირდება, რომ არჩილ კბილაშვილს მიღებული გადაწყვეტილებიდან "თავის დაძვრენა" ძალიან გაუჭირდება.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, საპროცესო შეთანხება დამტკიცებულია სასამართლოს მიერ, მას დღეს აქვს სასამართლო განაჩენის ძალა, რომლის გადახედვაც და გაუქმებაც თავად სასამართლოს მიერ საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. საყვარელიძის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა საქმის გადახედვის სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა.
საყვარელიძის მტკიცებით, დაშვებულია, როგორც ძალიან დიდი პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი დანაშაული.
"როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს სამართლებრივი დეტალების თაობაზე ინფორმაციას არ აწვდიდნენ და საქმის კურსში არ აყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, მან არ იცოდა, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავარ პროკურორს აქვს უფლება ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გაათავისუფლოს, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი გამონაკლისი - ეს არ შეიძლება მოხდეს, როცა საქმე გვაქვს წამებასთან. კანონმდებლობაში წამების მუხლი საგანგებოდ ჩაიდო, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრია. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობაც გამონაკლისს უშვებს. ბედუკაძის შემთხვევაში მოხდა ის, რომ მას ისე, რომ ბრალიც კი არ უღიარებია, საპროცესო შეთანხმება არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით გაუფორმდა. ეს სასამართლომ დაამტკიცა, რასაც დღეს სასამართლო განაჩენის ძალა აქვს, ანუ ბედუკაძე სრულად გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისაგან. არ ვიცი, ამ სიტუაციაში კბილაშვილმა როგორ შეიძლება დაიძვრინოს თავი. არ ვიცი, რა გამოდგება საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც საქმის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს დაზარალებული და პროკურატურა დაზარალებული როგორ გამოვა, ჩემთვის გაუგებარია. ასევე საპროცესო შეთანხმების არდამტკიცების ან გადახედვის უფლება სასამართლოს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას, თუ მას საპროცესო შეთანხმების პირობები არ განუმარტეს, ან ადგილი გქონდა მოტყუებას, დაშინებას, ცემას, რაც ბედუკაძის შემთხვევაში არ მომხდარა. პირიქით, ის სრულად სასათბურე პირობებში იმყოფებოდა. ამიტომ ძალიან რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვთვლი, რომ კბილაშვილმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან მან კანონდარღვევა ჩაიდინა, რისთვისაც რიგით პროკურორს და გამომძიებელს უმკაცრესად დასჯიდნენ. მესმის, რომ ლადო ბედურაძე მათთვის ოქროს თევზია, რომლის წინაშეც აქვთ პოლიტიკური ვალდებულებები, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელსაც რეაგირება უნდა მოჰყვეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით საყვარელიძემ.
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას ხვალისთვის გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.
პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.
მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.
მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აღნიშნულია პრემიერის მიერ მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილ განცხადებაში.