დუტა სხირტლაძე - "როგორც მსახიობმა, ცელი გამოვისვი"

დუტა სხირტლაძე - "როგორც მსახიობმა, ცელი გამოვისვი"

ბევრისთვის შოუმენია, ზოგისთვის - არტისტი. არაერთხელ მინახავს სცენაზე და როგორც თეატრალი მაყურებელი, მას უპირველეს ყოვლისა, კარგ არტისტად მივიჩნევ. მასაში სანახაობის კაცად წოდებული დუტა სხირტლაძე ახლა თვითონ ქმნის სანახაობას, რომელიც იმაზე მეტად ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი საკვირაო სატელევიზიო შოუ. ინტერვიუ წლებია, არ მიუცია. არ უყვარს ლაპარაკი. ურჩევნია, საქმე აკეთოს. საქმე კი ძალიან ბევრი აქვს. სწორედ საქმის სიყვარულის და ბევრი შრომის გამო, სინდრომს - "ყველგან დუტა" ვერ ასცდა. თუმცა ეს მისი - არა, უფრო მასის პრობლემაა.

კინო(ს) საფეხურებზე

- ხელოვნების სფეროში მარტო მხატვრობა და მწერლობაა ინდივიდუალური. მიხაილ რომს (გამოჩენილ საბჭოთა კინომოღვაწე. - რედ.) უწერია, კინორეჟისორი ის ადამიანია, რომელიც სწორად იკრებს თანამოაზრეებსო. მეც ანალოგიურად - გუნდში თანამოაზრეები მყავს. თან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები.

ადრე სტუდიას "დუტა პროდაქშენი" ერქვა. ეს სულელური, ქართულ სიტუაციაზე მორგებული სახელია, თითქოს დუტა ყველგანაა. ამიტომ შევცვალე. პირველი მცდელობა - "იასამნისფერი ალმანახი და მერე?!" იყო, როდესაც ხუთმა დებიუტანტმა რეჟისორმა ხუთი ფილმი გადავიღეთ - საქართველო მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე - ხუთი ეტაპი ხუთ ფილმში. ახლა შვედეთთან ვთანამშრომლობთ, ცოტა ხანში ამ ფილმის საუნდს გავაკეთებთ შვედეთში. თვითონ გამოთქვეს სურვილი, ასე რომ, "ალმანახი" ქართულ-შვედური კინოპროდუქტი იქნება. ეს არც ყოფილა კომერციულად გათვლილი ფილმი, პრემიერაზეც ძირითადად "კინოშნიკები" იყვნენ მოსულები და ძალიან დადებითი შეფასებაც ჰქონდათ. დედლაინის გამო ავჩქარდით, ამიტომ ეს ფილმები დასრულებულად არ ჩაგვითვლია. სრულვყოფთ და საბოლოოდ მივიღებთ ქართულ-შვედურ პროდუქტს. ახლახან ინდოეთიდან ფესტივალზე სწორედ ამ ფილმით მივიღეთ მიწვევა.

"დუტა პროდაქშენი" ახლა "ლედერ სტუდიოდ" იქცა. ლედერი - გასაშლელი კიბეა. ეს - კიბესტუდიაა. პირველი საფეხურია იმ ფესტივალისა, რომელსაც აუცილებლად დავაფუძნებთ. ფესტივალი დებიუტანტ რეჟისორებზე იქნება ორიენტირებული, მისი სიმბოლო კინოფირი იქნება, რომელიც კიბის ფეხებს ეყრდნობა. შესაბამისად, ფესტივალის მიზანიც - ქართული კინოს აღმასვლაა. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ საქმეს. მეც ჩემს წვლილს შევიტან.

მომავლის კინო

- ქართული კინო დღეს პირველ საფეხურს "ეჭიდავება". თუ არ მოხდა საზღვარგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობა, ქართული კინოსამყარო დამოუკიდებლად ვერ გაიდგამს მყარად ფესვებს მსოფლიო კინემატოგრაფში. დღეს ვიღაცები კომერციულ კინოს იღებენ. მეც, ამ ეტაპზე, კომერციული გათვლა მაქვს, ვიღებ ფილმს, რომელიც შინაარსთან ერთად კომერციულადაც საინტერესო იქნება ჩემთვის. ეს იმიტომ, რომ სტუდია მოძლიერდეს და ის ძალიან მნიშვნელოვანი კინოპროექტები, რომელიც უახლოეს მომავალში მაქვს დაგეგმილი, წარმატებით განხორციელდეს. 2006 წლიდან ვცდილობ, რომ კინო გადავიღო. იმ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ფილმის გადასაღებად ვემზადები ამდენი წელია. უკვე დაწყებულია მუშაობა, კადრირებაც დავხატეთ მე და არჩილ ახვლედიანმა. სანამ კინოს გადაღებას ვისწავლი იმ დონეზე, რომელიც მსგავს პროდუქტს სჭირდება, მანამდე იმ კონკრეტული ფილმის გადაღებას არ დავიწყებ.

ვინ არის "გივი"?

- "გივი" - ახლა გადავიღე ფილმი, რომელიც ძალიან მალე გამოვა კინოეკრანზე. ეს კომედიური ჟანრის ფილმია, რომელიც სატირულად ასახავს რეალობას. თანამედროვე კომედიაა, თუმცა - სევდიანი. სევდის გარეშე არაფერი გამომდის. იმდენად ჩახლართული სიტუაციაა, გამიჭირდება მოყოლა. პერსონაჟები ყველაფერს "ქართულად" უყურებენ - ბიზნესს, ურთიერთობებს, სიყვარულს. ქართული სული, ხასიათი დევს მთელ სიუჟეტში. მართალია, ამაზე ვიცინით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა. მოკლედ, ერთი ბიზნესმენის ოჯახის ისტორიაა. თუ ვინ არის გივი, ამას საიდუმლოდ დავტოვებ.

სცენარის თანაავტორი ვარ. მონტაჟსაც ვესწრები და აქტიურად ვარ ჩართული ფილმის კეთების ყველა პროცესში. საუნდტრეკების შექმნაშიც მივიღე მონაწილეობა. ადრე ჯგუფი "ღამურა" გვქონდა მეგობრებს ჩამოყალიბებული და ჩვენი ძველი რეპერტუარიდან გავაცოცხლეთ კომპოზიციები. რობი კუხიანიძის რამდენიმე შემოქმედებით შედევრსაც გამოვიყენებთ...

ფილმში ერთ-ერთ როლს თვითონვე ვასრულებ. შემიძლია და ჩემსავე პროდუქტშიც რომ ყველგან მე ვიყო, რატომაც არა?! ძალიან ნიჭიერი მსახიობები მონაწილეობენ - ზუკა პაპუაშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, ნატო ებანოიძე, ქეთათო ჩარკვიანი, რუსკა და ნინუცა მაყაშვილები, სამორი ბალდე, ვასიკო ოდიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი. ხატია შამუგიაც თამაშობს ეპიზოდურ როლს. პირველივე სცენის პირველივე კადრის პირველივე დუბლი ნიჭიერად შეასრულა. საერთოდ, მსახიობებით აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ნიჭიერები არიან. ბევრ ქებას აღარ დავიწყებ.

იუმორი & ირონია

- საერთოდ, ვთვლი, რომ ქართული იუმორი სევდანარევია, ისტორიულად... ამ ტრადიციას არ ვღალატობ და არც გავურბივარ.

ქართული ფილმი განსაკუთრებულად პოპულარული იყო იმ პერიოდში, როდესაც იღებდნენ თვითირონიულ კომედიებს, რომელიც იმდროინდელ საბჭოთა საქართველოს ასახავდა. სიმბოლიკის ძიება რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. პროტესტის გამოხატვის ძალიან საინტერესო ფორმებსა და ხერხებს პოულობდნენ. ბევრი ძალიან საყვარელი მსახიობი ადამიანებმა თეატრზე მეტად, კინოდან შეიყვარეს. თეატრში საზოგადოების ნაწილი დადიოდა, კინო კი ყველასთვის იყო.

...საზღვარგარეთ არაერთ ფილმში გადამიღეს, ქართველები კი, თუ ძალიან კომერციული კინოს გაკეთება არ უნდათ, არ მეძახიან. არტისტად არ მთვლიან. სატელევიზიო წამყვანი ვარ მათთვის.

"ყველგან დუტა"...

- დღე-ღამეში 27 საათი მაინც მჭირდება, 3 საათი რომ დავიძინო. სულ ვშრომობ და მინდა, მეტი დრო მქონდეს. "ყველგან დუტას" ფენომენი ვერ ავხსენი. საქართველო ხუმრობდა იმაზე, რომ ზარმაცი არ ვარ. სწორედ ამის გამო რომ დაგცინის საზოგადოების რაღაც ნაწილი, კარგი არ არის.

მასისთვის ვიყავი "ტელევიზიონშიკი", თეატრალებისთვის - "თეატრალური სარდაფის" მსახიობი, ჭოლას სტუდენტი. როგორც მსახიობს, არ მქონია ცუდი გამოხმაურება თეატრალებისგან, კრიტიკოსებისგან, მეტიც... თუმცა, ცხოვრებამ მოიტანა ისე, რომ გარკვეულ ეტაპზე დავთანხმდი სატელევიზიო შემოთავაზებას. ძალიან ბევრი დრო მოვითხოვე მოსაფიქრებლად: ზუსტად ვიცოდი, მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. იმ მომენტშივე ვგრძნობდი, რომ თანხმობის შემთხვევაში, როგორც მსახიობი, ცელს გამოვისვამდი. ასეც მოხდა. თეატრალური სარდაფიდან წამოვედი, მაგრამ არასდროს მიმიტოვებია. როდესაც "ვის უნდა 20.000" მიმყავდა, არც ერთ ინტერვიუს არ ვთანხმდებოდი, თუ "თეატრალურ სარდაფზე" ლაპარაკის საშუალება არ მომეცემოდა. იმ პერიოდში "სარდაფის" პოპულარიზაციით ვიყავი დაკავებული. ჩვენი ხელებით შექმნილი იყო, ძალიან მიყვარდა. "სარდაფმა" თავის დროზე შეცვალა დამოკიდებულება თეატრის მიმართ. თინეიჯერებისთვის შეიქმნა, ამის გამო გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში "სარდაფმა" მაყურებლის არაერთი თაობა გაზარდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი ეტაპი სწორედ "თეატრალური სარდაფი" იყო...

(გამომეტყველება ეცვლება. სევდა ერევა. პაუზა. ემოციებს მობილიზაციას უკეთებს და აგრძელებს):

- ...რამაც მერე ჩაილურის წყალი დალია და მეც ვეღარსად დავრჩი. არ ვარ შეჩვეული დიდ თეატრში ცხოვრებას. არ არის იქ ის დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, რაც "სარდაფში" იყო.

P.S. საუბრის პარალელურად, "გივი" მონტაჟდებოდა. ბუნებრივია, თვალი გამირბოდა ეკრანისკენ. დავინტერესდი და ვთხოვე, ენახვებინა. უარი არ მითხრა, მაგრამ გამაფრთხილა, არაფერი დამეწერა წინასწარ. არ გავამხელ "გივის" საიდუმლოს, მაგრამ მაინც ვიტყვი - ერთხელ შევცდი და კინოში რომელიღაც ქართული კომედიის სანახავად წავედი. იმის შემდეგ აღარც გამჩენია სურვილი, თანამედროვე ქართული კომედია მენახა. "გივიმ", თანაც დაუმუშავებელმა, მოულოდნელად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა კი ნამდვილად მაქვს მოლოდინი და რეალური შეგრძნება, რომ ქართული კომედიური ჟანრის ფილმი მწვერვალიდან მიწასთან გასწორების შემდეგ, კიბეზე მყარად შედგება და მაღალ საფეხურებს აუყვება.

სალომე ლილუაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება