გიორგი მარგველაშვილი - "ამას შავი პიარიც არ ჰქვია, უფრო "პიარუშკაა"

გიორგი მარგველაშვილი - "ამას შავი პიარიც არ ჰქვია, უფრო "პიარუშკაა"

"ბიძინა ბევრისშემძლეა და როდესაც ის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავა, იმედია, კი არ შევშინდებით და დავიბნევით, არამედ შევძლებთ სარგებელი ვნახოთ ამ ნაბიჯისგან", - აცხადებს "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

- როდესაც პრემიერ-მინისტრმა ესტონურ გაზეთთან განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში თანამდებობას დავტოვებო, აღმოჩნდა, რომ ეს ერთგვარი შოკი იყო საზოგადოებისა და თქვენი გუნდისთვისაც.

- ამის შესახებ ივანიშვილმა მთელი საქართველო ორი წლის წინ ჩააყენა საქმის კურსში. კაცი ამბობდა, ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებიდან წავალო და აღმოჩნდა, რომ არავინ უსმენდა. არა ვარ შოკირებული, რადგან არც მიფიქრია, რომ თვალთმაქცობდა... მჯერა ბიძინას სტრატეგიული ხედვის. მან ურთულეს ვითარებაში მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება. ის კი არ მიდის, გადადის უფრო მნიშვნელოვან უბანზე. როგორც მთავრობის წევრისთვის, ჩემთვის უაღრესად კომფორტულია, რომ ბიძინა მთავრობის თავმჯდომარე იყოს, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, შეუძლებელია არ მესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ყოფნა სამოქალაქო სექტორში.

- შეძლებს ივანიშვილი ოქტომბრამდე ისე დაალაგოს ყველაფერი, რომ მთავრობიდან წასვლის მერე სტაბილური გარემო დატოვოს?

- თუ ამ კაცმა შეძლო შეუძლებელი თავის ბიზნეს და პოლიტიკურ კარიერაში, დანარჩენსაც შეძლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი ხედვით ასე სჭირდება ქვეყანას. მისი აზრი ჩემთვის უაღრესად ავტორიტეტულია. ფუნდამენტი იმ შენობისა, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია, არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ის ამუშავებს მთავრობას, პარლამენტსა და სხვა სტრუქტურებს, იძლევა შეკვეთას, აკონტროლებს ხელისუფლებას და აიძულებს იყოს კვალიფიციური და ავტორიტეტული. დღეს დამკვიდრებულია არასწორი კლიშე, რომ მთავარი ფიგურები სახელმწიფო მოხელეები არიან, მაშინ როდესაც მთავარი ფიგურა არის ხალხი. ძალზე საინტერესო პრეცედენტია, რომ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არ არის მიჯაჭვული სკამზე.

- კრიტიკოსების ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობისაგან გაქცევას არქმევს.

- ეს სასაცილოა. ვინ ავალებდა ბიძინას ამ პასუხისმგებლობის აღებას? მთელი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ისედაც მისი მადლიერი იყო... ვინ ავალებდა პოლიტიკაში წასვლას და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას? როდესაც მან პასუხისმგებლობა აიღო, გააკეთა ის, რასაც ხალხს დაჰპირდა. ახლაც სწორედ პასუხისმგებლობის გამო ასრულებს დანაპირებს.

- ბრძანეთ, რომ პრემიერის პოსტზე სხვა დასხვა კანდიდატურა განიხილება. ვისზეა საუბარი?

- ამ საკითხს ბიძინა განიხილავს, მაგრამ ვის მოიაზრებს, არ ვიცი. რომც ვიცოდე, ჩემი კომპეტენცია არ არის ბიძინას მაგივრად ლაპარაკი. როდესაც მენეჯმენტში ამდენად გათვითცნობიერებული ადამიანი აპირებს რამის გაკეთებას, მოუფიქრებლად და უცებ არ გააკეთებს არჩევანს.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ და ლევან ვასაძე ერთად იყავით ჯერ სენაკში და მერე საჩხერეში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში. ეს ფაქტი შეფასდა როგორც მომავალი პრეზიდენტისა და მომავალი პრემიერის ერთობლივი ვოიაჟი.

- ესეც მეტყველებს, რამდენად მძიმედ მოქმედებს ჩვენზე საბჭოთა წარსული და ბოლო 9 წელიწადი. ლევან ვასაძე და მე სენაკში ჩვენი ბავშვობის მეგობართან, სკოლაში ვიყავით სტუმრად. ამ სკოლის განვითარებაში მეუფე შიოს ლევანიც ეხმარებოდა და მეც. აქედან რანაირად უნდა დაასკვნან, რომ პრემიერის თანამდებობაზე ლევანის კანდიდატურა განიხილება? ლევანს ბევრჯერ უთქვამს, რომ პოლიტიკაში არ აპირებს მოსვლას. დაიღალა ერთი და იმავეს ლაპარაკით, მაგრამ ეტყობა "მოდელირებული ქრონიკის" მენტალიტეტი ღრმად ზის ჩვენში. სიმართლის არ გვჯერა და მოდელირებულ სქემებს ვაკეთებთ გონებაში.

- საჩხერეში პრემიერსაც ხომ არ სტუმრობდით?

- არა. პრემიერმა გადმომცა აკაკი წერეთლის ხელჯოხი, რომ საჩხერეში მისი სახლ-მუზეუმისათვის გადამეცა. სენაკიდან მე და ლევანი ცალ-ცალკე ხომ არ წამოვიდოდით, ლევანს ხომ არ ვეტყოდი, ახლა სახლ-მუზეუმს აკაკის ხელჯოხი უნდა გადავცე და დაიმალე, მუზეუმში ნუღარ შემოხვალ-მეთქი. მე და ლევანი ერთად ვართ 10 წლიდან. 30 წლის მეგობრები ჩვენს მესამე მეგობართან ვიყავით.

- მარგველაშვილები საჩხერეშიც ცხოვრობენ, წარმოშობით იქაური ხომ არ ხართ?

- არა, ჩვენი გვარი მოწამეთიდან არის. იქაურობასთან კავშირი არა მაქვს და რომ მქონოდა, კიდევ შეიძლებოდა თეორიების აგება - მოწამეთა-ივანიშვილი-მარგველაშვილი და ამ სქემაში აკაკის ხელჯოხსაც რამენაირად ჩააქსოვდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა