ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"

ნუკი კოშკელიშვილი - "მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება"

"იმ წიგნებში, რომლებიც ბავშვობაში შინაარსით მომწონდა, დღეს სხვა ღირებულებებს ვხედავ, სხვაგვარად აღვიქვამ დიალოგებს. წლების წინ წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნება საინტერესო ყოფილა", - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი. ბევრი საყვარელი ავტორი ჰყავს, მაგრამ გამორჩეულად ერთი უყვარს - ეს ოსკარ უაილდია.

- ნუკი, ეთერში დაბრუნებას არ აპირებ?

- ეთერში მალე დავბრუნდები. ეს კიდევ ერთი სიახლე იქნება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვი. თარიღიც გარკვეულია. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ საწოლთან წიგნები მიდევს და გამუდმებით ვკითხულობ. ამ ბოლო დროს ბავშვობაში წაკითხულ ნაწარმოებებს მივუბრუნდი. იმ წიგნებში, რომლებიც ბავშვობაში შინაარსით მომწონდა, სხვა ღირებულებები დავინახე, დიალოგებიც სხვაგვარად აღვიქვი.

- ოსკარ უაილდმა ასე ძალიან რით მოგხიბლა?

- მასზე ვარ შეყვარებული, მისი ძალიან კარგად მესმის. მგონია, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა. ვერ ვიტყვი, მისი შემოქმედებით დიდად მოხიბლული ვარ, ალაგ-ალაგ მომწონს, მაგრამ უაილდის გამონათქვამებზე ვგიჟდები, ძალიან მხიბლავს. ცხოვრებას მეც მასავით ვუყურებ. შეიძლება, ადამიანი გაუნათლებელი იყოს, ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. სწორედ ამიტომ მიყვარს გამორჩეულად უაილდი, მას მოზღვავებული, მოჭარბებული, ინტელექტუალური იუმორი აქვს. მინდა, მეც მას ვგავდე.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- არაერთხელ მიტირია. თუ წიგნს ემოცია არ მოაქვს, ძნელია, წაიკითხო. ცრემლი რატომ უნდა დამალო?

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- როცა ვკითხულობ, ვიცი, პერსონაჟები როგორ გამოიყურებიან, მათ ჩემს წარმოსახვაში ვხედავ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანში ჩემი მსგავსი ადამიანი დამინახავს.

- შეგიძლია, საფულიდან ბოლო "კაპიკები" ამოიღო და წიგნში გადაიხადო?

- დიდი სიამოვნებით. რაც მინდა, წიგნი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა ნივთი, მასში თანხის გადახდა არასდროს მენანება.

- ფრანგი მადამ დე სტალი წერდა: "რაც უფრო კარგად ვიცნობ მამაკაცებს, მით უფრო მომწონს ძაღლები. როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა... აღმოჩნდება ხოლმე". დაასახელე სიტყვა, რომელიც გამოვტოვე.

- შეუძლო.

- "უწიგნური". ასეთი ადამიანები შენს ცხოვრებაშიც ყოფილან?

- ალბათ ყოფილან და ჩემს თვალებშიც რაღაცების ამოკითხვა გასჭირვებიათ, მაგრამ მხოლოდ უწიგნურობაში არაა საქმე. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ფსიქოლოგის მოსაზრებებს ვკითხულობდი. ის ამბობს, რომ არსებობენ ქალები ვენერიდან, მამაკაცები - მარსიდან. რეალურად, მარსი და ვენერა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ვენერა ქალების პლანეტაა, მარსი - მამაკაცების. ყველა ქალი ხომ რომელიღაც მამაკაცის მეორე ნახევარია, ამავე დროს, ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ხომ შეიძლება, რაღაცები ვისწავლოთ? ვერ ვსწავლობთ და ერთმანეთისთვის მაინც ამოუცნობებად ვრჩებით.

- ასე უფრო საინტერესო არ არის?

- რა თქმა უნდა.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლე.

- საკურას ტოტი, ბრინჯის ყვავილი, ქრიზანთემა. რის სიმბოლოს წარმოადგენენ ეს მცენარეები იაპონიაში?

- მგონი, წელიწადის დროების, არა?

- გამოიცანი. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- თებერვალში.

- მხოლოდ თებერვალში?

- რა, ასე არ არის? (ფიქრობს) რა სისულელე ვთქვი, 28 რიცხვი ყველა თვეშია.

- ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრანსუა მორიაკი წერდა: "იმდენად დიდია ჩემი სიყვარული მისდამი, რომ ფრიად მოხარული ვარ მისი ორად გაყოფის გამო". რომელი ქვეყნის შესახებ წერდა ამას მორიაკი?

- გერმანიის, რადგან ერთხანს ეს ქვეყანა ორად იყო გაყოფილი.

- ამ მდინარეს 300 შენაკადი აქვს, მას ევროპის დედამდინარესაც უწოდებენ. სიგრძით მხოლოდ ვოლგას ჩამორჩება. რომელ მდინარეზეა ლაპარაკი?

- დუნაიზე.

- ამ მდინარეზე არასდროს გისეირნია?

- არა, მე სენაზე ვისეირნე. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ყველამ შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგი კარგია 1 კვირით, ზოგი - 1 თვით. ფანტასტიკური ქვეყანაა ისრაელი.

- ამ ზაფხულს დასვენებას სად აპირებ?

- არ ვიცი, ისრაელში წასვლას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ბათუმსა და კვარიათს აუცილებლად ვესტუმრები.

- რომელია ბრაზილიის დედაქალაქი?

- ბრაზილია.

- რომელ ოკეანეშია სეიშელის კუნძულები?

- ინდოეთის ოკეანეში.

- რა ჰქვია ჯანმრთელობის ღმერთს ბერძნულ მითოლოგიაში?

- არ მახსოვს.

- ჰიგია. ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- მამალი.

- არსებობს თუ არა ისეთი ციფრი, რომლის დასახელება იმდენივე ასოსგან შედგება, რამდენსაც თავად ეს ციფრი გამოხატავს?

- (პაუზის შემდეგ) 4.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს ნადირობა, დღესასწაული, შეხვედრები... შეიძლება, უმიზეზოდაც გააკეთო. რაზეა ლაპარაკი?

- ალკოჰოლის მიღებაზე, ვცდები?

- სწორი პასუხია. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- დღესასწაულებზე 1-2 ჭიქას დიდი სიამოვნებით მივირთმევ.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს, სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს იგი?

- მგონი, თავს იკლავს.

- ადამიანის რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- ზუსტად არ მახსოვს.

- თირკმელზედა. ექსტრემალი ხარ?

- ნაკლებად.

- "ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს". დაასახელე ამ სიტყვების ავტორი ქართველი კლასიკოსი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ძველ რომში რომაელი ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ. სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. ამის გამო გაჩნდა გამოთქმა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომელ გამოთქმაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით, ამ სახელწოდების სპექტაკლიც იდგმებოდა.

- "ეზოში ავი ძაღლია".

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-ის და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- ერმიტაჟში

- საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეები?

- ხევსურეთში.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან. მათ ვიღაც დაემგზავრებათ და ჰკითხავს, - ერთმანეთის რა ხართო? - ქალი ეტყვის, ამ კაცის დედა დედაჩემის დედამთილიაო. ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის?

- და-ძმა.

- ცდები.

- (ფიქრობს) მამა-შვილი გამოდიან.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის მარგო?

- თეიმურაზი ხევისთავი იყო და მარგოს გვარი ნამდვილად არ მახსოვს.

- ყაფლანიშვილი. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნით ადრე სარეცელი 122 ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნებიც. მოძალადე არ ყოფილა, "მსხვერპლის" უმეტესობას ის უყვარდა. მიპასუხე, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- დაბოლოს, დაასრულე შექსპირის ცნობილი გამონათქვამი: "ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი..."

- "...მხარში არ უდგას".

- "...თუ კაცი სუსტია".

- ამ გამონათქვამს არ ვეთანხმები. XXI საუკუნეში ფემინიზმი მძვინვარებს.

- ფემინისტი ხარ?

- არა. მაგრამ ვთვლი, რომ მამაკაცებს ზოგჯერ მხარი ჩვენც რომ შევაშველოთ, ურიგო არ იქნება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება